თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ თურქეთს სამხრეთ კავკასიაში პერმანენტული მშვიდობა სურს და ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს. როგორ წარმოუდგენია ამ ომში საქართველოს როლი და რა მოხდება, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთი ჩაერთვება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ის "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.
ფატმა ჯერენ იაზგანი:
- რუსეთი ორივე მხარეს - აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც იარაღს აწვდის, იმ განსხვავებით, რომ აზერბაიჯანი მისგან ყიდულობს, ხოლო სომხეთს ჩუქნის გრანტის სახით. მაგალითად, აშშ-ის კონგრესი და სენატი აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, იმავდროულად კი არ შეახსენებენ სომხეთს, რომ ის არღვევს გაეროს რეზოლუციებს, რომ უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან.ჩვენ ვხედავთ რა ამ მდგომარეობას, ვამბობთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს, და რეაქცია, რომელიც რატომღაც ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მომართული, არც მე მესმის და არც თურქეთს. ჩვენ ყველას საჯაროდ ვეუბნებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კავკასია და ბალკანეთი, სადაც არაერთი კონფლიქტი იყო და შესაბამისად, მყიფე მდგომარეობაა, ორმაგი სტანდარტი ძალიან საშიშია.თურქეთი არ არის კონფლიქტის მონაწილე, კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის დამყარება ჩვენთვის უმთავრესია. ეს რომ არ გვინდოდეს, 2009 წელს სომხეთთან არ დავიწყებდით "ციურიხის ოქმების" პროცესს. ჩვენ გვინდა რეგიონის ამ ნაწილში ქვეყანა, რომელსაც არ ექნება პრეტენზიები მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსა და თურქეთთან.
...
სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოშიც ცხოვრობენ და ჩვენ აქაც დავინახეთ ერთმანეთზე წაქეზების ერთგვარი პოლიტიკა. თურქეთის შეფასებით, ეს ძალზე სახიფათოა - ერთია ომის და ომის იურისპრუდენციის შესაბამისად მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მეორე კი ომის გამოყენება საზოგადოების რადიკალიზაციის მიზნით, რათა აღიკვეთოს ომის მშვიდობიანად დასრულების პერსპექტივა. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ჯერჯერობით კარგად იჭერს ვითარებას, მაგრამ მოხდა უსიამოვნო ფაქტებიც. სამწუხაროდ, სომხეთის პოლიტიკა გზას უხსნის მესამე მხარის მიერ შუღლის გაღვივების მცდელობას.
- ყარაბაღის ომში საქართველო ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. როგორ აფასებს თურქეთი ასეთ მიდგომას და კიდევ რა გვმართებს ჩვენ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად?
- საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა თქვენი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია. მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, შესაძლოა საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტული არ ჩანს, მაგრამ ამ დროს საქართველოს ორ მეზობელს შეიარაღებული კონფლიქტი აქვთ. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია არ მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რასაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. მე მჯერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყება ყველა საჭირო ზომას მიიღებენ და ფაქიზად მიუდგებიან ამ საკითხს. საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა მივდიოთ ამ პრინციპებს.
ვფიქრობ, საქართველოს ამ საკითხში სწორი პოლიტიკა აქვს:
1. ის პრინციპულ პოზიციას ყოველთვის აფიქსირებს;
2. ცდილობს იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის.
3. სამართლიანი პოზიციაა, რომ საქართველოს არ სურს გამოაყენებინოს საკუთარი ტერიტორია შეგროვებული ფულით იარაღის შეძენისა და გაგზავნისთვის.
ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რადგან თურქეთი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველოს საზღვრები დემარკირებული აქვს. ჩვენ არა გვაქვს ამგვარი პრობლემა ერთმანეთთან. საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ, აქვთ საერთო დასახლებები, ერთად ცხოვრების კულტურა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მესამე მხარეების მიერ შემოგდებული მცდარი და მახინჯი პროპაგანდა მიმდინარეობს. მთავარია, ამ პროპაგანდის გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი. მაგალითად, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლენა ნაზარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთვის გარანტია იმისა, რომ თურქეთმა არ მოახდინოს საქართველოს ოკუპაცია. აი, ასეთ ფაქტებთან გვიწევს გამკლავება. საქართველომ ასეთ პროპაგანდას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. წაიკითხეთ სტატია სრულად