საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორის ქალაქ გუაიაქუილში მოხდა, სადაც, იუნიორ ძიუდოისტებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.
ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მეტოქის მიერ ჩატარებული ილეთის და გდების შემდეგ დაკარგა. მსაჯმა, მცირე პაუზის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც, კადრებიდანაც ჩანს, რომ სიტუაციაში ვერ გაერკვა. სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა და მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა და სიკვდილს გადაარჩინა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახაბრიშვილი ჩვენი თუ სხვა ქვეყნის ნაკრების წევრს ეხმარება და სიცოცხლეს უნარჩუნებს. როგორც ამბობენ, სულ ცოტა 30 სპორტსმენისთვის მაინც აღმოუჩენია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება პირდაპირ ტატამიზე.
კახაბრიშვილმა მომხდარიდან პირველი კომენტარი "რუსთავი 2"-ს მისცა.
"ეს ინსტინქტურად ხდება, ყველა ექიმი ასე იქცევა, ვისაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება და მიღებული აქვს გამოცდილება. დამჭირდა ენის დაჭერა და პატარა ხელოვნური სუნთქვის ჩატარებაც. ვერ გამოგვყავდა მდგომარეობიდან, ფაქტობრივად, 2 წუთი უგონოდ იყო, ტატამიდან გაყვანის შემდეგ კიდევ დაგვჭირდა მიხმარება. ტკივილისგან შოკში იყო, ვერ ვიგებდით საიდან იყო ეს ტკივილი, ბოლო, ბოლო მივხვდი, რომ დაცემის მომენტში ხერხემალზე მიიღო ტრავმა. კიდევ კარგი რომ საკაცით გავიყვანე, გადარჩა, კარგად არის", - განაცხადა ქართველმა ექიმმა.
იხილეთ ასევე:
უგონოდ ნამდვილად არ არის, კიდურებს ამოძრავებს. ტკივილისგან აგონიაში იყო ალბათ. ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ამ დროს კატეგორიულად არ შეიძლება! სათაური კი "სიკვდილს გადაარჩინა" და ა.შ ძალიან ხმამაღალი გამოვიდა ნამდვილად.
კარგ ადამიანებს კარგი ინსტიქტები აქვთ.