თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კიდევ ერთხელ იხსენებს იმ დღეს, როდესაც მის კლინიკაში ანაფილაქსიური შოკით 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.
როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში რატიანმა აღნიშნა, ექთანი მათთან კრიტიკულ და უიმედო მდგომარეობაში მიიყვანეს.
"როდესაც ახალგახრდა ქალი შემოიყვანეს ჩვენთან, ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ეს სავარაუდოდ გამოიწვია აცრის შემდგომმა ანაფილაქსიურმა რეაქციამ, რომელიც მივიდა გულის გაჩერებამდე. გულის გაჩერება დაფიქსირდა აღნიშნულ კლინიკაში (ახალციხეში), მოხდა წარმატებული რეანიმაცია, თუ შეიძლება მას წარმატებული ეწოდოს.
პაციენტი ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. როდესაც შემოვიდა ჩვენთან, მდგომარეობა იყო მძიმე, სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტვილაციაზე, წნევა მკვეთრად არასტაბილური, საჭიროებდა მეგადოზებით ჰერმოდინამიკის შენარჩუნებას. ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამ ბალიანი კომა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა" - აღნიშნა რატიანმა.
ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა. მეგი ბაქრაძე დღეს დაკრძალეს.