რუსეთს შესთავაზეს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, "რუსულმა არმიამ აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლა, არამედ სისხლით შეღება.“
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანთლის დანთება არ ნიშნავს ქრისტიანობას, აღდგომის აღნიშვნაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ადამიანი, იყო ქრისტიანი.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინას „მიულოცა" აღდგომა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის საფრთხით, ასევე პოლტავას ოლქის კრემენჩუგის რაიონზე სარაკეტო თავდასხმით.
"ეს არის უკრაინელების სიცოცხლის მიზანმიმართული განადგურება, რომელიც არ შეჩერებულა ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზეც კი. ეს ხალხი ქრისტიანები არიან?" - აღნიშნა ზელენსკიმ.