საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში მე-16 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2-ის კონტაქტი დადგენილი არ არის და ამ დროისათვის ვირუსის წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ეზუგბაიას განმარტებით, დანარჩენი 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 შემოტანილი შემთხვევაა, 5 კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია.
„გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 1049 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა - იყო 900 და გახდა 903. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 86 %-ია, ხოლო კოვიდცენტრებში ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს 168 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ამ 10 ახალი შემთხვევიდან, 5 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 1 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდან. 2 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებით და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს და ჯამში 700-მდე პირს აუღებენ „პი-სი-არ“ ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას.
„მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს ეპიდემიოლოგთა 6 ჯგუფი, აქედან 3 ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან, ერთი - რუსთავის, ორი - გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფი. დღის განმავლობაში აღებული ნიმუშები საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება“, - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.
აბა, თქვენ იცით, საარჩევნოდ დაძაბეთ სიტუაცია და გამოკეტეთ ხალხი სახლში! მაინც არაფერი გამოგივათ, სულ ტიკ ტოკში რომ იტლინკაოთ!!!!!
არ შეიძლება ამ გარდაბანში და მარნეულში ყველა შემოწმდეს ტესტზე, რამდენი იქნება ჰა 2000 კაცი?