"არ დავმალავ, ამაყი ვარ იმით, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა.
"მინდა გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, განახლებული, სრულიად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები, მოწესრიგებული კომუნიკაციები და ასფალტის საფარი 1 000-მდე ქუჩაზე, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები; სპორტული მოედნები, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები. ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, დაახლოებით, 7 000-მდე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ვეხმარებით განათლების მიღებაში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წლობით დაუკანონებელი ქონების რეგისტრაციის საკითხი, გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 10 000-მდე ოჯახს ეს ბედნიერება და სიხარული მივანიჭეთ. მაგალითად, "ცენტრ პოინტის“, "სვეტის“, "ოლიმპიური ვარსკვლავის“, "აქსისის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ეს თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის და ძალისხმევის დამსახურებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პანდემია ბევრი დაგეგმილი პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.
"ბოლო ოთხი წელი იყო არა მხოლოდ განვითარებისა და მშენებლობის, არამედ დიდი გამოწვევების პერიოდი. კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მან მძიმე დარტყმა მოგვაყენა - ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ასევე, დაზარალდა ყველა სექტორი. რასაკვირველია, ასეთ დროს მთავარი პრიორიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ყველაზე დაუცველი ოჯახების დახმარება იყო და არის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაერთიანდა კიდევ ერთხელ თბილისი ამ გამოწვევის დროს, როგორი სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. პანდემიის ორი წელი გახდა შემაფერხებელი ბევრი პროექტის, რაც ასე სჭირდება თბილისს. თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა დაპირებას და გამოვნახავთ ყველა რესურსს, რათა დაწყებული თუ ჩაფიქრებული პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დასასრულს დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ჩართულობისკენ მოუწოდა.
"იცოდეთ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება თქვენზეც არის დამოკიდებული. ამ პროცესში, როგორც ყოველთვის, მთავარი ხართ თქვენ, თბილისელები. თქვენს აზრს, აქტიურობას, ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მინდა, ვისურვო რომ ამ პროცესში არ ვიქნებით დაპირისპირებულები, არამედ ვიქნებით ერთიანები ჩვენი თბილისისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ნუ ამაყობ კახი, არაფერი საამაყო არ გაქვს, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ ვიცი მალე გარდავიცვლები, ვიცხოვრე ვარანცოვზე, ქალაქის ცენტრი, მერე ვცხოვრობდი ვაკეში 20 წელიწადი და ახლა ვცხოვრობ გლდანის მესამე მიკრო რაიონში ნაგვის გორაზე, შენ რომ ცხოვრობდი იმის უკან.მესამე კორპუსის წინ დღე ნაგვის ხილვა მანადგურებს, საღამოს ბაღში შეგროვილი ძარლების ყეფა, დაახლოებით ათნი დავითვალე და ღამით ღარიბაშვილის მოწადინებით შენარჩუნებულ არსებულ მშვიდობას, ვინ ისვრის და რას ისვრის, ქვემეხებს? სააკაშვილმა რომ სტადიონები ააშენა მაინც და მაინც საძილე ოთახების ქვეშ, ესენი მაინც აკრძალეთ და 11 საათის შემდეგ აღარ ყვიროდნენ, შეგვაძულეს ფეხბურთი სახსენებლად...ეზო მობრძანდით და ჩემი ფანჯრიდან გადაგახედებთ, გაჩვენებთ სიმშვენიერეს. მე აქ ბედისწერამ მომახვედრა თორემ სხვა ადგილი არის სადმე თბილისში ვარანცოვის გარდა?
ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენც მოგვაქციე ყურადღება, ეს ავტოფარეხები ეზოში აღარ ეტევა, აქეთ და იქით გაავსეს მშენებლობებით, სადარბაზოების შესასვლელებთან დაიწყეს სახლების აგება უნდა გავაქირაოთო, მოგვხედეთ, ავტო ფარეხები მოხსენით ფანჯრების ქვეშ, შემოღობილებიც, გადაყარეთ ჟანგიანი მავთულები, ჩანაგვიანებული შენობების გარშემო დაასუფთავეთ რომ ადამიანი დადგეს მაიც და მეორე მხარეს ჯანდაბას. ეს არის ქალაქი? ეს "ციგნების" ბაზარს გავს, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს. აიძულეთ მანქანის მფლობელები მანქანები შეიყვანონ ავტოფარეხში, ან სულ მოხსენით ეს ავტოფარეხები და უფრო მეტი მანქანა დაეტევა . ალამაზე ქალაქი რამდენიც გინდა, უზნეო ქალივით მაინც არაფერს დაემსგავსება.საშინელებაა ამოს ყურება,,,