თამარ კანკავა რაჭის მკვიდრი გახლავთ. ის პირველი იყო, ვისაც შოვის ტრაგედიის შემდეგ მოხალისეობის სურვილი გაუჩნდა. თამარს სხვებიც აჰყვნენ და დღეს სამოქალაქო აქტივისტების დიდი ჯგუფი ცდილობს მაშველების, მოხალისეების და იქ მყოფი ადამიანების დახმარებას. საველე სასადილოში მუშაობა არ წყდება...
- უკვე 4 წელია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო თლუღში ვცხოვრობ. სანამ ეს უბედურება თავს დაგვატყდებოდა, ზუსტად შოვი კოტეჯების ტერიტორიაზე, 3-4 დღის განმავლობაში, რაღაც სემინარებს ვესწრებოდი. შესანიშნავ გარემოში კარგი დრო გავატარე. იმ ემოციის გამოძახილი იყო, რომ იქ დაბრუნებას 15 აგვისტოს ვაპირებდი, რადგანაც ჩემი შვილი, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა, მაგ დღეს 15 წლის ხდება. მოკლედ, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მქონდა, მინდოდა, შოვში სიურპრიზი მომეწყო. მთელი დღეების განმავლობაში ამ საკითხს ვუტრიალებდი, რაღაც ვარიანტებს განვიხილავდი. იმ დღეს, ამბროლაურში მომიწია საქმეზე წასვლა, თორემ წესით, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი.
- მოხალისეობის სურვილი როგორ გაგიჩნდათ?
- ამ ტრაგედიის შესახებ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე, მერე მაგ ტერიტორიაზე ბევრი ნაცნობი იყო, ზოგი პიკნიკზე, ზოგი ისვენებდა და ამან შემაშფოთა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტიქიის პერიოდში იქიდან გასულები იყვნენ. ინტერნეტიდანვე გავიგე, რომ "სანსეტ შოვში“ ადამიანები ვერტმფრენებს და შველას ითხოვდნენ. ძალიან სტრესული იყო ის მომენტი, რომ ხალხი საათების განმავლობაში შველას ითხოვდა. ზოგჯერ 5 წუთსაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის 5 წუთი 5 საათი ხდება...
ყველანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. თუმცა თავიდან კარგად ვერც გავაცნობიერე და აღვიქვი, რა მოხდა. ვფიქრობდი, რომ "სანსეტ შოვის“ ტერიტორიის მცირე მონაკვეთზე იყო რაღაც მომხდარი. იმ ღამეს რაჭაში და საქართველოში მგონი, არავის ეძინა. მეორე დილა რომ გათენდა, უკვე დაღუპულების შესახებაც შევიტყვეთ...
მოუსვენრად ვიყავი, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა და არ ვიცოდი, რა. სამძებრო სამუშაოებში ვერ ჩავერთვებოდი, ამის არც კომპეტენცია მაქვს და არც ფიზიკური მომზადება, ეს გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. შოვამდე მომლოდინეთა რიცხვი დიდი იყო, მათ შორის ჟურნალისტებიც იყვნენ და რაჭველების ჯგუფში სტატუსი დავწერე, - მოხალისედ მივდივარ, თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, იქნებ გამომყვეთ, მარტო წასვლა არ მინდა. არანაირი თანხა საჭირო არ არის-მეთქი.სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე ჩემი საკუთარი ფული მქონდა.
თითქოს ვიცოდი კიდეც, პირველი ვინც გამომეხმაურებოდა და ასეც მოხდა, ეთო არსანიძე, ჩემი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი, რაჭის სათემო ორგანიზაციის (არასამთავრობო) ხელმძღვანელი. ეთომ მითხრა, მოვდივარო. ამბროლაურში შევხვდით და სანამ შევხვდებოდი, ანგარიშზე რამდენიმე ათასი ლარი ხალხმა უკვე გადმორიცხა. ეთოს ბევრჯერ აქვს საქველმოქმედო აქტივობები ჩატარებული და სავარაუდოდ, მისი ანგარიშის ნომერიც არაერთმა ადამიანმა იცოდა. შემოსული თანხით პირველადი მოხმარების ნივთები შევიძინეთ. ადგილობრივი მეწარმეებიც გამოგვეხმაურნენ, რაღაც პროდუქტები გაგვატანეს. ყველაფრის მობილიზება ძალიან სწრაფად მოხდა. ხალხი გზაში გვხდებოდა, ვიღაცები გვირეკავდნენ და აქ ამ ადგილას დაგხვდებით, პროდუქტებს გაგატანთო..
