საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების პირველი გასვლა ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ქვეყნისთვის, სადაც ბოლო 4 წელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, საერთოდაც სასწაულია.
2005 წლის 8 ოქტომბერს დიდიე დროგბას კოტ-დ’ივუარმა (1985 წლამდე სპილოს ძვლის ნაპირი) სუდანს 3:1 სძლია და 2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციურად მოხვდა.
ფინიშამდე მათ კამერუნელები უსწრებდნენ, თუმცა პარალელურ მატჩში მათ ვერ შეძლეს ეგვიპტის დამარცხება - მილანის "ინტერის“ მცველმა პიერ ვომემ 95-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
"არავის არ უნდოდა ამ პენალტის დარტყმა, არც სამუელ ეტო’ს, არც ჩვენს კაპიტანს რიგობერ სონგს. ყველამ იცოდა "გაფუჭების" შემთხვევაში, რაც მოხდებოდა. მე ყოველთვის ვიყავი თამამი, ამიტომაც მივედი 11-მეტრიანის ნიშნულთან“, - თავს იმართლებდა ვომე. სხვათა შორის, პრესკონფერენციის შემდეგ, მას დაცვა მიამაგრეს.
ვიდრე კამერუნში უკმაყოფილო ფანები ვომეს მანქანას წვავდნენ და მისი მეგობარი გოგონას სილამაზის სალონს ანგრევდნენ, სუდანის ომდურმანეს 20-ათასიანი სტადიონის გამოსაცვლელში მთელი სახელმწიფოს ბედი წყდებოდა. ვიდეო კამერების გამოჩენისას, ნაკრების ლიდერმა დიდიე დროგბამ მიკროფონი აიღო და დაიწყო საუბარი, რომელიც ქვეყნის ისტორიაში შევიდა.
"კოტ-დ’ივუარის კაცებო და ქალებო, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან! დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კოტ-დ’ივუარელების ერთად არსებობა შესაძლებელია, შესაძლებელია ფეხბურთის ერთად თამაში და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაც კი. ჩვენ დაგპირდით, რომ დღესასწაულს მოგიწყობდით. დღეს მუხლზე დაჩოქილები პატიებისკენ მოგიწოდებთ. ქვეყანა, რომელიც უამრავი სიმდიდრის პატრონია, არ იმსახურებს ამ ომს. გთხოვთ, დადეთ იარაღი, დაგეგმეთ არჩევნები და ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება“.
ნაკრების ლიდერის ეს სიტყვები ნამდვილად უმძიმეს მომენტში გაისმა.
XXI საუკუნის დასაწყისში აფრიკის ერთ-ერთ შეძლებულ ქვეყანაში პოლიტიკური მღელვარება დაიწყო. ურთიერთობა ჩრდილო მუსლიმებსა (რომელთა დიდი ნაწილი ბურკინა-ფასოდან იყვნენ დევნილები) და სამხრეთის ქრისტიანებს შორის დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული იყო.
ყველაფერი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გართულდა, როდესაც დამტკიცდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის კანდიდატის ორივე მშობელი კოტ-დ’ივუარში დაბადებული უნდა ყოფილიყო. ამ კანონით, საპრეზიდენტო რბოლის ლიდერს, ოპოზიციონერ ალასსან უატტარს, ფაქტობრივად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ერთმეოდა. ალასსანის დედა ბურკინა-ფასოდან იყო.
არჩევნებში 59%-ით მეცნიერმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ლორან გბაგომ გაიმარჯვა. მან ოპოზიციის თხოვნა, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარებულიყო, არ მიიღო და უარი თქვა, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, ომი ქვეყნის ჩრდილო ნაწილში დაიწყო. 2001 წლის სექტემბერში, ამბოხის პირველივე დღეს ქვეყნის ექსპრეზიდენტი რობერ გეი მოკლეს, რომელიც ოპოზიციას ემხრობოდა.
გბაგბომ ამბოხის ორგანიზებაში ბურკინა-ფასო დაადანაშაულა, სახელმწიფო ჯარების ერთ-ერთ შემთხვევით სამიზნედ ფრანგი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ კოტ-დ’ივუარის მთელი სამხედრო საჰაერო ძალები, ორი "სუ-25" და რამდენიმე "მი-8" და "მი-24", სრულად გაანადგურეს.
ამბოხის შემდეგ ქვეყანა, ფაქტობრივად, ორ ბანაკად გაიყო - უმსხვილესი ქალაქი აბიჯანი სამხრეთელებს დარჩათ, ხოლო ჩრდილოელი ძალების ცენტრი ქალაქი ბუაკე გახდა. ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მომენტისთვის, საბრძოლო დაპირისპირებები შესვენებებით სამ წელზე დიდხანს გრძელდებოდა, გბაგბომ არჩევნების ჩატარებაზეც კი განაცხადა თანხმობა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად გამოცხადდა.
