დასავლური მასმედია ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებას და აანალიზებს იმ მიზეზებს, რომელთა შედეგად, დასავლელი ექსპერტებისათვის მოულოდნელად, აზერბაიჯანთან ომწაგებული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ისევ ხელისუფლებაში დარჩა.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსული სამსახურის («BBC russian») ერევნელი კორესპონდენტი გრიგოლ ათანესიანი პუბლიკაციაში - "ნიკოლ ფაშინიანის მოულოდნელი გამარჯვება“ წერს:
"ეს მოულოდნელი გამარჯვებაა: მმართველი პარტია ხმების 54%-ს აგროვებს და პარლამენტში უმრავლესობას იღებს, რაც მას მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას აძლევს.
ექსპერტები არ ელოდნენ ასეთ შედეგს - ნიკოლ ფაშინიანის რეიტინგი გასულ წელს აზერბაიჯანთან ომში დამარცხების შემდეგ ისე დაეცა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები მისი პარტიისათვის ხმების ძალიან მცირე რაოდენობის მიღებას წინასწარმეტყველებდნენ.
მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ფაშინიანისათვის მიცემული ხმები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები მას მხარს უჭერენ. ეს ფაქტი უფრო პროტესტის გამოვლენაა იმ ოპოზიციური ძალების და იმ ყოფილი პრეზიდენტების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ოცი წელი მართავდნენ.
ამ არჩევნების შედეგად საბოლოოდ გაირკვა, რომ სომხეთის მოსახლეობას ძველი, წინანდელი რეჟიმების დაბრუნება არ სურს.
მაგრამ საინტერესოა, რომ ერევანში, სომხეთის დედაქალაქში, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ 50%-ზე ნაკლები ხმები მოაგროვა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ელიტას ხელისუფლების მოქმედებით იმედი აქვს გაცრუებული. დიპლომატები, სახელმწიფო მოსამსახურეები, სამხედროები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრს საგარეოპოლიტიკური ჩავარდნებისათვის, ხოლო ინტელიგენციას აღიზიანებს ნიკოლ ფაშინიანის პოპულისტური სტილი, რომელიც მყვირალა ლოზუნგებს და ქუჩის აქციებს ეფუძნება.
ნიკოლ ფაშინიანმა, გამოაცხადა რა თავისი პარტიის გამარჯვება, მოსახლეობას ეროვნული ერთიანობის მიღწევა აღუთქვა, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. დღეს სომხური საზოგადოება უკიდურესად არის პოლარიზებული. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ღიად ემუქრებიან: თვითონ ნიკოლ ფაშინიანს ამას წინათ გამართულ მიტინგზე ხელში ჩაქუჩი ეჭირა და მოწინააღმდეგეებს თავის გაჩეჩქვით ემუქრებოდა.
ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ოპოზიციურმა ბლოკმა არჩევნების შედეგების მასშტაბური გაყალბებისა და ფალსიფიცირების შესახებ განაცხადა. მოსალოდნელია, რომ მისი საარჩევნო შტაბი სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს, არჩევნების შედეგების შეცვლის იმედით... მაგრამ ეს სერიოზული ამოცანა იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მისიის ჩათვლით, აგრეთვე დსთ-სა და "ოდკბ“-ის წარმომადგენლებმა უკვე აღნიშნეს: არჩევნების დროს რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ხმის მიცემა მაღალ დონეზე ჩატარდა”, - აღნიშნავს ბი-ბი-სის კორესპონდენტი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
ვულოცავ სომხებს. პაშინიანისნაირი იდეალების მქონე პოლიტიკოსი ნეტა ჩვენთანაც იყოს ერთი. არაა გასაკვირი რომ დაამარცხა ისეთი მედროვეები, რომლებითაც ჩვენი პოზიცია-ოპოზიცია გავსებულია ერთპიროვნულად
სომხები ძალიან გვანან ქართველებს. შეცდომებსაც ერთი და იგივეს ვუშვებთ. აღმოჩნდა, სომხებს არ ჰქონიათ გააზრებული, როგორი გეოპოლიტიკური ვითარებაა მათ გარშემო, რა გამოწვევების წინაშე დგანან. ფაშინიანის არჩევის შედეგია ყარაბაღის დიდი ნაწილის დაკარგვა და იქაურობის სომხური მოსახლეობისაგან დაცლა. ამდენი ეთნიკური წმენდის და გენოციდების შემდეგ კიდევ ეს უნდოდათ? მეგონა, ახლა მაინც მიხვდებოდნენ შეცდომას, მაგრამ არა. რუსეთის პოზიციები ამიერკავკასიაში წარმოუდგენლად ძლიერია. საქართველოშიც კი დასავლეთის გავლენა მოჩვენებითია და გამოიხატება გრანტიჭამია ენჯეოშნიკების დაფინანსებულ წივილ-კივილში. რეალურ ბერკეტებს კი რუსეთი ფლობს. რუსეთმა მეორე შანსი მისცა სომხეთს ამ არჩევნებზე და მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. მეორეს მხრივ, საინტერესოა, როგორი დისკრედიტირებულებული და კორუმპირებულია პოლიტ. ელიტა სომხეთში, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ ისევ ფაშინიანი იმარჯვებს. რუსეთისთვის ორივე ვარიანტი მისაღებია - ამ შემთხვევაში უფრო დააჩქარებს სომხეთის სახელმწიფოებრიობის (თუ რამეა მისგან დარჩენილი) დეგრადაციას და სამომავლო მიერთებას რუსეთთან (საქართველოსთან ერთად, რათქმაუნდა, ჩვენთანაც იგივე პროცესებია). გამოსავალი სად არის? - ჩემი აზრით არ არსებობს გამოსავალი. ქართველი ერი არ აღმოჩნდა მზად, ეშენებინა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამას კონკრეტული უნარები სჭირდება, რაც ციდან ვერ ჩამოვარდება. ან გაქვს ან არა. ამდენ შეცდომას არავინ გაპატიებს ამ მტაცებლურ სამყაროში.