ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედებენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ თბილისისა და ვაშინგტონის მრავალწლიან პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ. როგორც ელჩმა "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მსგავსი ჯგუფები სიცრუის განზრახ მრავალგზის განმეორებით, კგბ/ფსბ-ს კლასიკურ სტრატეგიას იზიარებენ და კრემლის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს მიჰყვებიან.
რას ფიქრობს ელჩი ქებაზე, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა პუტინის რუსეთისგან დაიმსახურა, როგორ აფასებს ნაბიჯებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად იდგმება და როგორ უყურებს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვრცლად ინტერვიუში...
- პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხართ ჩართული ყველა იმ საკითხში, რომელიც საქართველოსთვის პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვანია და ეხმარებით ქვეყანას მისი სტრატეგიული მისწრაფებების მიღწევაში ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. არ შემიძლია ჩვენი ინტერვიუ არ დავიწყო გადაწყვეტილებით, რომელიც ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობაზე მიიღო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, თანაც არა სტაბილურობისკენ, არამედ პირიქით. მსურს გკითხოთ, პოლიტიკური კონიუნქტურისა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით იქნა მიღებული?
- დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი კითხვისთვის. ცალსახად, ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაცია. ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მე არ მინახავს ჯერ მოსამართლის გადაწყვეტილება, არ წამიკითხავს ის, მაგრამ როგორც მითხრეს, ხალხს გაუკვირდა, რომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად დადგა. ვფიქრობ, ისინი ელოდნენ მეტ განხილვას გადაწყვეტილების გამოტანამდე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უკეთესია მოვიცადოთ და წავიკითხოთ მოსამართლის გადაწყვეტილება იქამდე, სანამ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს გავაკეთებდეთ.
- "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს“- აღნიშნული განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ გააკეთა. მსგავსი მოწოდებები ჩვენ მოვისმინეთ უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტისგანაც. პოლონეთი მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის ტრანსპორტირება და მკურნალობა. ევროპარლამენტარებმა დებატებიც კი გამართეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ მოწოდებების ფონზე?
- ბუნებრივია, რომ უკრაინის ხელისუფლება ისაუბრებს თავისი მოქალაქის სახელით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, გასაკვირი იყოს, რომ მტკიცე განცხადებები მოვისმინეთ. ბევრი ქვეყნის პარლამენტის წევრია მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კეთილდღეობით. ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ განცხადებები და შეფასებები სახალხო დამცველის ოფისის ან სხვების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და როგორც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს იმ სახის მზრუნველობას, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ თხოვნას ხელისუფლებისთვის, რომ გადადგან საჭირო ნაბიჯები მისი უფლებების დასაცავად, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. გააგრძელეთ კითხვა
ქაბატოჯან, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ უგულავას დაჭერა საფუძვლიანი იყო და არ მომხდარა პოლიტიკური სარჩულითო! ახლა შენც და მიშელმაც ბოდიში უნდა მოუხადოთ ქართველ ხალხს, იმ სალახანას გამო ვენებს რომ იჭრიდით!
მტკიცებულებები რუსეთმა თუ არ მოგაწოდათ როგორ გექნებათ? საქრთველოდან რუსეთში გადასულ ფურგონებს ამერიკას ვინ შეამოწმებინებს?!