- ბაზარში ბებოებმაც გადაწყვიტეს დახმარება და თანხის გარკვეული რაოდენობაც გადმოგცეს. ამაზე დაწერილი თქვენი პოსტი სოციალურ ქსელს სწრაფად მოედო...
- რომელსაც კარგთან ერთად, ნეგატიური გამოხმაურებაც მოჰყვა. იმისთვის გამკიცხეს, ბებოებს ხურდა ფული რატომ გამოვართვი, მათ ხომ ის თვითონაც სჭირდებათო?!
წარმოშობით რაჭველი არ ვარ, ჩემი მეზობლებისგან ბევრ რაღაცას ვსწავლობ, მათ შორის, აქაურ ადათებს. რაჭაში წლების წინ ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მეზობლების გაცნობის ეტაპი მქონდა. ერთ-ერთმა ბებომ საკუთარი ნაწარმი, მოსაკითხი მომიტანა. გულწრფელობა მახასიათებს, ამიტომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამიხარდა, მაგრამ ამ პროდუქტს ჩემთან არავინ მიირთმევს და რომ არ გავაფუჭოთ, შევაპარე, ხომ არ ჯობია, უკან გაგატანოთ და სხვას გაუმასპინძლდეთ-მეთქი?! ძალიან ეწყინა...
მერე მეზობლის ქალბატონებმა ამიხსნეს, არავითარ შემთხვევაში ასეთი რამ მეორედ არ გააკეთოო... ჰოდა, იმ ბაზარში იყო ერთი ადამიანი, რომელმაც 25 თეთრი მომცა. ეს იმხელა ემოცია იყო. იმ 25 თეთრს გაცილებთ მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე ვინმეს მილიონი რომ გადმოერიცხა. ბაზარში ბებოებმა ჯიბეები მოიჩხრიკეს. მათ არ ვიცნობ, მაგრამ რომელიღაცამ მიცნო, უარი არ გვითხრა, რაღაცებს რომ ყიდულობ, გამოგადგება, მაგ საქმეში ჩვენი მისხალიც იქნებაო. ჩემი უარი მათთვის დიდი შეურაცხყოფა და უპატივცემლობა იქნებოდა. ჯამში სულ 19 ლარი და 25 თეთრი იყო.
- ალბათ, ასეთ უარყოფით კომენტარებს არც ელოდით...
- უსიამოვნო იყო ნამდვილად იმის წაკითხვა, ეს რა ადამიანი ვარ, როგორ გამოვართვი, ან რა გამოსაქვეყნებელი ფოტო იყო, პიარისთვის და ლაიქებისთვის რას არ კადრულობენო... ყველაზე მძიმე მაინც ეს იყო - ეგ თანხა თუ ასე გჭირდებოდა, ანგარიშის ნომერი დაწერე და ჩაგირიცხავთო...
- მოკლედ, სოფელ გლოლას ტერიტორიაზე ხართ დაბანაკებული და იქ არის ახლა თქვენი საველე სასადილო...
- კი, სოფელ გლოლას ტერიტორიაზე, სოფლის ბოლოს, სადაც ტრაფარეტია, იქვეა მდინარე დღვიორა. ხიდს როგორც კი გადახვალთ, შოვი იწყება და აქ გვაქვს საველე სამზარეულო. თავიდან მე და ეთო ვიყავით, შემდეგ აქტივისტები სამეგრელოდან და სვანეთიდან ჩამოვიდნენ, ალექსანდრე შანავა და ვიკა ფილფანი. ჩვენი აქტივობის პირველ დღეს, იქ იმ ტერიტორიაზე ყველას მივაწოდეთ ადგილობრივების მიერ მოწოდებული საკვები, წყალი ანუ მოხალისე მაშველებს. ისეთი დაღლილები იყვნენ, ჭამის თავიც არ ჰქონდათ. ხალხი განადგურებული იყო...
- გარდა მშრალი საკვებისა, ცხელ კერძებსაც უმზადებთ, ხომ?
