მთავრობის უუნარობის გამო დიდი ალბათობით ქვეყანას ვერ ასცდება ამა თუ იმ სიმკაცრის ხელახალი შეზღუდვები. ეს კი ჯარიმების გარეშე უაზრობაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ასეთი ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის, კრიზისების დროს კი ორმაგი საფრთხე.
"დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა, რადგან შეამჩნიეს, რომ თანამშრომელს ჰკოცნიდა. ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა? მაგრამ აქ სხვა რამეში ყოფილა საქმე-პანდემიის დროს დაწესებული წესები დაარღვია. დისტანცია არ დაიცვა, პირბადე არ ეკეთა. აბა, პირბადეში როგორ იკოცნავებდნენ? ისე, საინტერესოა, პირბადეში რომ ეკოცნა, როგორ იქნებოდა საქმე-ჩაეთვლებოდა თუ არა წესების დარღვევად?
იმ ქვეყანაში მინისტრი ფაქტობრივად დააჯარიმეს - პოლიტიკური ფასი გადაახდევინეს. ჩვენი მთავრობა როგორ იქცევა? გინდ გიკოცნიათ და გინდ "კომენდანტის საათი" დაგირღვევიათ, მაინც არაფერი გემუქრებათო, უთხრეს ხალხს. 245 ათას ადამიანს ჩამოაწერეს ჯარიმა წინასაარჩევნოდ. ივანიშვილს მაინც გადაეხადა, ცოტა ფული მაინც შევიდოდა ბიუჯეტში. რომ გადაევადებინათ ამ უფულობაში, კიდევ შეიძლება გაგებით მოკიდებოდა ის ათასობით კანონმორჩილი მოქალაქე (მთავრობის წარმოდგენით, ბრიყვები), რომლებმაც უკვე გადაიხადეს ჯარიმები.
ქვეყნის მოსახლების 97,6 პროცენტი არაა აცრილი. 4 მილიონი ცალი ვაქცინის შემოტანის შესახებ მთავრობის ბაქი-ბუქის არავის სჯერა. მთავრობის უუნარობის გამო დიდი ალბათობით ქვეყანას ვერ ასცდება ამა თუ იმ სიმკაცრის ხელახალი შეზღუდვები. ეს კი ჯარიმების გარეშე უაზრობაა. ჰო და, როცა ამის გაკეთება მოუწევთ, რას იტყვიან, ფორმალურად გაჯარიმებთ, მერე მაინც ჩამოგაწერთო? თუ ის ჩამოწერა ბოლო პატიება იყო და მორჩაო? აბსურდია!
ასეთი ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის, კრიზისების დროს კი ორმაგი საფრთხე", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე".
ინფორმაციისთვის, პარლამენტის ბიუროს 28 ივნისის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვით, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.
გარდა ამისა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
მართალია ეს კაცი და რა ვქნა, რაკი ნაცია არ დავეთანხმო? ეს ღარიბაშვილი იმდენს იზამს, 43 პროცენტი კი არა, მგონი 2 იც ვერ აიღონ
უუნაროებიც და ხალხის მტრებიც თქვენ (ნაცები, ევროპელები, ლეიბორისტები და ა. შ. ) ხართ, 7 თვე ქუჩაში ბრძანდებოდით, ძირს უთხრიდით ქვეყანას და ისევ მაგას აგრძელებთ. ყველაფრის გამო მოგეკითხებად აუცლებლად, ეს კარგად დაიმახსოვრეთ,