ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ლესიჭინეს სკოლის მოსწავლეები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ლია ჯალაღონიას თქმით, დაშავებულს თავის მსუბუქი ტრავმა აღენიშნება და მან კლინიკა უკვე დატოვა.
"რვა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. სულ 6 მანქანით იყვნენ წასული. მშობლებიც ახლდათ. საჭესთანაც სრულწლოვანი იჯდა. აქედან პოლიციამ გააცილა, რამდენადაც ვიცი. დაშავებული მხოლოდ ერთი ბიჭია, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოწერეს, სხვა არავინ დაშავებულა. ყოველ წელს ასეთი შემთხვევა ხდება და უნდა ვიბრძოლოთ მსგავსი ტრადიციის მოსაშლელად. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ლია ჯალაღონიამ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ყოჩაღ
აკრძალეთ ეს უგუნური,გიჟებივით მანქანით სიარული! რა არის ეს,რას გავს,მანქანიდან ნახევრად გადმოსული ბავშვები მაისურებით! შსს იმოქმედეთ და აკრძალეთ. ადრე არ იყო ასეთი უაზრო და საშინელი ტრადიცია!!!