2007 წელს ნაკრებმა ქვეყნის გაერთიანებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. დროგბასა და მისი პარტნიორების ინიციატივით, აფრიკის თასის შესარჩევი მატჩი აბიჯანის ნაცვლად ბუაკეში ჩატარდა. ომის დაწყებიდან პირველად, ორივე ბანაკის ლიდერები მშვიდობიან გარემოში შეიკრიბნენ, რომ თამაშისთვის ედევნებინათ თვალი.
მასპინძლებმა 5 გოლი გაიტანეს, ბოლო კი "ბელადმა" შეაგდო - თანამემამულეებმა ასე შეარქვეს დროგბას.
"ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო. მეტი, ვიდრე ფეხბურთი. ბედნიერება იყო, რომ ჩვენ ამდენი ადამიანის გაერთიანება შევძელით. ვფიქრობ, მხოლოდ სპორტს შეუძლია ასეთი რამეების კეთება. ჩვენ ვოცნებობდით, რომ ქვეყანაში მშვიდობა დაგვებრუნებინა. ჰიმნის შესრულების მომენტი ყველაზე ემოციური იყო - დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ორი დაპირისპირებული მხარე გვერდიგვერდ იდგა“, - იხსენებდა დიდიე Vanity Fair-თან საუბრისას.
2007 წლის ბოლოს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული ბუფერული ზონა გაუქმდა. კოტ-დ’ივუარი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. თუმცა მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელდა. შეპირებულ არჩევნებზე, რომელიც 2005-ის ნაცვლად 2010-ში ჩატარდა, გამარჯვებულად უატტარუ გამოცხადდა, ხოლო კონსტიტუციურმა საბჭომ გამარჯვებულად გბაგბო დაასახელა.
მორიგმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, 2000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გბაგბომ უცხო ქვეყნების მხარდაჭერა დაკარგა და 2011 წელს პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ჰააგის სასამართლოში წარსდგა. მას ბრალი წაუყენეს ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
2019 წლის იანვარში ის გამართლდა, თუმცა სამი წლით ადრე, სამშობლოში, მის მეუღლეს - სიმონას, თითქმის ანალოგიური ბრალდებით, 20 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ 2018 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.
კოტ-დ’ივუარის იმ ნაკრებს "ოქროს თაობას“ უწოდებენ. ნაკრებში სხვა ვარსკვლავებიც იყვნენ: იაია და კოლო ტურები, სალომონ კალუ, არუნა კონე, ემანუელ ებუე, დიდიე ზოკორა, ჟერვინიო და სხვა.
იმ ნაკრებმა ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე (თუმცა ორჯერვე ჯგუფური ეტაპიდან გავარდა), ასევე ორჯერ ითამაშეს აფრიკის თასის ფინალზე. თუმცა ნანატრი გამარჯვება მხოლოდ 2015 წელს იზეიმეს, როდესაც ფინალში განა დაამარცხეს, თუმცა უკვე დროგბას გარეშე...
არჩეული პრეზიდენტი უატტარა ემოციებს ვერ მალავდა, მეტიც, მან გასცა განკარგულება, რომ ნაკრების ფეხბურთელების, ასევე პერსონალისთვის ჯამში სამი მილიონი ევრო გადაეხადათ...
დიდიე ივ დროგბა ტებილი 1978 წლის 11 მარტს, კოტ-დ’ივუარის ქალაქ აბიჯანში დაიბადა.
5 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად ბიძასთან საფრანგეთში გადავიდა. მან თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო კლუბ "ლევალუაში". შემდეგ თამაშობდა "ლე-მანში", სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიოზიონში. 21 წლის ასაკში მან პირველად გააფორმა პროფესიული კონტრაქტი.
2002-2003 წლის სეზონზე დროგბამ 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა, შემდეგ უკვე ის გადავიდა კლუბ გენგამში. ამავე სეზონში იგი პირველად გამოვიდა კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში. 2003 წელს დროგბა 3,3 მლნ ფუნტად შეიძინა კლუბმა "მარსელმა".
2004 წელს ლონდონის "ჩელსიმ" დროგბა 24 მლნ ფუნტად შეიძინა, ამით ის კოტ-დ’ივუარის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
2005 წელს დროგბამ შეძლო და თავის გუნდთან ერთად ინგლისის "პრემიერ ლიგა" მოიგო. მომდევნო წელს ისევ მოიგო "პრემიერ ლიგა" და თან ის კოტ-დ’ივუარის ნაკრების კაპიტანი გახდა. ამავე წელს დროგბამ კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი. 2007 და 2010 წლებში ის ინგლისის "პრემიერ ლიგის" საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მას გადაეცა "ოქროს ბუცი".
xalxi daixoca da mitom gaasamartles colsac aministia sheexovo, prangebi ro ar chareuliyvnen dghesac omi ikneboda, sxvata shoris meore prezidentis dros upro chamoyalibda simshvide mere ra rom muslimia xalxma airchia
ფრანგებმა მუსლიმ აჯანყებულებს დაუჭირეს მხარი და ქრისტეანი პრეზიდენტი ჰააგას გადასცეს. 8 წლის შემდეგ სასამართლომ კი გაამართლა, მაგრამ ქვეყანა სხ ა ქვეყნიდან შემოხიზნულ მუსლიმებს დარჩათ.