ავტორი:

ასობით ათასი დემონსტრანტი, გაძევებული ოპოზიციის ლიდერი და ლუკაშენკო, რომელიც თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს -  ბელარუსში პროტესტი არ წყდება

ასობით ათასი დემონსტრანტი, გაძევებული ოპოზიციის ლიდერი და ლუკაშენკო, რომელიც თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს -  ბელარუსში პროტესტი არ წყდება

ბელარუსში საზოგადოების ვნებათაღელვა არ ცხრება. ადამიანების პროტესტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას უკავშირდება, კვლავ გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ საპროტესტო აქციები დაშალა და ამ მიზნით მანათობელი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ ათობით ადამიანი დააკავა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა, ბელარუსის მოქალაქეები გასულ შაბათ-კვირას კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ და ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქცია გამართეს.

მომიტინგეები ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში შეიკრიბნენ.მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციაში მინსკში სულ ცოტა, 200 000 ადამიანი მონაწილეობდა. მოქალაქეებმა მოაწყვეს მსვლელობა და ისინი მოქმედ პრეზიდენტს შეძახილებით წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად აქცია გამართეს ლუკაშენკოს მხარდამჭერებმაც, რომლებსაც პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, არჩევნები განმეორებით არ გაიმართება და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ის ზეწოლის ქვეშ რაიმეს გააკეთებს

"თქვენ აქ მოხვედით თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, ცოლების, დებისა და შვილების დასაცავად. არჩევნები უკვე ჩატარდა და სხვა არჩევნები აღარ იქნება“, - მიმართა ლუკაშენკომ მხარდამჭერებს.

ლუკაშენკომ აღნიშნულზე ისაუბრა ტრაქტორის ქარხნის მუშებთან შეხვედრის დროსაც. "ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ვიდეომიმართვა გაავრცელა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, სადაც ამბობს, რომ ის მზად არის იმოქმედოს, როგორც "ეროვნულმა ლიდერმა“.

"თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

.

შეგახსენებთ, რომ ტიხანოვსკაია ბელარუსში არ იმყოფება. მან ლიეტუვას შეაფარა თავი, გამგზავრებამდე კი გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანა საკუთარი შვილების უსაფრთხოების გამო დატოვა. კიდევ ერთ ვიდეო მიმართვაში კი ის ბელორისის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის საზღვრის დასავლეთ ნაწილთან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტანკები და თვითმფრინავები განათავსა. ეს ინფორმაცია ნატოს ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, თუმცა განაცხადეს, რომ ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.

"ნატო-ს რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება არ განუხორციელებია. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალეროვნული კომპონენტი არც ერთი ქვეყნის მიმართ საფრთხეს არ წარმოადგენს, თავდაცვითი და პროპორციულია და კონფლიქტის აღკვეთისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი,”- განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკომ.

  • საერთაშორისო გამოხმაურება

ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. გერმანიის ვიცე კანცლერმა ოლაფ შოლცმა ლუკაშენკოს "ცუდი დიქტატორი“ უწოდა. როგორც მან გამოცემა Bild-თან საუბრისას აღნიშნა, ბელორუსის ლიდერმა ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მობილიზება ასობით ათასი ბელორუსი დემონსტრანტის გვერდით, რომელთა პროტესტიც მშვიდობიანია და რომლებიც თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თავიანთი უფლებებისთვის პატივისცემას მოითხოვენ.

ამასთან, ბელარუსის საკითხზე ევროპული საბჭო მიმდინარე ოთხშაბათს სხდომას გამართავს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"ბელარუს ხალხს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს ლიდერი. ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“.

როგორც BBC წერს, თავად ლუკაშენკო რუსეთისგან ითხოვს დახმარებას, რადგანაც ქვეყანაში არეულობა კვლავ გრძელდება. შაბათს მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაჰპირდა, რომ საგარეო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, მას დახმარებას გაუწევს.

ლუკაშენკომ და პუტინმა ტელეფონით გასული კვირის განმავლობაში ორჯერ ისაუბრეს.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარცევნო კომისიის მიერ თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

"დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია" - ბელარუსის ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა - რას წერს BBC

CNN  - აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა