ავტორი:

"გოგონა მომავლიდან" - 18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ნომერ პირველ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

"გოგონა მომავლიდან" - 18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ნომერ პირველ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ერთ-ერთმა წამყვანმა სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, École polytechnique-მა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.

ქართველი გოგონა უკვე 2 წელია, დიდი ბრიტანეთის Worksop College-ში სწავლობს, ახლა კი, თუ საცხოვრებლის თანხების სპონსორის მოძიებას შეძლებს, პარიზის პრესტიჟულ სამეცნიერო სასწავლებელში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ისწავლის.

École polytechnique მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგის ასეულში იკავებს ადგილს, საფრანგეთში კი ნომერ პირველ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად ითვლება. სასწავლებელს უამრავი წარმატებული ადამიანი ჰყავს აღზრდილი: ნობელის 3 ლაურეატი, საფრანგეთის 3 პრეზიდენტი, ფრანგული თუ საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლები.

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული მათემატიკისა და ფიზიკის მრავალ, მათ შორის, ბრიტანეთის ოლიმპიადის ვერცხლისა და ოქროს სერტიფიკატებს ფლობს, ამის პარალელურად კი უამრავი სხვადასხვა ინტერესი აქვს: სამოქალაქო აქტივიზმი, სპორტის რამდენიმე სახეობა, ლაშქრობა და ა.შ.

მარიამი AMBEBI.GE-ს საკუთარი წარმატების, ინტერესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა:

- École polytechnique-ში მოსახვედრად რამდენიმე ეტაპი გავიარე - გავგზავნე აპლიკაცია ესეებით, სამოტივაციო წერილით, კომაროვში მიღებული ნიშნებით. დავურთე ინგლისის კოლეჯის მასწავლებლების რეკომენდაციები და ჩემი სრული CV, ამასთან, საერთაშორისო გამოცდებში მიღებული ნიშნები.

შემდეგ ეტაპზე ინტერვიუზე დამიბარეს, რომლის ნახევარიც მთლიანად კონცენტრირებული იყო უმაღლესი მათემატიკის ამოცანების ამოხსნაზე - უნივერსიტეტის პროფესორი ონლაინ რეჟიმში მაძლევდა ამოცანებს და მე თან ვესაუბრებოდი, თან - ამ ამოცანებს ვხსნიდი. ინტერვიუს მეორე ნაწილი სამოტივაციო კითხვები იყო, თუ რატომ მსურდა სწავლის გაგრძელება მათემატიკა-ფიზიკის მიმართულებით. ეს ინტერვიუ ინგლისურ ენაზე იყო, ასევე, უნივერსიტეტში მთლიანი კურსიც ინგლისურად იქნება.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უნივერსიტეტში ე.წ. "წარჩინებით" მიღებაზე თანხმობა მივიღე, რამაც მომცა საშუალება, აპლიკაცია ფინანსურ დახმარებაზე გამეგზავნა, რომელზეც ასევე დადებითი პასუხი მოვიდა.

- დაფინანსება იქ ცხოვრების ხარჯებზეც ვრცელდება?

- სამწუხაროდ არა, სრული დაფინანსება მხოლოდ სწავლას ეხება, წელიწადში ეს დაახლოებით 14 000 ევროა, სწავლა კი სამწლიანია. ახლა ზუსტად ეს პრობლემა მაქვს, ვცდილობ, იქ ყოფნის ხარჯები მოვიძიო - უნივერსიტეტს ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია, სწავლის დაფინანსებაც ძალიან იშვიათია, ერთეულ კანდიდატებს ირჩევენ. ვცდილობ, ვიპოვო სპონსორი, რომ საერთო საცხოვრებელში ჩემი ცხოვრების ხარჯები დავფარო, რადგან ჩემს ოჯახს ამ ეტაპზე მისი სრულად დაფარვის საშუალება არ აქვს.

- უკვე 2 წელია ბრიტანეთში სწავლობ, ეს როგორ მოახერხე?

- 2018 წელს HMC-ის დაფინანსების პროგრამაში გავიმარჯვე, რამდენიმე ეტაპის გავლის მერე ინგლისის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა კოლეჯმა მთლიანად დამიფინანსა 2 სკოლის დამამთავრებელი, 2-წლიანი სწავლება, რომლის ფარგლებში 3 ან 4 საგნის არჩევა შემეძლო. მოსწავლეებს სწორედ ამ საგნებში გამოცდების შედეგად აღებული დიპლომის საფუძველზე იღებენ ინგლისის უნივერსიტეტებში. მეორე წელია, ინგლისში, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, სკოლის კამპუსში. საგნებს რაც შეეხება, მათემატიკა, უმაღლესი მათემატიკა, ფიზიკა და ფრანგული ავირჩიე.

- ფიზიკა-მათემატიკის გარდა, შენი სხვა ინტერესების შესახებ მოგვიყევი...

- კომაროვში მეშვიდე კლასიდან ვსწავლობდი და აკადემიური საქმიანობით ვიყავი დაკავებული - მათემატიკა, ფიზიკა და სხვა საგნები, მაგრამ ადრეული ასაკიდან სხვადასხვა საკითხით ვიყავი გატაცებული. პროფესიის არჩევაში ჩემმა ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბებლობამ ის გამოიწვია, რომ ძალიან ბევრი მიმართულება ვცადე, რომ ჩამოვყალიბებულიყავი და უკეთ გადამეწყვიტა, თუ რისი გაკეთება მინდოდა მომავალში.

ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ვარ არაფორმალური განათლების საკითხებითა და ზოგადად, განათლების სისტემის პრობლემებით საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში - მსურს, ჩემი მთავარი პროფესიის პარალელურად, ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები შევიტანო. ასევე, მონაწილეობას ვიღებდი არაფორმალური განათლების ფორუმებში, სადაც სხვადასხვა უნარ-ჩვევა განვავითარე, ჩართული ვიყავი დებატებში. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ საჯარო გამოსვლებით, საქართველოშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ამგვარ კონკურსებში.

ამავდროულად, ვიყავი და ვარ ნაწილი გაეროს მიერ დაფინანსებული პროგრამისა - "გოგონები მომავლიდან". დაახლოებით 2 წლის წინ ჩავერთე ფოტოპროექტში, სადაც სურათებს უღებდნენ სხვადასხვა ინტერესის მქონე გოგონებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ამან საშუალება მომცა, რომ ჩემი გამოცდილება, სამეცნიერო სფეროში თუ სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, ჩემი თანატოლებისთვის გამეზიარებინა.

გამოფენის ფარგლებში, ზუგდიდში ვიყავი, სადაც ჩემს თანამოაზრეებს ვესაუბრე პრობლემებზე, რომელთაც შეიძლება, გოგონები გენდერული თანასწორობის ფარგლებში აწყდებოდნენ. გენდერული საკითხებიც ჩემი სოციალური ინტერესების ერთ-ერთი საგანია.

- როგორც ვიცი, დაინტერესებული ხარ ლაშქრობით, გიყვარს სპორტი...

- ბავშვობიდან სპორტული ვიყავი, ლაშქრობების სიყვარული ჩემი ოჯახიდან მოდის - მათი დიდი დამსახურებაა, რომ ძალიან პატარა, 3-4 წლის ასაკიდან მიმაჩვიეს ბუნებაში დროის გატარებას. რაც შეეხება სპორტს, დაახლოებით 5 წლიდან მოციგურავე ვარ, საქართველოში ამ სპორტს სერიოზულად მივყვებოდი, თუმცა შემდეგ სწავლისთვის დიდი დროის დათმობის გამო აქტიურად ვეღარ გავყევი.

ასევე, უკვე მესამე წელია, ზამთრობით ბაკურიანში ინსტრუქტორად ვმუშაობ, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს თხილამურებზე ან სნოუბორდზე სრიალს ვასწავლი. ტურისტების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, რადგან სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობ - რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად.

- გარდა იმისა, რომ სტუდენტური საცხოვრებლისთვის უნდა მოიპოვო დაფინანსება, ამ ეტაპზე სხვა რა გეგმები და მიზნები გაქვს?

- ფიზიკის გარდა, კომპიუტერული მეცნიერებები მაინტერესებს. ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძალიან კარგი მხარე ის არის, რომ შეგიძლია, სამი წლის განმავლობაში ორ მთავარ მიმართულებებად მათემატიკა და ფიზიკა გქონდეს არჩეული და ამავდროულად, გქონდეს ე.წ მეორეხარისხოვანი საგანიც. უნივერსიტეტში, მულტიდისციპლინარული პროგრამის ფარგლებში შემიძლია, ერთდროულად ვისწავლო კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკის საფუძვლები და ბიოლოგია.

ამ ეტაპზე ძალიან მინდა, ამ მეცნიერებების სწავლის შემდეგ რამენაირად მოვახერხო მათი გაერთიანება და ასევე, ჩავერთო ფიზიკის სამეცნიერო კვლევაში. ამჟამად ძალიან დაინტერესებული ვარ ლაზერული ფიზიკის განვითარებით, რაც მეცნიერებს შემდგომ სხვადასხვა დაავადების პროგნოზირებასა და გამოკვლევაში დაეხმარება.

ამის მისაღწევად მხოლოდ ერთ საგანში სპეციალიზირება საკმარისი არ არის - უნივერსიტეტი ზოგადად, მეცნიერებაზე ძალიან მყარი და კარგი ცოდნის მიღების საშუალებას მაძლევს.

- შენს თანატოლებსა ან მოსწავლეებს შენი გამოცდილებიდან რას ურჩევ?

- ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, ის არის, რომ მუდმივად მშრომელები იყვნენ და რამეს თუ დაისახავენ მიზნად, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ!

ბრიტანეთში მეთერთმეტე კლასის ბოლოს წავედი, მაშინ სკოლაც არ მქონდა დამთავრებული, თუმცა ოქროს მედალოსნობის კანდიდატი ვიყავი და ამის გამო, მეთორმეტე კლასში ექსტერნის გამოცდები ჩავაბარე და კომაროვის ატესტატიც ავიღე. ის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთბაშად ან კონკრეტული მიზნის მისაღწევად არ გამიკეთებია - უბრალოდ, მართლა დაინტერესებული ვიყავი და ამდენი აქტივობა უბრალო ინტერესისა და მისი განხორციელების შედეგად შეგროვდა.

ამიტომ, ახალგაზრდებს ვურჩევდი, იყვნენ მუდმივად დაინტერესებულები და მოტივირებულები, გაიგონ რაიმე ახალი, რაც მათ ინტერესების სფეროების გაფართოებამდე და გაღრმავებამდე მიიყვანს, ამით უფრო სწორ და ნათელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმ სფეროში, რასაც გაჰყვებიან.

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