- კი, რატომღაც მე და ეთომ მოვიფიქრეთ და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ცხელი სადილიც დაგვემზადებინა, რასაც სხვებმაც დაუჭირეს მხარი... 2 კაცის დაწყებული საქმე დიდ აქტივობაში გადაიზარდა. 25 კაცამდე ვართ. ჯგუფში მორიგეობაა, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან. მოქალაქეებს თავიანთი სურვილით მოაქვთ საკვები, წყალი, გვიგზავნიან პროდუქტებს. ამიტომ, იმ ტერიტორაზე, სადაც ვართ დაბანაკებულები, მარაგისთვის საწყობიც შეიქმნა. იმ ადამიანს, დამხმარე ნაგებობა ჰქონდა და ვუთხარით, მოგვაქირავეთ-თქო. რას ჰქვია, მოგვაქირაოთ, ამაში თანხმა როგორ უნდა ავიღო, ხალხის დასახმარებლად ხართ მოსულიო. მერე სახლიც დაგვითმეს. ჩვენი რუსიკო ბებო და უკვე ყველას ბებო დიდ საქმეს აკეთებს. აქტივისტები უმეტესად მასთან ვართ.
ახალგაზრდებიც არიან, ჩემი შვილის ტოლები, ძალიან ენერგიულები, მოწესრიგებულები, მოტივირებულები, რაც ყველას დიდ ენერგიას გვაძლევს... ჩემთვის მთელ ამ ამბავში მნიშვნელოვანი და გულისამაჩუყებელია სწორედ ეს ერთიანობაა - ასაკით, შეხედულებებით, ქცევით განსხვავებული ადამიანების ერთსულოვნება და ერთიანობა.... შიდა ტერიტორიაზე ვინც მუშაობს, მათ ცხელ კერძს ვუგზავნით. ამას იმ ადამიანებისთვის შემავსებლის ფუნქცია აქვს. მართალია, ცვლაში მუშაობენ, მაგრამ თუნდაც რამდენიმე საათი ასეთი დატვირთვით მუშაობის და ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფებს სწრაფად ენერგიის აღდგენაში გვინდა, დავეხმაროთ. ჰო, მის მოსამზადებლად დიდი ზომის ქვაბი იყო საჭირო და ამაში ჩემი სოფელი, მეზობლები დამეხმარნენ, გაზის მოწყობილობაც, რაზეც დიდი ქვაბი იდგმება, ისიც მეზობელმა გამომატანა...
მაშველები რასაც ჩვენგან ელოდებიან, ეს მხოლოდ საკვები არ არის, მათ სჭირდებათ სოლიდარობა, რომ მათზე ზრუნავენ, ფიქრობენ. ეს მუხტი ჩვენგან მიიღეს. ჩვენგან საკვები მოხალისეებს ალპინისტებს (4 ბიჭი) მიაქვთ. რაღაც ეტაპამდე მიდის მანქანა, მერე ბიჭები ფეხით და ტვირთით რთულ გზაზე მიდიან...
მეორე დღეს უკვე გველოდნენ, მესამე დღეს ცოტა რომ შეაგვიანდათ, დაგავიწყდითო? - იხუმრეს. მშივრები კი არ არიან, ასეთი ემოციის გაზიარება სჭირდებოდათ. ყველას ერთნაირი ემოცია გვაქვს და ემოციებს ასე საკვების კონტეინერებით ვუცვლით.
- მაშველების ემოციური მდგომარეობა მართლაც მძიმე იქნება...
- როგორც იცით, ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე გარდაიცვალა. ეტყობა, მისმა გულმა ამ საშინელების ყურებას ვერ გაუძლო. სამი შვილის მამა, ასეთი ადამიანური ბევრი არ შემხვედრია. ჩემს მეზობელ სოფელში ცხოვრობდა, სამსახურებრივად მაგ ადანიანთან რამდენჯერმე გადავიკვეთე. მერე აქ შევხვდი და სულ ვხედავდი, როგორ განცდებში იყო... როცა სამი შვილის მამა ხარ, ამ ყველაფერს უემოციოდ ვერ შეხედავ. ბევრი ადამიანი, ვინც აქ არის, ვერ უძლებს, ცუდად ხდება და სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. მართლა ძალიან მძიმე სიტუაციაა გონებისთვის რთულად აღსაქმელია... ჩვენ რაც შეგვიძლია, ენერგიას არ ვზოგავთ.
ქართველი საქართველოში ქართველბის დასახმარებლად გულზე უკრაინის დროშით! უკვე ამაზრზენი ხდება ეს მოდა
ბერამ გადარიცხა მილიონი