ავტორი:

"მე ის იუბილარი ანა გაბეჩავა ვარ. მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია", - რაზე ესაუბრა ანა გაბეჩავა ელისო კილაძეს

"მე ის იუბილარი ანა გაბეჩავა ვარ. მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია", - რაზე ესაუბრა ანა გაბეჩავა ელისო კილაძეს

გადაცემაში "პოლიტმეტრი“ ჟურნალისტი ელისო კილაძე ყვება, რომ "ფეისბუქის“ საშუალებით, დაუკავშირდა ანი გაბეჩავა, გოგონა, რომლის დაბადების დღის წვეულების შემდეგაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა და მოუყვა იმ დეტალების შესახებ, რაზეც მას აქვს ინფორმაცია.

გაბეჩავა ამბობს, რომ მას გიორგი შაქარაშვილი 3-4-ჯერ ჰყავდა ნანახი. მისივე თქმით, არ იცნობდა დაბადების დღის წვეულების სტუმარს, ვახო ჩიქოვანს და არ იცის ჩიქოვანი მის დაბადების დღეზე ვინ მიიყვანა.

"გამარჯობა, მე ის იუბილარი ანა გაბეჩავა ვარ. მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, რათა ჩემ წინააღმდეგ აღარ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია.

დავიწყებ იქიდან, რომ შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. მყავდა სამი-ოთხჯერ ნანახი, ჩემი მეგობრების მეგობარი იყო და არანაირი სიმპათია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც ვიცნობ. არც იყო დაპატიჟებული. არ ვიცი, ვინ მოიყვანა, მოვიდა ბოლოსკენ, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი“, - წერს გაბეჩავა კილაძეს.

კითხვაზე, თუ ვინ სცემა ვახოს წვეულებაზე, ის პასუხობს, რომ არ იცის და არ დაუნახავს. ანი გაბეჩავა ასევე ამბობს, რომ არ იცის ჩხუბის კონკრეტული მიზეზი.

"არ ვიცი, არ მგონია“ - ასე პასუხობს გაბეჩავა კითხვას - იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს შაქარაშვილი და ვახო ჩიქოვანი.

"მოკლედ, როცა გავიგე ჩხუბის შესახებ, გავედი გარეთ. გავყარე ბავშვები დაბადების დღიდან, წავიდა ორივე მხარე - ნახალოვკელებიც და საბურთალოელებიც“, - წერს ანი.

კილაძის თქმით, ანი გაბეჩავა ამბობს, რომ დაბადების დღის სტუმარმა, ბარბარე ურიდიამ მას უთხრა, რომ გარეთ ჩხუბი იყო, რის შემდეგაც გოგონები, ყველანი გარეთ გავიდნენ.

კილაძე ანი გაბეჩავას მონათხრობზე დაყრდნობით ამბობს, რომ როდესაც ანი სახლში შებრუნდა, შაქარაშვილი და გაბეჩავას რამდენიმე მეგობარი იმ დროს სახლში იყო დარჩენილი. მეგობრები მას (გაბეჩავას) ამშვიდებდნენ, რადგანაც ტიროდა იმიტომ, რომ დაბადების დღე არ გამოუვიდა. შემდეგ ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე, ლისზე წასულიყვნენ (წაქაძის აგარაკზე).

ანი გაბეჩავა წერს, რომ მას წასვლა არ უნდოდა, მაგრამ საბოლოდ მაინც დათანხმდა.

კილაძე გაბეჩავას ეკითხება, თუ რატომ არ დაკეტა სახლი, როდესაც წავიდა, რაზეც გაბეჩავა პასუხობს, რომ იქ მისი მეგობარი შეყვარებულთან ერთად დარჩა (ეთუკა ხოშტარია და გენო თებაძე).

გაბეჩავას მონათხრობის მიხედვით კილაძე ამბობს, რომ საბოლოოდ, სახლი სწორედ ამ ორმა (ეთუკა ხოშტარიამ და გენო თებაძემ) დაკეტა და გასაღები სახლის მეპატრონეს მათ ჩააბარეს.

