სუზან ბოილი ბრიტანული "ნიჭიერის“ ფინალისტია, რომლის მუსიკალურმა მონაცემებმაც არა მხოლოდ ბრიტანელები, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარა და საქართველოშიც არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა.
შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სუზანის ბრიტანულ ნიჭიერში გამოჩენიდან თითქმის 10 წელი გავიდა.
შოტლანდიური წარმოშობის მომღერალი ამბობს, რომ პროექტში მოგებული ფულით, მან მდიდრული სახლი იყიდა, თუმცა იქ არ ცხოვრობს.
58 წლის სუზანი "ნიჭიერში“ 2009 წელს გამოვიდა. მაშინ ამბობდა, რომ მომღერლობა, სცენაზე გამოსვლა მისი მთავარი ოცნება იყო. ახლა ბედნიერია, რადგანაც ოცნება აიხდინა. მომღერალი მდიდრულ ცხოვრებაზე უარს ამბობს და მშობლების ძველ სახლში ცხოვრობს.
"დიახ, მე ვიყიდე მდიდრული სახლი, მაგრამ იქ არ ვცხოვრობ. ბლექბერნში, დედაჩემის ძველ სახლში ვცხოვრობ, რადგანაც ეს სახლი ჩემი ცხოვრების ისტორიის ნაწილია. ჩემი მშობლები ცოცხლები არ არიან, მაგრამ როცა ამ სახლში ვარ, ვგრძნობ, თითქოს ზრუნავენ ჩემზე. ვგრძნობ, თითქოს დედა ჩემ გვერდითაა და ეს თავდაჯერებულობას მმატებს, ძალას მაძლევს, რომ ვაკეთო ჩემი საქმე.
მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული და არსად გადასვლა არ მსურს, ეს სახლი ჩემი ისტორიის ნაწილია. მდიდრულ სახლს ოჯახის წევრებს ვუზიარებ. იქ ახლა ჩემი დისშვილი ცხოვრობს“, - ამბობს ბოილი The Sunday Post-თან საუბრისას.
მომღერალი წუხს, რომ მის ვარსკვლავობას, იმას, თუ როგორ გახდა პოპულარული, მშობლები ვერ ხედავენ.
"მე უბრალოდ მსურს დედა და მამა ყველაფერს ხედავდნენ, ვფიქრობ, ისინი ძალიან იამაყებდნენ და ბედნიერები იქნებოდნენ“, - ამბობს ბოილი.
სუზანის მამა 1990 წელს გარდაიცვალა, ხოლო დედა 2007 წელს. სუზანის "ნიჭიერში“ გამოჩენამდე სამი წლით ადრე. ბრიტანულ "ნიჭიერში" სუზან ბოილი ფინალისტებს შორის მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა.