15 თებერვალს, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებული რიგით მესამე რეზოლუცია მიიღო, რომელიც მის წინამორბედზე მეტად გამკაცრებულია. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. ასევე, ევროპარლამენტის რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს.
"ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა. კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლოს რაც ხდებოდა: გადაიცემოდა ხოლმე სსრკ-ის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა ევროპარლამენტში დღესაც და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაშიც, რაც კატასტროფაა,“ - განაცხადა რეზოლუციაზე საუბრისას "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ბევრისთვის განსაკუთრებულად გამაოგნებელი იყო "ქართული ოცნების" გენმდივნის და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, თუ არ მოგვცემენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თავისთვის დაიტოვონო და ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო...
არანაკლებ მწვავეა და კრიტიკული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ ეფუძნება რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას.
"განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება FARA-ს, აშკარად მცდარია. ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
რისი მომტანია და რას შეცვლის ევროპარლამენტის გამკაცრებული რეზოლუცია, რას ემსახურება და სადამდე გაგრძელდება ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, ან რისი მომტანია რუსულ კანონმდებლობას მორგებული კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ინიციატორების მტკიცებით, "უცხოელი აგენტების გამოვლენას“ შეუწყობს ხელს, ამ კითხვებზე ambebi.ge-ს GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობენ.
გიორგი კობერიძე:
"საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ევროპისა და ევროკავშირის ინსტიტუციებისადმი ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად აგდებული და ნეგატიური გახდა. ეს იმის ფონზეც ხდება, რომ აშშ-ს მხრიდან თითქოს საქართველოს მიმართ დაინტერესება შედარებით შემცირდა (ყოველ შემთხვევაში, განცხადებები შემცირებულია), რის გამოც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ მას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა საგარეო პარტნიორებთან შეუთანხმებლად იმოქმედოს და მისი საგარეო პოლიტიკა გახდეს იმგვარი, რომელიც თანხვედრაში მოვა კონკრეტულად მის პარტიულ და არა სახელმწიფო ინტერესებთან.
საქართველოს ხელისუფლება რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდეს, დიდწილად მის პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებაზე არ იზრუნებდა, პირიქით იმოქმედებდა. ამ ყველაფერს კარგად ხედავს ევროკავშირიც, სადაც ინფორმაციული დეფიციტი ნამდვილად არ არის, ეს ინფორმაცია გროვდება და ამაზე ხდება რეაგირება. ეს რეზოლუცია არის მხოლოდ დასაწყისი იმ კამპანიისა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა, მაგალითად, იმავე მოლდოვაში იგორ დოდონის ხელისუფლების დროს, რის გამოც არაერთი გაფრთხილება, მითითება და შენიშვნა მიეცა მოლდოვას - დასავლეთთან პარტნიორობა თუ სურდა, მისი ქმედებები უნდა ყოფილიყო კოორდინირებული დასავლეთთან. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ევროკავშირის პოზიციას. ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესში ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაიჩაგრება, ვინაიდან მასზე გადადის ევროპიდან წამოსული დახმარებები, შანსები, სამუშაო ადგილები, უვიზო მიმოსვლა...
ეს ყველაფერი ხომ რეალურად ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია? გასაოცარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა ისე უყურებს დასავლეთის ქვეყნებს, გეგონება, მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა კრებულთან გვქონდეს საქმე. ხშირად მითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ათამაშებს იმ კარტს, რომ ცდილობს დამოუკიდებელ, სხვებთან თავჩაუხრელ მოთამაშედ იყოს წარმოდგენილი. ეს გასაგებია, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო არავის მორჩილი არ არის, მას თავისი სუვერენიტეტი გააჩნია და ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ხელისუფლება ამ კარტს თამაშობს რატომღაც მხოლოდ საქართველოს პარტნიორებთან, მაგრამ არა საკუთარ მოწინააღმდეგესთან - რუსეთთან, რომელთანაც ყოველთვის დაყვავებაზე მიდის, ცდილობს ეს ყველაფერი შეფუთოს ეკონომიკური, კულტურული, სპორტული აქტივობით. ეს უკვე აღარ არის დამოუკიდებლობის კარტის თამაში. საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ არასდროს ევროპელებს არ უთქვამთ რაიმე ნეგატიური, პირიქით, იმაზეა საუბარი, რომ საქართველოს არჩევანი იყო დასავლეთთან ურთიერთობა და თუ გინდა ამ დიდ ერთობაში ყოფნა, ამ ერთობას აქვს თავისი თამაშის წესები, ან თამაშობ ამ წესებით, ან არ ხარ ამ გუნდის წევრი. ევროპელები ამბობენ, რომ ითამაშეთ ევროპულად, მეტი არაფერზეა საუბარი.
