ავტორი:

"ტრანსპორტის ტარიფი არ გაზრდილა - გაჭირვებული სეგმენტით ნუ სპეკულირებთ" - თბილისის მერის მოადგილე

"ტრანსპორტის ტარიფი არ გაზრდილა - გაჭირვებული სეგმენტით ნუ სპეკულირებთ" - თბილისის მერის მოადგილე

"როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი გაიზარდა, არაფერი გაზრდილა" - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

"როდესაც ვსაუბრობთ მოსახლეობის გაჭირვებაზე, იქვე გვახსოვდეს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროება, არსებობს უფასო და შეღავათიანი პროგრამები. მათთვის მგზავრობა არის ნული ან 10-20 თეთრი. ამ ადამიანების მიერ განხორციელებული მგზავრობების რაოდენობა არის მთლიან მგზავრობებში 50%, მაგრამ თუ ვინმეს გაქვთ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კატეგორიას შეღავათიანი მგზავრობა ესაჭიროება, მოდით ვიმსჯელოთ იმაზე, ხომ არ დავამატოთ ეს კატეგორია შეღავათიანი მგზავრების კატეგორიას, მაგრამ მე, პირადად ირაკლი ხმალაძეს რატომ უნდა შემომთავაზოთ 50- თეთრიანი მგზავრობა მაშინ, როდესაც მგზავრობის საფასური არის 1 ლარი. ამიტომ, საკითხს ცოტა კომპეტენტურად უნდა მივუდგეთ",-განაცხადა ხმალაძემ.

მან პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართა, ამ საკითხით ნუ სპეკულირებენ.

"გაჭირვებული სეგმენტით ნუ სპეკულირებთ იმიტომ, რომ ვისაც უჭირს, მათთვის შეღავათიანი და უფასო პროგრამა მოქმედებს. იცით კატეგორია ვისაც კიდევ სჭირდება დახმარება? მოდით, ვიმსჯელოთ და შევიყვანოთ ის ადამიანებიც ამ კატეგორიაში",-განაცხადა ხმალაძემ.