თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვებიან. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და ცოტნე გამსახურდია დაჭრილი დაინახა, რის შემდეგაც მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
"ჩხუბი იყო, ხმაური, მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო, ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მე მგონი ჯერ არავინ არ არის დაჭერილი. როცა ხმაურზე გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ დაჭრილი კისრის არეში იყო. სასწრაფო როცა მოვიდა, გონზე აღარ იყო, ჩვენს ხელში ჩაიკეცა. ერთი ჭრილობა აქვს და თავის არე აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები როგორც ვიცი, გაქცეულები არიან, არ ვიცი როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით, ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. საუბედუროდ ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია, არ ვიცი", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ექსპრეზიდენტის ვაჟი ვერაზე მძიმედ ცოტა ხნის წინ დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც ჟურნალისტებს კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.