ეს ყველაფერი გეგმაზომიერი კამპანიაა, მეტსაც გეტყვით: რომ ავიღოთ რუსული კანონპროექტი, რომელიც ახლა დადგა დღის წესრიგში, ესეც იმ ლოგიკას ემსახურება, რომ ყველა ოპონენტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ იყოს უფრო სამართლიანი, გამჭვირვალე, ხალხის და სახელმწიფოს პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული, ამ ხალხს მარტივად შეაფასებენ, როგორც უცხოელი გავლენის აგენტები და, შესაბამისად, მათ შეზღუდვას დაიწყებს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული კანონპროექტი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ ფასეულობებთან.
როცა ვლაპარაკობთ დასავლეთზე, იმაზე არ ხდება ხაზგასმა, რომ ეს თხოვნები და მითითებები ჩვენს ინტერესებშია. ის, რომ ქვეყანაში იყოს კარგი სასამართლო, თავისუფალი მედია, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო და ა.შ. - ამის მოთხოვნა პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში არაა? შესაბამისად, თუ კი რაიმე ჩვენს ინტერესშია და ამას ხელისუფლება არ ახორციელებს, გამოდის, რომ ისინი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან არ არის თანხვედრაში. ამიტომაცაა ეს ყველაფერი საშიში. საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობაში სრულ ნიჰილიზმს თესავს, უპირისპირდება პარტნიორებს და რჩება სრულიად მარტო, როგორც 90-იანების დასაწყისში ვიყავით და ამით, საბოლოოდ, ვინც ამით პირდაპირ, თუ ირიბად ისარგებლებს, არის რუსეთი. ჩვენ ძალიან ცუდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გზას გავდივართ, თორემ, აქ იმაზე არავინ საუბრობს, რომ არ შეიძლება ევროპას შეეშალოს. რასაც ისინი გვეუბნებიან, ჩვენ მათ გარეშეც შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ და გავაკეთოთ. ევროპელი რომ იყო, შესაბამისად უნდა იქცეოდე“.
ვახტანგ ძაბირაძე:
"ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციებიდან თუ გამოვალთ, სააკაშვილთან მიმართებაში რაიმე რეალურ და ქმედით გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველი.
რაც შეეხება იმას, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი ვენდეტა, ამას ვერ გავიზიარებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება - შექმნას ისევ ის გარემო, რასაც ჰქვია დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობასა“ და ხელისუფლებას შორის და არა იმისთვის, რომ ივანიშვილმა სააკაშვილზე შური იძიოს.
იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც "ოცნება“ ახორციელებს, მას სააკაშვილი ციხეში სჭირდება 2024 წლის არჩევნებისთვის რომ გამოიყენოს. რაც ის დააპატიმრეს, ყველა საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, გადაფარულია მხოლოდ სააკაშვილის თემით, შესაბამისად, ასეთ კომფორტულ ვითარებას "ოცნება“ რატომ დათმობს? სააკაშვილს 2 შემთხვევაში შეელევა "ოცნება“:
1. თუ რეალურად დადგება მისი სიკვდილის საფრთხე.
2. დასავლეთიდან ქვეყნის მიმართ თუ იქნება ეკონომიკური და სოციალური დახმარების შეწყვეტის სერიოზული საფრთხე.
