ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ ალი უზდენოვს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე მას ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიმართა, რომელიც ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.
"რაც შეეხება შეხვედრას, საერთოდ რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე ისეთი მოხდა? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს. მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის“ გამომძიებლებს, რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი თქვენს მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არ მოჰყოლია. შესაბამისად, მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებსა და ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს და მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება. არიან რა, ისინი გამწარებულები და სასოწარკვეთილები, მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე, რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არ არის საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები არ მაინტერესებს. ვერ დავიჯერებ, რომ თქვენს მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს "ფორმულას“ ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია. ეს შეიძლება რაღაც ზღაპარში ეწეროს. არ ვიცი, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. მე მაქვს ძალიან ბევრი საკითხი და საფიქრალი, რომელზეც ვფიქრობ“, - განაცხადა პრემიერმა.
არ გვაინტერესებს მიშა ქვეყნებს თავად ექმნებათ პრობლემები და სურსათის მოწოდება შეიძლება შეგვიწყვიტონ მაშინ რას ვაკეთებთ მიხედეთ საქმეს დაიკარგა 1 0 წელი
ლალი მოროშკინა ამბობს ბატონ ირაკლის ვენდობიო.