უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი კვირით ადრე, მსოფლიო მედია მარიუპოლელი ქალის, 71 წლის ვალენტინა კონსტანტინოვსკაიას ისტორიაზე წერდა, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო საბრძოლო წვრთნებში მონაწილეობდა. ქალის სურათი ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვალენტინა გადარჩა, მან 24 თებერვლის შემდეგ ბოლო მატარებლით შეძლო მშობლიური მარიუპოლის დატოვება. ჯერ ლვოვში ცხოვრობდა, შემდეგ პოლონეთში გადავიდა, 9 აპრილს კი უმცროსი ქალიშვილის მოსანახულებლად ესპანეთში გაფრინდა.
მარიუპოლში მისი ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო, ხშირად ხვდებოდა მეგობრებს, ამზადებდა ეროვნულ კერძებს, მღეროდნენ. ზაფხულობით უკრაინის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ, წელსაც ბევრი გეგმები ჰქონდათ, მაგრამ...
ვალენტინა 1964 წლიდან ცხოვრობდა მარიუპოლში, ის აზოვის გადამზიდ კომპანიაში, ეკონომიკურ განყოფილებაში მუშაობდა. ორი ქალიშვილი გაზარდა, შემდეგ კი შვილიშვილები...
"მთელი ცხოვრება რუსულად ვლაპარაკობდი. რადგან ასეთი დრო იყო - ბაღიდან უნივერსიტეტამდე, მხოლოდ რუსულად საუბრობდნენ. მე დნიპროდან ვარ. ჩვენთან ახლოს უკრაინული სკოლა იყო და ჩემი ძმა იქ მიიყვანეს. ორი წლის შემდეგ, როდესაც მეც სკოლაში წავედი, ის უკვე რუსულად იყო გადაკეთებული.
როდესაც გავიზარდეთ, მე და ჩემი უმცროსი ძმის ცოლი შევთანხმდით, რომ სახლში უკრაინულად გველაპარაკა. ვიყიდე უკრაინული წიგნები და სახლში ხმამაღლა დავიწყე კითხვა.
2014 წელს ბევრი ჩვენი ნაცნობი და მეზობელი წავიდა "რეფერენდუმზე“, ჩვენს სახლში უკრაინის დროშა ეკიდა. მე და ჩემი უფროსი ქალიშვილი იმდენად შეშინებულები ვიყავით, რომ რაღაცის გაკეთება გადავწყვიტეთ. გავედით ქალაქიდან და უკრაინის სამხედრო საგუშაგოებისკენ დავიძარით, სადაც ბიჭებსთვის საჭმელი მიგვქონდა.
ცნობილმა მოხალისე მასწავლებელმა შეიტყო ჩემ შესახებ და შემომთავაზა მათ გუნდს შევერთებოდი. რამდენიმე ქალი ვამზადებდით ბორშს, სუპებს, ნამცხვრებს, პელმენებს და მათთვის მიგვქონდა. მერე ბიჭებისთვის თბილი ტანსაცმლის შეგროვება დავიწყეთ. ვყიდულობდით მეორად ტანსაცმელს, ვრეცხავდით და ისე მიგვქონდა.
მაგრამ ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი, მეჩვენებოდა, რომ ასე ცოტას ვაკეთებდი...“, - ამბობს ვალენტინა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქალმა გააგრძელა მოხალისეთა შტაბში სიარული.
"ბადეებს ვქსოვდით, რადგან დიდი შეკვეთა იყო და ყოველდღე გვიწევდა გარეთ გასვლა. და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უკვე არეულობა იყო, მე და ჩემი მეგობრები შევთანხმდით, რომ მარიუპოლში დავრჩებოდით. მათ აქ შვილის საფლავი აქვთ, მე ქმრის საფლავი. ჯობია დავრჩეთ მოხუცები, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და დავიცვათ ახალგაზრდები. ასეთი განწყობა გვქონდა და სხვა მოხალისეებთან ერთად გავაგრძელე ბადეების ქსოვა.