თუ შევხედავთ, რაც ხდება ენმ-ში, ხელისუფლება კარგად მუშაობს და ქმნის ალტერნატიულ სააკაშვილს ხაბეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილის სახით. ისინი ალბათ მიიჩნევენ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება მოუწიოთ სააკაშვილის გაშვება, ამიტომ მისი ჩანაცვლებისთვის ქმნიან საფუძვლებს. რადგან საქართველო დღეს სანქციებს არ უერთდება, ეკონომიკური და სოციალური კავშირები, რასაც დასავლელი პარტნიორები ჩვენთვის აკეთებენ, თუ ეს დახმარებები არ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მანამ შეიძლება "ოცნებამ“ ეს თემა არც განიხილოს.
ხუნდაძემ და მაჭარაშვილებმა თურმე უკეთესად იციან ევროპული ღირებულებები, ვიდრე ევროპამ. ასევე, მათ უკეთესად იციან ამერიკის კანონმდებლობა და თურმე ისეთივე კანონპროექტი უნდათ მიიღონ აგენტების გამოსავლენად. ეს პიარის ნაწილი მგონია, ამის შემდეგ მათ უნდათ ილაპარაკონ არა როგორც არასამთავრობოებზე და მედიასაშუალებებზე, არამედ "უცხოელ აგენტებზე“. ევროპულ სტანდარტებში არა, ხუნდაძის სტანდარტებში ჯდება ისეთი არჩევნები, როგორითაც ხუნდაძემ მოიგო მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში, მას და მისიანებსაც ასეთი დემოკრატია უნდათ საქართველოში.
ახლა მთავარია, ეს კანონპროექტი "გააძვრინონ“ და მერე მასში რა შესწორებებს შეიტანენ, ვინ იცის, მით უმეტეს, დღევანდელი ჩვენი ოპოზიციის ფონზე, რომელიც არც ჭრის და არც კერავს. ერთადერთი, რითაც დღეს "ქართულ ოცნება“ ძალაუფლებას ინარჩუნებს, ის არის, რომ ოპოზიციაში არის სრული ქაოსი. ოპოზიცია თავის საქმიანობას არ აგებს პრაგმატულად და მართლაც რა უნდათ პარლამენტში, უკვე აღარ ვიცი. მათი შესვლის მომხრე ვიყავი, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ იქ ისხდნენ და თვლემდნენ. იმედი მაქვს, ან ოპოზიცია მოვა აზრზე, ან ჩვენი საზოგადოება, ან ორივე ერთად, თუ არა და დაველოდოთ უკრაინაში როგორ დასრულდება ომი და ამის შემდეგ რაღაც ახალი გამოჩნდება. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგალითად, როდესაც ხარ ოპოზიციური ან დამოუკიდებელი მედია, უნდა იყო ყველას მიმართ კრიტიკული და მართალი. ის, რომ "ოცნება“ არ ვარგა, გასაგებია, მოსახლეობის 2/3-ს არ სჯერა, რომ ის რაღაცას წესიერად აკეთებს, მაგრამ მას არც იმის სჯერა, რომ ენმ თუ დაბრუნდა ხელისუფლებაში, დემოკრატია იზეიმებს. ეს ვითარება შექმნა ოცნებამ - ზოგი მოისყიდეს, ზოგი დააშინეს, ზოგის სიბრიყვე გამოიყენეს, ყველაფერი ერთად კი გამოვიდა ისე, როგორც არის.
თუა შესაძლებელი, ოპოზიციამ და საზოგადოებამ უნდა მოძებნოს თავის თავში ძალა, რომ არა მარტო "ოცნება“, არამედ "ნაციონალური მოძრაობაც“ გვერდზე გასწიოს და გამოვიდეს ასპარეზზე ახალი ძალა“.
