ავტორი:

"გახარიას ჩემგან დახმარების გარდა არაფერი მიუღია" - რას აცხადებს სკანდალურად ალაპარაკებული სოსო გოგაშვილი და ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ექსმაღალჩინოსანს?

"გახარიას ჩემგან დახმარების გარდა არაფერი მიუღია" - რას აცხადებს სკანდალურად ალაპარაკებული სოსო გოგაშვილი და ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ექსმაღალჩინოსანს?

ტელელკომპანია "ტვ პირველმა" სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის “სკანდალური და სენსაციური აღიარებითი ინტერვიუ დააანონსა.

როგორც აღმოჩნდა, “ოცნებიდან” წასული ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს არღვევს. რატომ წავიდა გუნდიდან და რატომ მოიწადინა საჯარო "აღიარება", ამას თავად სოსო გოგაშვილის ინტერვიუდან შევიტყობთ, მანამდე კი Ambebi.ge-თვის კულუარებიდან გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის, მათ შორის ზურაბ ალავიძის, ოთარ ფარცხალაძისა და სოსო გოგაშვილის მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება და კორუფციული დანაშაულების მამხილებელი მტკიცებულებების შეგროვება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ სერიოზული სამხილების დადების შემთხვევაში, ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავონ.

სანდო წყარო ამბობს, რომ: "გამოძიება მიდის კორუფციის კუთხით და კონკრეტულად გახარიას ვიზირებით".

Ambebi.ge სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო სოსო, მართლა მიმდინარეობს სამხილების შეგროვება თქვენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ? ვრცელდება ინფორმაცია თქვენი შესაძლო დაკავების შესახებაც... რა იცით ამის შესახებ?

- მე არ ვარ ბრალმდებელი ორგანო და თუ დევნის ობიექტი ვარ, მაშინ უნდა იკითხოთ მათთან, ვინც ამის განხორციელებას აპირებს. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ ეს უფრო პარტიული "მესიჯბოქსია". ყოველ შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს მუხლი და სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც ჩემს მიერ შეიძლება იყოს ჩადენილი, ამას გამოვრიცხავ. დანარჩენი, პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. რაც მთავარია, მუშაობენ, ესაა მთავარი და ეს კარგია.

- და რას უკავშირებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ამ "მესიჯბოქსის გამოშვებას"?

- გეცოდინებათ, "მესიჯბოქსი" სტანდარტული პროცედურაა და როდესაც ქვეყანაში ხდება რაღაც ისეთი მოვლენა, რომლითაც შეიძლება დაზიანდეს, მაგალითად, გუნდის, პარტიის იმიჯი, ასეთ შემთხვევაში შედგება მისი ამუშავება. ასევე იქმნება გეგმა, რითიც ხდება თემის სხვა რაღაცით გადაფარვა. შეიძლება რაღაც ახალი ამბავი მოხდეს, ვიღაცა დაიჭირონ და ამით რაღაც გადაიფაროს. რატომ აფორიაქდნენ ასე?

- ალავიძე-ფარცხალაძეზეც არ ხართ ინფორმირებული?

- არ ვიცი, ოთარის და ზურას მიმართ რა საქმეზე და რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე. "ფეიკნიუსები" კი ვრცელდება მათ მიმართ, მაგრამ არ ვიცი, ვითომ 700 მილიონს ედავებიან? ვერ გეტყვით... მაშინაც ასე მოხდა, ესენი რომ წავიდნენ, ცდილობდნენ ნაგავი მიეყარათ. სიმართლე გითხრათ, მზად ვიყავი ამისთვის, ბავშვი არ ვარ და არც ხელწამოსაკრავ თანამდებობაზე მიმუშავია, რომ რაღაც ისეთი დავაბრახუნო, რომელიც ლოგიკასთან ახლოს არაა. არ მეგონა, იქამდე თუ დაეშვებოდნენ, რომ ჩემს მიმართ ასეთ "მესიჯბოქს" გამოუშვებდნენ იმ სისტემიდან, რომელიც ზეპირად ვიცი. სასაცილოა, უბრალოდ, ეს მოულოდნელი არაა ჩემთვის, ამისთვის მზად ვიყავი.

- სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრან, დარწმუნებული ხართ, რომ სუფთად გამოხვალთ?

- ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში არ არსებობს არანაირი სს სამართლებრივი გადაცდომა და დარღვევა, არც იქამდე და არც - მას მერე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის სასაცილო. საქმის აღძვრას რაც შეეხება, ძალიან ბევრი საქმეა რეალურად აღსაძვრელი და ჩემს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს საქმეები აღიძრას და სს პასუხისგებაში მართლა მიეცნენ კორუმპირებულები, მულტიმილიონერები, მილიონერები და ა.შ. ასე რომ, პრობლემა არ არის.

- გუნდიდან თქვენი წასვლის მიზეზი ვინ, ან რა გახდა?

- არავინ არ გამხდარა ამის მიზეზი. როდესაც ბატონმა ბიძინამ პარტიის შექმნაზე გააკეთა განცხადება, იქ მაშინ მივედი რიგით წევრად, არავის იქ არ მივუყვანივარ არც კახეთიდან და არც სხვა კუთხიდან. ჯერ მივიდა ერეკლე კუხიანიძე და მერე მივედი მე, ოღონდ, მივედი ბიძინა ივანიშვილის გამო. წელიწადზე მეტია, მაქვს ინფორმაცია და ვიცოდი, რომ ივანიშვილი პარტიას ტოვებდა. უბრალოდ, მე ისეთ დროს წამოვედი, როცა ასე ვთქვათ, პარტიის რეიტინგი იყო პიკში (63% ედოთ კვლევის შედეგი) და არ წამოვედი 2019-ში და არც მანამდე იმიტომ, რომ მაშინ გუნდს ცუდი პერიოდი და პრობლემები ჰქონდა. ისე გამოდიოდა, რომ ჩაძირული გემიდან გავრბოდი, ამიტომაც დავრჩი გუნდში, თუმცა თითქმის არაფერში ვერეოდი. შემდეგ ბატონ ბიძინას ვესაუბრე პირადად, მასთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი. კაცი, რომლის გამოც პარტია შეიქმნა, ვის გამოც იქ მივედი და სადაც ის იყო ჩემი პარტიაში ყოფნის მთავარი საფუძველი, პარტიაში აღარ რჩებოდა, ბუნებრივია, მე იქ აღარ გავჩერდებოდი.

- გიორგი გახარიასთან მართლა გქონდათ დაპირისპირება?

- აბსოლუტურად არანაირი... მისი გაცნობის დღიდან, იქიდან მოყოლებული, რაც გახარია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა, მას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია. ასე რომ, მე მასთან დაპირისპირება არ მქონია. არც სხვებთან, ვისთანაც ვურთიერთობდი.

- ახლა რას აპირებთ, რაიმეს თქმას, ან კომპრომატების გასაჯაროვებას ხომ არ გეგმავთ, რაც მაგალითად, პოლიტიკურ ამინდს და პროცესებს შეცვლის ქვეყანაში?

- ამას მალე, შემდეგი კვირიდან გაიგებთ, გელით სიახლეეები. ჯერ ვერაფერზე მიგანიშნებთ. იმისთვის არ ვემზადები და იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ პროცესები შეიცვალოს. თუმცა უკეთესობისკენ თუ რამე შეიცვლება, ეს ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა. უბრალოდ, რასაც ვსაუბრობ, ეს კონკრეტულ ამბებს ეხება.

- რაღაც მიზანი ხომ გაქვთ, რომ ალაპარაკდით... არ იტყვით, რას ემსახურება საჯარო აღიარება?

- არა, არანაირი მიზანი არ არსებობს. ვინმეს თუ რამის შეეშინდა და მოქმედებები დაიწყო, ეს თავისი პრობლემაა. ნუ აჩქარდებით, მოუსმინეთ ინტერვიუს, დაელოდეთ და ბევრ რამეს გაიგებთ.

"გაერთიანდით - რუსეთს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს დიდი საჩუქარია პუტინისთვის" - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

"ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული... არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს - მელიას "ქეისი" მისთის ტესტი იქნება" - სოციოლოგი

"ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას საბარგულს უმოწმებენ... ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე" - ნიკა მელია