ავტორი:

ხაშურელი მილიონერები - ვინ არიან, რა ქონებას ფლობენ და რა აკავშირებთ ხელისუფლებასთან?

ხაშურელი მილიონერები - ვინ არიან, რა ქონებას ფლობენ და რა აკავშირებთ ხელისუფლებასთან?

"ხაშურელი ოლიგარქების" შესახებ სტატია qartli.ge -მ გამოაქვეყნა, რომლიდანაც გავიგეთ, რომ ხაშურს, სულ ცოტა, სამი ოფიციალური მილიონერი ჰყოლია. გადავწყვიტეთ უფრო საფუძვლიანად გადაგვეხედა მათი ქონებისთვის, ვინაიდან სამივე სხვადასხვა დროს სახელმწიფო სამსახურში იყო და არის, ქონებრივი დეკლარაციების პოვნა რთული არ ყოფილა.

ლევან გამრეკელი - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვალერი გელაშვილი - ოთხგზის პარლამენტარი და ზაალ დუგლაძე - ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი.

ლევან გამრეკელს დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლე მარიკა მეტივიშვილი ჰყავს მითითებული. ფლობს ავტომობილს MERCEDES G CLASS, რომელიც 2021 წელს 50 000 ათას დოლარად შეიძინა.

ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს "ლე-გა საქართველოს" 100%-იანი წილის მფლობელია, რომლიდანაც 2021 წელს, შემოსავლის სახით 1 208 349,56 ლარი მიიღო.

ქველმოქმედებაში კი 30 0000 ლარი დახარჯა.

შთამბეჭდავია "ქართული ოცნების" ხაშურელი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის ქონებაც.

როგორც ირკვევა, მას ბიზნესი ძირითადად მეღვინეობაში აქვს, 2021 წელს დეპოზიტზე ჰქონდა 380 000 დოლარი და 170 000 ლარი, ხოლო დამატებით, შემოსავლის სახით მიიღო 350 000 ლარი. მარტივი გაანგარიშებით, დოლარის დღევანდელი კურსით, ეს თანხა ჯამში შეადგენს 1 მლნ 600 000 ლარს.

ამას გარდა, მეუღლესთან ერთად დუგლაძე ფლობს ბინებს და მიწის ნაკვეთებს. მეუღლის საკუთარებაშია ასევე ავტომანქანა MERCEDES GLE, რომელშიც 2021 წელს 250 000 ლარი გადაუხდია.

ყველაზე მდიდარ ხაშურელად მაინც ვალერი გელაშვილი რჩება. 2021 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ჰყავს მეუღლე დანგუოლე გელაშვილი და შვილები, ერიკა ბალბერკინა, დავით და სოფიო გელაშვილები. დეპუტატის შვილები ლიეტუვაში დაიბადნენ.

ვალერი გელაშვილმა 2020 წელს, თბილისში მიწის ნაკვეთში 172 000 დოლარი გადაიხადა. 2018 წელს ხაშურში სახლი 500 000 დოლარად შეიძინა. 2020 წელს ბიზნესმენმა კიდევ ერთი სახლი შეიძინა თბილისში, დუშეთის ქუჩაზე, რომელშიც 260 000 დოლარი გადაიხადა. იმავე ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებში კი 140 000 დოლარი და 105 000 ლარი. გელაშვილი დუშეთის ქუჩაზე კიდევ ერთ სახლს ფლობს, რომელიც 2017 წელს შეიძინა და 300 000 დოლარი გადაიხადა.

2006 წელს ვალერი გელაშვილმა 310 000 დოლარად ვენესუელაში, მარგარიტას კუნძულზე ბინა შეიძინა, რომლის ფართობი 165 კვ.მ-ია.

2010 წელს კი კუნძული სრულად იყიდა და 670 0000 დოლარი გადაიხდა, შენაძენის საერთო ფართი 52 800 კვ.მ-ს შეადგენს.

ვალერი გელაშვილს ორი მანქანა ჰყავს. JEEP HUMMER H1, რომელშიც 70 000 დოლარი გადაიხადა და 50 000 ევროდ შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა პორშე.

დეკლარაციის შევსებისას გელაშვილს "ქართუ ბანკის" დეპოზიტზე ჰქონდა 59 287,58 დოლარი, შაულიაი ბანკის დეპოზიტზე კი 102 000 ევრო.