იხილეთ ასევე:
ისინი თავად აყურებინებენ ასე
ჩვენი ექსპერტები მართალია ავრორას გასროლის დროიდან დგანან რეჟიმის სამსახურში, ნამსახურეობისა ეკუთვნით უკვე, მაგრამ თქვენი ნამსახურების არა ხალხო, თქვენ ესენი გკვებავენ საკენკით, თავი რომ მაღლა არ აწიოთ, სიმართლეს კი უექსპერტოებადაც ყველა კარგად ხედავთ, ძირს ძევს და თავდახრილებიც ხედავთ : ეს სისტემა ბერწია და ის გამორიცხავს ეკონომიკურ წარმატებას და საყოველთაო კეთილდღეობას - სახელმწიფოს ფუნქცია რეპრესია ექსპროპრიაცია და მმართველი კლანის დაცვაა ხალხის მძვინვარებისაგან! აქ ხალხი დატუსაღებულია, აღარ ქმნის, რაც შექმნეს, წაართვეს! პარპაშებს ბანკოკრატია, სამოხელეო პლუტოკრატიული ოლიგარქია და სამართალდამცავ მაკონტროლებელ დამსჯელ მიმსჯელი სისტემა! დარღვეულია განვითარების მთავარი პრინციპი - სახელმწიფოს და რიგითი მოქალაქის ურთიერთმიმართების ბალანსი, აქ პრიორიტეტი გადახრილია ზედამხედველად ქცეული, გაქსუებული, უსაქმური და ფუქსავატი კომკავშირულ ფესვებიანი კასტის მხარეს, ის მითვისებული ძალით და უფლებით ჩვენთან ყოველთვის "მართალია"! ამერიკას ეგ საკითხი უბრწყინვალესად აქვს გადაწყვეტილი -ნებისმიერი ადამიანი, უმუშევარიც და პენსიონერიც, გადასახადის გადამხდელია, ის დღგ-ს, ან ბრუნვის გადასახადს იხდის დახლთან, რესტორანში, საპარიკმახეროში და ასე შემდეგ, სანამ მოკვდება სულ იხდის, ვგონებ მერეც! ამიტომ იცავს მას ყოველნაირად ამერიკა, ყველა შესაძლო შემთხვევაში იცავს, უფრთხილდება როგორც თვალის ჩინს და აძლევს მას საშუალებას ქმედითი საპირწონე შეუქმნან მთავრობას, ხელისუფლებას, სახელმწიფოს! განვმარტავ: მცირეს გამოკლებით ყველა ამერიკელი ბიზნესმენიცაა, არ არსებობს ამერიკელი რამეს არ 'ხლაფორთობდეს", აი თუნდაც პენსიონერი, ან დროებით უმუშევარი-იყიდა აქცია მაგალითად მაკდონალდსის-მორჩა, საქმეშია, მას დაცვა სჭირდება მაკდონალდისის, მაპატიეთ და ისე ვამბობ უტრირებით, გაქნილი მენეჯერებისაგან, რომ ხელოვნურად წაგებაზე არ დასვან კომპანია, დიდი ხელფასებით, ჯიპშავნაღარებით და უსაქმო მივლინებებით და დივიდენდი არ გაუნულონ კერძო აქციონერს, ამას კანონიც უნდა და თავიც, რომ მიხვდე გატყუებენ, მერე უჩივლო-ცოდნა უნდა, დათვლა უნდა, ჰოოდა ამ ყველაფრის მცოდნე და შემძლე სავაჭრო სამრეწველო პალატაა, მისი წევრია დაბადებიდან სიკვდილამდე ყველა ამერიკელი, ესაა ყველაზე განქსესილილი სახალხო საზოგადოებრივი ორგანიზაცია იქა, წარმოიდგინეთ ენჯეოა, ოღონდ სასარგებლო! უძლიერესი ინსტიტუტია, რომელიც მთავრობაზე ღონიერია ცოდნით და საშუალებებით, არც ფული აკლიათ და არც უფლებები! ჩვენი ბუტაფორიაა , იმხელა განსხვავებაა, გაგეცინება, აი ჩვენი პროფკავშირი რომაა ეგეთი და უარესია ჩვენი პალატა, ენეჯეოები დაცვის მაგივრად გვსჯიან აქა, გატენილია სამღერენოვანებით და თითმოცვეთილებით კლავიშებზე, თავი ცარიელი და მანკიერი! იქ სახელმწიფო რიგითი მოქალაქის თანაბარუფლებიანი პარტნიორია, აქ ბატონია ხელისუფალი, ყოველთვის "მართალია", არადა არ არის მართალი, ხომ იცით? მტყუანია!