,,დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, როცა გიყვარს შენი საქმე. ახალი რეალობა ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ”- ნანა ბურძენიძე, იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი დაწყებით საფეხურზე მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლებაში.
USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებელთა აღიარების კონკურსი გასულ წელს პირველად გაიმართა. კონკურსი საქართველოს სამ რეგიონში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო აღმოეჩინა და წაეხალისებინა მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ დამწყები მასწავლებლები და, ამავდროულად, გაეზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.
,,გეწოდოს იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის მიმართულებით, ეს არის პასუხისმგებლობა ჩემი თავის, ჩემი პროფესიის წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ჩემი შრომა დააფასეს და გადაწყვიტეს, ეს წოდება მოენიჭებინათ. მადლობა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ორგანიზებისთვის, მადლობა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს მხარდაჭერისათვის, აღიარებისათვის, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის, მადლობა ჟიურის წევრებს, რომლებმაც დააფასეს ჩვენი შრომა, მადლობა ჩემ პატარებს, მათ გარეშე ხომ წარმატებას ვერ მივაღწევდი. მართლაც საოცარი შეგრძნებაა, რომელიც გავალდებულებს, უფრო მეტი გააკეთო, უფრო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი გახადო სწავლა-სწავლების პროცესი, გაუზიარო საკუთარი გამოცდილება კოლეგებს და მათგანაც ისწავლო“ - გვითხრა ინტერვიუს დაწყების წინ ნანა ბურძენიძემ, ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა.
როგორ გაჩნდა ანბანელა?
პანდემიამ მსოფლიო წარმოუდგენელი რეალობის წინაშე დააყენა. ამ ახალმა რეალობამ ჩვენგან, მასწავლებლებისგან, განსაკუთრებული ძალისხმევა მოითხოვა. მასწავლებლებისთვის ახალი გამოწვევებისა და დისტანციური სწავლების ხანა დაიწყო - მასწავლებლობა სახლიდან! ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით და ამ სირთულეების დაძლევის დაუოკებელი სურვილით აღსავსე პერიოდი. ჩვენი, მასწავლებლების შემოქმედებითობა ხომ სწორედ ასეთი გამოწვევების დროს იძენს განსაკუთრებულ ღირებულებას.
შექმნილი ვითარება ახალი იდეების, ახალი რესურსებისა თუ აქტივობების შესაქმნელად გამოვიყენეთ, ჩვენი ნაფიქრი თუ პრაქტიკულად განხორციელებული სასწავლო მეთოდები თუ სტრატეგიები კრიზისული ვითარების დასაძლევი გამოცდილების ნაწილად ვაქციეთ და ყველა გზა გამოვნახეთ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალმხრივი აქტივობებითა და რესურსებით დატვირთული გაგვეხადა. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ანბანელა.
ვინ არის ანბანელა?
ანბანელა ანბანეთის სამეფოს მწიგნობართუხუცესია, რომელმაც გაიგო, რომ ნანა მასწავლებელს არაჩვეულებრივი მოსწავლეები ჰყავდა. თავად, პანდემიის გამო ,,ჩამოსვლა ვერ მოახერხა“, მაგრამ მესიჯებს ,,გვიგზავნიდა“, რომელსაც პრეზენტაციებად ვაქცევდი და პატარებს ამ ფორმით ვაწვდიდი დავალებებს. მისი გამოჩენით ჩვენი ონლაინგაკვეთილები უფრო ზღაპრული და ფერადი გახდა. ანბანელა ანბანეთიდან ძალიან საინტერესო კომპლექსურ დავალებებს გვთავაზობდა. ის მოსწავლე კი, რომელიც დავალებას შეასრულებდა და წარადგენდა, ანბანეთის სამეფოს სრულუფლებიანი პრინცი და პრინცესა ხდებოდა. რომ იცოდეთ როგორ შეუყვარდათ ჩემ პატარებს ანბანელა და როგორი მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს! სწორედ ანბანელამ ასწავლა მათ კითხვისა და წერის სტრატეგიები, ანბანელა სთავაზობდა ბევრ საინტერესო და სახალისო აქტივობას. მისი წყალობით ჩვენი გაკვეთილები ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო გახდა.
წელს ისევ პირველკლასელები მყავს...ჯერ ისინი ანბანელას არ იცნობენ. მაგრამ ანბანის შემობრძანებისთვის სტუმრად სწორედ ანბანელა გვეყოლება. რომ წარმოვიდგენ პატარების გაოცებულ თვალებს, მეც საოცარი განცდა მეუფლება. ანბანელა ჩემს, უკვე მეორეკლასელ პატარებსაც გაიცნობს პირადად, ვისთან ერთადაც ,,დაიბადა“ იგი, როგორც პერსონაჟი.