მოხალისე მეგობრებმა სიცილით მითხრეს, რომ მე პირველი ვიქნებოდი, ვისაც მოკლავდნენ. ფეხებით დამკიდებდნენ და ისე მომკლავდნენ. იმდენად მძულდა მტერი, რომ შიშზე არც მიფიქრია და დავრჩი.
შვილებმა იცოდნენ ჩემი განზრახვის შესახებ, გადაწყვიტეს ჩემი ჯოჯოხეთიდან გამოყვანა. ერთ დღეს შტაბში სამუშაოდ მისულმა შვილიშვილს დავურეკე, რომელიც პოლონეთში სწავლობდა და ცხოვრობდა. მითხრა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება - ის და ჩემი შვილიშვილი ავად გახდნენ. შვილიშვილი დედას, ჩემს ქალიშვილს ელოდა დასახმარებლად, მაგრამ ვერ ჩავიდა და ახლა ჩემი იმედი ჰქონდა.
მატარებელში ავედი და როდესაც პატარა ზურგჩანთით დავჯექი, გამცილებლისგან გავიგე, რომ ეს იყო ბოლო მატარებელი მარიუპოლიდან ლვოვში. ყველაფერი სახლში დავტოვე, რადგან მეგონა მალე დავბრუნდებოდი. უკვე მატარებელში მივხვდი, რომ დიდი ხნით მივდიოდი და შესაძლოა, სამუდამოდ. მე კი ძალიან მრცხვენოდა და მტკიოდა - ჩემი მეგობრები დარჩნენ, თითქოს მათ ვუღალატე.
ლვოვში მოხალისეების დახმარებით შევძელი ჭამა და ღამის გათენება. მეორე დღეს ქალიშვილსა და შვილიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ, ჩავეხუტეთ ერთმანეთს და პოლონეთში წავედით. შვილიშვილი ლვოვში დარჩა: 23 თებერვალს 18 წლის გახდა, მეორე დღეს კი ომი დაიწყო. მას კი პოლონეთში სწავლის უფლება არ მისცეს, 26 თებერვლის ბილეთები ჰქონდათ აღებული.
ომისთვის მორალურად მზად ვიყავი, რადგან ის 24 თებერვალს კი არ დაიწყო, არამედ 2014 წლის გაზაფხულზე. ჯერ კიდევ ომამდე ფეისბუქზე წავიკითხე, რომ ილიჩივეცის სპორტულ კომპლექსში ვარჯიში იწყებოდა. ჯერ მეგობრებთან ერთად გავიარე "პირველი დახმარება“, - ამბობს ქალი.
ვალენტინამ ისწავლა ავტომატის მოხმარება, დაშლა და აწყობა.
"ახალგაზრდებს ასწავლიდნენ დგომას, შემობრუნებას, მუხლებზე დადგომას, ავტომატის ხელში ჭერას და შემდეგ დაწოლას. დიდხანს არ მიფიქრია და დავდექი მათ უკან და დავიწყე მუხლებზე ტრიალის სწავლა. ვინც მიყურებდა ალბათ, სიცილით მოკვდა.
სროლისას ჩემი რიგი რომ მოვიდა, ვხედავ, ცარიელია ხალიჩა, ავიღე ავტომატი და ვცდილობ დამიზნებას. ამ დროს მოვიდნენ ფოტორეპორტიორები, წინ დამიდგნენ და სურათებს მიღებდნენ. ვეუბნებოდი, გაიწიეთ, მიზანს ვერ ვხედავ-მეთქი. იცინოდნენ და სურათებს მიღებდნენ, ასე გავხდი გმირი. თუმცა ამაში საგმიროს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, სროლის სწავლა მინდოდა.
ჩემი სწავლის ეს ფოტოები ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რაც დამრჩა მარიუპოლში მშვიდობიანი ცხოვრების შესახებ..." - ამბობს ვალენტინა.
ისეთი მაინც შეგერჩიათ ახლო ყოფილიყო რეალობასთან როგორი ბედნიერი სახეაქ ბებოს მანიკური არ გაგიფუჭდეს ვერან
ისინი ჩვენ კურდღლებს გვეძახიან, ჩვენ "სლავა უკრაინა"-ს, ეს ნორმალულია?! ჩვენი იმედით იწყებდნენ ომს?...ეკითხათ მაინც...