პოლიციამ, 30-წლიანი დევნის შემდეგ, დაკავებული მაფიოზის, მატეო მესინა დენაროს კიდევ ერთი სამალავი აღმოაჩინა. "კოზა ნოსტრას" მეთაურის ბუნკერამდე გასასვლელი გზა მისი საცხოვრებელი სახლის კარადის უკან იყო დამალული.
იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ სამალავში ძვირფასი ქვები და ვერცხლის ჭურჭელი იპოვეს. აქვე იყო ცარიელი ყუთები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დოკუმენტები, რომელიც პოლიციას სამხილებად უნდა გამოეყენებინა, მესინას დაკავების შემდეგ გადამალეს.
ბუნკერი, მაფიოზის სახლიდან 300 მეტრში მდებარეობს. იტალიური მედიის ცნობით, ადგილზე აღმოჩენილია ძვირადღირებული სუნამოები, ავეჯი, ძვირფასი ბრენდის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და ვიაგრას აბები.
მესინა დენარო მაფიის უმაღლეს ავტორიტეტებს შორის იყო რიგით მესამე და ბოლო მაფიოზი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა პატიმრობის თავიდან აცილებას.
"კოზა ნოსტრას" სათავეში ყოფნისას მესინა დენარო აკონტროლებდა ფულის გათეთრებას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, რეკეტს და უკანონო ნარჩენების გადაყრას. 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი პროკურორების, ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობებში მონაწილეობისთვის, მესინა დენაროს დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.
მას ასევე ბრალი ედება ფლორენციაში, რომსა და მილანში მოწყობილ აფეთქებებში მონაწილეობაში, რამაც 1993 წელს 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
60 წლის ძებნილი, სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, კერძო საავადმყოფოში დააკავეს. იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მაფიის ბოსს სიმსივნე აქვს, რის გამოც ის კლინიკას რეგულარულად სტუმრობდა. სანამ პოლიცია მაფიოზს დააკავებდა, ის ქიმიოთერაპიაზე იმყოფებოდა სიცილიაში, კერძო კლინიკაში. დაკავებიდან მალევე, მაფიის ბოსი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, აბრუცოში გადაიყვანეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, კიბოს მკურნალობას განაგრძობს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ჩვენი ნაციონალი გეგონება,მაგალითად ხაბე სიბერეში
როგორი სათნო გამოხედვა ქონია:)) არა! მე არ მჯერა, იტალიელი პოლიცაების:))