რა სიტყვებით უნდა დაიწყოს მასწავლებელმა გაკვეთილი?
ჩვენთან, დაწყებით კლასებში, ყველა გაკვეთილი ერთმანეთისაგან განსხვავებული და ფერადია. გაკვეთილი რომ იწყება, ხან ბომბორა გვსტუმრობს, ხანაც ზღაპრის სხვა პერსონაჟი, ჩვენი ჯადოსნური ყუთიდან ხან რომელი ცხოველი ,,ამოხტება“ და ხანაც რომელი ფრინველი ,,ამოფრინდება“ ხოლმე. აღარაფერს ვამბობ ჟირაფ ჟოზეზე, რომელიც ჩემი პატარების საუკეთესო მეგობარია. ამიტომ ყველა გაკვეთილი სხვადასხვა პერსონაჟების ხმებით და შესაბამისი სიტყვებით იწყება. მასწავლებელმა ყველა გაკვეთილი სხვადასხვა სიტყვებით უნდა დაიწყოს. იმას კი, თუ როგორ დაიწყებ გაკვეთილს და რას ეტყვი პირველად გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს , უდიდესი ძალა აქვს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება სწავლა-სწავლების პროცესი, რამდენად მაღალი იქნება მოსწავლეთა ჩართულობა და შესაბამისად, მათი მოტივაცია გაკვეთილზე.
მაგრამ ერთი რამ კი უდაოა, ყველა მასწავლებელმა გაკვეთილი ღიმილით უნდა დაიწყოს, გულწრფელი, სიყვარულით სავსე ღიმილით, რომელიც სიტყვებზე მეტად მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველია და რომელსაც პატარები განსაკუთრებულად გრძნობენ.
რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი? - ვიცით, რომ თავდაპირველად მსახიობობაზე ფიქრობდით...
დიახ, მსახიობობაზე ვოცნებობდი, ძალიან მიყვარს სცენა, მომწონს პერსონაჟის როლში შესვლა, მაგრამ... მაგრამ ის არის, რომ მამა იყო ძალიან წინააღმდეგი, ჩვენ კი, 80-იანი წლების ბავშვები, მორჩილები ვიყავით, ძნელად თუ შეეწინააღმდეგებოდი მშობელს. სკოლაში ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. რადიო გვქონდა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და დიდ დასვენებაზე სკოლის ამბებს მიმოვიხილავდით ხოლმე. მახსოვს, თუ დაწყებით კლასში მასწავლებლის პრობლემა იყო, მე შემიშვებდნენ ხოლმე. ვუკითხავდი და ვუკითხავდი პატარებს მოთხრობებსა თუ ზღაპრებს. ძალიან მომწონდა მათთან ურთიერთობა. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ დაწყებითებზე ჩავაბარე...
და მთავარი მიზეზი: დაწყებით კლასებში არაჩვეულებრივი მასწავლებელი მასწავლიდა - ჩემი მარინა მასწავლებელი. იმდენად მომწონდა ,,მარინა მასწავლებლობა“, რომ მთელი ცხოვრება გამყვა... პროფესიაც მისი სიყვარულით ავირჩიე და დღეს მეც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ! მადლობა მარინა მასწავლებელს ამისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში. აქ ჩემი ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე. მსახიობი ვარ, აბა რა! ჩემ პატარებთან ერთად ვმღერი, ვცეკვავ, სასკოლო ღონისძიებებზე ყოველთვის მაქვს ჩემი პატარა როლი - ხან მეზღაპრე ვარ, ხან რომელიმე პერსონაჟი. კლასში თოჯინების თეატრიც გვაქვს. მე და ჩემი პატარები ერთად ვქმნით თოჯინებს და ვაცოცხლებთ პერსონაჟებს! მოკლედ, მასწავლებელი-მსახიობი ვარ! ეს მეც ბედნიერებას მანიჭებს და ჩემ პატარებსაც. ჩვენ სასკოლო ცხოვრებას კი ფერადს და ზღაპრულს ქმნის, ამიტომ არც სწავლა გვეზარება და ასე, თამაშ-თამაშით ვეუფლებით ცოდნას.
კიდევ უფრო მეტი რამ მოგვიყევით თქვენი საყვარელი მასწავლებლის შესახებ, რატომ იყო ის განსაკუთრებული? თუ გახსენდებათ მასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია?
მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, როცა პირველად ჩვენ კლასში შემოვიდა: ახალგაზრდა, ლამაზი, სანდომიანი სახით... პირველ ნაბიჯებს დგამდა ამ პროფესიაში. განსაკუთრებით მისმა ხმის ტემბრმა და საუბარმა მომხიბლა: ისე თბილი, ტკბილი ხმით გვესაუბრებოდა, იმდენ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა, რომ წარმოუდგენელი იყო, არ მოგწონებოდა, არ შეგყვარებოდა, მის მიმართ ნდობა არ გაგჩენოდა. იქ კი, სადაც სიყვარულია, ყველაფერი ლამაზი და ფერადია. ჰოდა, დაიწყო ჩვენი ბავშვობის ფერადი დღეები ჩვენ მარინა მასწავლებელთან ერთად. ლექსებიც სწორედ მან შემაყვარა. დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა საქალაქო ღონისძიებაზე მიღებული პირველი ადგილი.. მარინა მასწავლებელმა მუხრან მაჭავარიანის ლექსი დამამუშავებინა - ,,საბა“. ეს ლექსი დღესაც საოცრად მიყვარს. როცა პატარა ბიჭის სიტყვებთან მივდივარ ,,უი დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?“ სულ ჩემი მასწავლებლის ხმა ჩამესმის და მეც მისი ხმის ტემბრით ვამბობ ლექსის ამ მონაკვეთს. დღეს ჩემი მარინა მასწავლებელი ჩემი კოლეგაა. დღესაც ამ დიდ საქმეს ემსახურება. ცხოვრება ხომ უცნაურია! ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის ფარგლებში მე მისი ექსპერტი ვარ. ძალიან მერიდება ხოლმე, როცა მასთან ქოუჩინგი მაქვს, მაგრამ მაბედნიერებს მასთან თანამშრომლობა, ურთიერთობა, მისი ხმის გაგონება და ის, რომ ამაყობს ჩემით. მე კი მაბედნიერებს, რომ დღესაც მისი საყვარელი და საამაყო მოსწავლე ვარ!
რა უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს კონკრეტული საგნის გარდა?
ამ კითხვაზე პასუხს ჩემი უსაყვარლესი ფრაზით დავიწყებ: ,,არის პროფესია, მეტად ჩვეულებრივი, მაგრამ ამავდროულად სასწაულის დარი. ამ ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივ პროფესიაში მე ვგულისხმობ მასწავლებლის პროფესიას, ვინაიდან ამ მზისქვეშეთში არა არის იმაზე დიდი საქმე, ვიდრე ადამიანის პიროვნებად, მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესია“.
დიახ, სკოლისა და მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მხოლოდ საგნის სწავლება კი არ არის, არამედ მომავალი თაობის პიროვნებად ფორმირება, აღზრდა, მათში სწორი ღირებულებების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარება და რაც მთავარია! სიკეთე უნდა ვასწავლოთ, ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ სიკეთე გადამდებია...
რა არის თქვენი სამომავლო პროფესიული მიზანი?
ერთი არაჩვეულებრივი გამოთქმა არსებობს, რომელიც, ერთგვარად, ჩემო პროფესიული კრედოა: ,,თუ ბედავ რომ ასწავლო, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა!“ ამიტომ ჩემი უპირველესი მიზანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება.
დღეს ჩვენს განათლების სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს-ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის რეფორმა. რეფორმის მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება და სასკოლო კულტურის განვითარება. ბედნიერი ვარ, რომ ამ რეფორმის განხორციელებაში ჩემი პატარა წვლილი შემაქვს, როგორც დაწყებითის მეთოდისტს. ამ ეტაპზე ვმუშაობ პირველი კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოზე დაფუძნებულ ვიდეოგზამკვლევებზე. ვფიქრობ, ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებლები შეძლებენ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვას.
სულ ახლახან შევქმენი ჯგუფი ფეისბუქზე ,,დაწყებითი კლასის მასწავლებლის მეგზური“. ჯგუფის მიზანია, მასწავლებლებმა ერთმანეთს შევუწყოთ ხელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მიმდინარე გამოწვევების დაძლევაში, გადავამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები, ერთმანეთს შევთავაზოთ საჭირო რესურსები თუ იდეები. ჩვენ ვმსჯელობთ პროფესიული ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ ჯგუფმა მიზანს მიაღწიოს, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ.
რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს?
როდესაც დამწყებ პედაგოგებზე ვფიქრობ, პირველ რიგში ჩემი შვილი, მარიკა დამიდგება თვალწინ. მან ჩემი პროფესია აირჩია, ისიც დაწყებითი კლასის მასწავლებელია, დამწყები მასწავლებელი. ყველა ის ახალგაზრდა, რომელმაც პროფესიად მასწავლებლობა აირჩია, ჩვენგან განსაკუთრებულ სამადლობელს, პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებს.
მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება, ჩემს შვილს და ყველა დამწყებ მასწავლებელს, ჩემი მოკრძალებული რჩევები მივცე... უამრავი რჩევა მაქვს, მაგრამ აქ რამდენიმეს გავაჟღერებ:
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FUSAIDEDU%2Fvideos%2F139489258283188%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>