გაბეჩავას თქმით, ლისზე წასული ჯგუფიდან ერთ-ერთთან დარეკა ვახო ახვლედიანმა და შეატყობინა, რომ მოხდა ჩხუბი, რის შემდეგაც ლისზე წასულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლისზე აღარ დარჩენილიყვნენ.

"წამოვედით ისევ უკან, გზაში შემხვდნენ წამოსული ბავშვები, მე დავრჩი მათთან, და ეს საბურთალოელები წავიდნენ, სად - არ ვიცი“ - ამბობს გაბეჩავა და კითხვაზე, თუ ვისთან დარჩა, პასუხობს, რომ წავიდნენ თემქაზე, ნათესავების, ადეიშვილების სახლში. კილაძის თქმით, ეს ოჯახი (ადეიშვილების ოჯახი) შეხებაშიც კი არ ყოფილა მომხდარ ამბავთან.

ლისიდან დაბრუნებულები გზაში ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა მოხდა, მაგრამ ანა გაბეჩავას თქმით, ვერავის ვერ დაუკავშირდნენ.

"ჩვენ დაახლოებით ერთი საათი, ან უფრო მეტი გაჩერებულები ვიყავით ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს ჩემმა ნათესავებმა, ადეიშვილებმა შემომთავაზეს, რომ დავრჩენილიყავი მათთან და ეს დარჩენილი ბავშვებიც ამეყვანა. ამ დროს იაკობი(გულისმოხბს ფოტოგრაფს) ჩვენთან ერთად არ ყოფილა. ჩვენ ჩავსხედით მანქანაში. ორი მანქანით ვიყავით, ორივე ჩემი ნათესავების, გადავნაწილდით და წავედით თემქაზე ადეიშვილების სახლში. როცა წავედით, გზაში დავინახე იაკობი, ავტოსტოპით მიდიოდა სადღაც, სავარაუდოდ, სახლში“, - წერს კილაძეს გაბეჩავა.

მისივე თქმით, იაკობი მანქანაში ჩაისვეს და წაიყვანეს თემქაზე.

ელისო კილაძის თქმით, იმ მომენტში, როცა მცხეთაში საშინელებაა მომხდარი, ან ხდება, იაკობი ავტოსტოპით მიდიოდა "სადღაც". კილაძე ამბობს, რომ იაკობი თავის ჩვენებაში არ ყვება იმის შესახებ, რომ ის ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. ფოტოგრაფი ჩვენებაში ამბობს, რომ ის პატრულმა ჩამოიყვანა და წავიდა სახლში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ლისზეც ყოფილა და შემდეგ კი თემქაზე.

"იაკობი მე დავპატიჟე, ჩემი მეგობარია. წამოვიდა თემქაზე. გზაში მოგვიყვა ის, რომ მანქანით გაჩერდნენ, ეს გაიქცა და სადღაც დაიმალა, რის შემდეგაც, დარეკა 112-ში და ჩამოიყვანა თბილისამდე. წავედით თემქაზე იაკობთან ერთად. ამ პერიოდში ვიგებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი უბრალოდ არ გამოჩენილა და ტელეფონი არ ჰქონია და ვერ უკავშირდებოდნენ. სანამ სახლში ავიდოდით ადეიშვილებთან, ცოტა ხანი გავჩერდით ეზოში, ისევ ვცდილობდი, რომ რომელიმე კლასელს დავკავშირებოდი. ვერაფერი ვერ გავარკვიე და ავდივართ სახლში ადეიშვილებთან“, - წერს გაბეჩავა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე

"ტყეში მშიერმა ხიდან გამოთლილი კაუჭებით მანიშნებლები აკეთა" - აჭარაში 85 წლის მოხუცი 5 დღიანი ძებნის შემდეგ სახლში უვნებელი დააბრუნეს