რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე - ცდილობენ ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ ეს პროტესტი“, - ასე აფასებს „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი შსს-ს მიერ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, ჯებირზე ხმაური აუცილებლად გაგრძელდება.
„რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე, შეგიძლიათ ნახოთ, ქვას არავინ არ ურტყამდა. მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა კედლებზე ხელების ბრახუნი, მართლა მიადგათ ადამიანებს თავად დაზიანებები. ზოგადად, რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ მსგავს წინააღმდეგობას გაუძლოს, მისი ფუნქციაც ეს არის. როდესაც ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს. ხმაური აწუხებთ, სინამდვილეში ეს არის ამის საფუძველი, ხმაურით წუხდებიან. ხმაური აუცილებლად გაგრძელდება, ამიტომ მოიგონეს აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს, დაზიანდა რკინის ჯებირი. ახლა, სავარაუდოდ, ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომელმაც ხელის დარტყმით გადაღუნა 5 მმ-იანი რკინის ლითონი. თუ დააკავებენ, ამით დაგვაშინებენ დანარჩენებს, რომ ხმაურით აღარ შეწუხდნენ? ცდილობენ ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ ეს პროტესტი. როგორ წარმოუდგენიათ, ამ ტიპის პროტესტი შეჩერდება ასეთი მეთოდით, რა განცხადების საფუძველზე ვიხილეთ. არაადეკვატური და არასერიოზულია, რაც უნდათ ის აღძრან. კანონს ხომ არავინ არღვევს, ადამიანმა ხელი დაარტყა რკინის ლითონზე, ეს არ არის კანონდარღვევა, თვითონ მიიღო დაზიანება, მათ შორის, იმ ხალხმა, ვინც დაარტყა ხელი, ეს ფაქტები არსებობს, აისახება დაზიანებები. რკინის ჯებირი ხელის დარტყმით როგორ ზიანდება არ ვიცი, - აღნიშნავს გოლეთიანი.
შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.