80-იანი წლების სერიალ "დინასტიის" ვარსკვლავმა ჯოან კოლინზმა ინტერვიუ მისცა The Times-ს. ჟურნალისტთან საუბრისას მსახიობმა, რომელსაც მაისში 90 წელი შეუსრულდა, ისაუბრა გასტროლებზე, ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრების წესზე, რომლის მოსაპოვებლადაც ბევრი შრომა დასჭირდა, ხუთ ქორწინებასა და მოძალადე ქმრებზე.
ჯოან კოლინზი პოპულარული 80-იან წლებში სერიალ "დინასტიით“ გახდა, ვარსკვლავმა ელექსისის როლისთვის "ოქროს გლობუსიც" კი მიიღო. მოგვიანებით უმცროსი დის, მწერალ ჯეკი კოლინზის მსგავსად, მანაც დაწერა თავისი პირველი წიგნი, Prime Time, რომელიც ბესტსელერი გახდა, შემდეგ კი კიდევ რამდენიმე წიგნი და ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა. კოლინზმა არა მხოლოდ ეკრანზე შექმნა გლამურული ქალის იმიჯი, არამედ ცხოვრებაშიც.
ჯოან კოლინზის პირველი ქმარი იყო ირლანდიელი მსახიობი მაქსველ რიდი. როდესაც ისინი შეხვდნენ, კაცი 31 წლის იყო, ჯოანი კი 17-ის. "ჩვენი "რომანტიკული" ისტორია იმით დაიწყო, რომ რიდმა პირველ პაემანზე გამაუპატიურა, რის მერეც "სირცხვილის“ გამო დავთანხმდი ქორწინებას", - ყვება ჯოანი.
წყვილი 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთად. კოლინზის პირველი ქმარი 1974 წელს 55 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
ჯოან კოლინზი მეორედ მომღერალსა და მსახიობ ენტონი ნიულისზე დაქორწინდა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი - ალექსანდრე და ქალიშვილი - ტარა. მოგვიანებით ყოფილ ქმარს გენიოსი, მომხიბვლელი, მაგრამ მატყუარა უწოდა.
"ჩემმა შვილებმა მემკვიდრეობით მიიღეს მისგან ბრწყინვალება და ხიბლი. მაგრამ ის ვერ იქნებოდა კარგი მამა ან კარგი ქმარი, რადგან გატაცებული იყო ქალებით“, - ამბობს მეორე ქმარზე ჯოანი.
მსახიობის მესამე ქმარი, Apple Records-ის სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი რონ კასი გახდა, რომელთანაც ჯოანს კიდევ ერთი შვილი, ქეითი შეეძინა. კაცმა ქორწინების დასასრულს ჯოანი უსახსროდ დატოვა.
მეოთხე ქმარი, შვედი მომღერალი პიტერ ჰოლმი, მასზე 15 წლით უმცროსი იყო. მართალია, ის მუდმივად სერენადებს უმღეროდა, მაგრამ ჯოანი მას სოციოპათად მოიხსენიებს.
ახლა ჯოან კოლინზი დაქორწინებულია თეატრის 58 წლის რეჟისორ პერსი გიბსონზე, რომელიც 2000 წელს, სპექტაკლში Love Letters თამაშისას გაიცნო. პერსი ამ სპექტაკლის პროდიუსერი იყო.
მსახიობი ხუმრობით იხსენებს, რომ თავიდან ფიქრობდა, რომ მისი ამჟამინდელი ქმარი გეი იყო. ერთ დღეს გიბსონს სთხოვა, მისთვის თვალის ლაინერი ეყიდა, მან კი ტუში მიუტანა.
"ვმუშაობ, რადგან საარსებო მინიმუმი უნდა ვიშოვო. მაოცებს, როდესაც ხალხი ფიქრობს, რომ ბევრი ფული მაქვს. ვმუშაობ იმიტომ, რომ მიყვარს. მოუთმენლად ველი ტურის დაწყებას, რადგან ის ასევე მოქმედებს ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე...“
ჯოან კოლინზმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საკმარისად მდიდარი არ არის პენსიაზე გასასვლელად, თუმცა კინო ინდუსტრიაში 1950-იანი წლებიდან მუშაობს. მსახიობს აქვს უძრავი ქონება ლონდონში, ლოს ანჯელესსა და კოტ დ'აზურში.
როდესაც "დინასტიაში“ ჩემი გადაღება დაიწყეს, ფულს ვზოგავდი. მაშინ მესამედ გავთხოვდი - ცოლად გავყევი რონს, ამ დროს ჩემი ქალიშვილი ქეითი, რვა წლის იყო. ლონდონში ვბრუნდებოდით და ვიღაცამ ჩაიცინა: "ელექსის კოლბი მესამე კლასით მგზავრობს? - ეს შესაძლებელია?"
ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი, - მეტად აღარ დავზოგავ, ვიმსახურებ იმ ცხოვრების წესს, როგორც ჩემი გმირი ცხოვრობს - მეთქი...
კოლინზს არ ადარდებს ასაკი და არ ეშინია სიკვდილის. ”ამაზე არ ვფიქრობ”, - თქვა მსახიობმა და არ ისურვა ინტერვიუში ჯეკის, დის გარდაცვალების შესახებ ესაუბრა. ქალი 2015 წელს, ძუძუს კიბოს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. დების დედაც მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მას შემდეგ, ჯოანი რეგულარულად გადიოდა შემოწმებას. მისმა დამ როდესაც აღმოაჩინა დაავადება, მკურნალობა დაგვიანებული იყო. კოლინზის თქმით, მას არ უყვარდა პრობლემების გაანალიზება, "სირაქლემასავით თავს ქვიშაში მალავდა...“