ავტორი:

“ცარიელია აფთიაქები, სურსათის მაღაზიები... თავადაც გვიკვირს, როგორ გაგვაქვს თავი” - ახალგორის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია

“ცარიელია აფთიაქები, სურსათის მაღაზიები... თავადაც გვიკვირს, როგორ გაგვაქვს თავი” - ახალგორის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია

ახალგორელი მარგო მარტიაშვილი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო, რამდენიმე დღის წინ ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციაში გარდაიცვალა. ადგილობრივის ცნობით, ქალს სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა ესაჭირდებოდა, თუმცა, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, მისი გადმოყვანა ვერ მოხერხდა.

ოსურმა მედიამ მას უკვე უწოდა "ბიბილოვის პირველი მსხვერპლი". ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბოლო ხანებში თბილისში ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ “წითელი ჯვრის” დახმარებით და ე.წ. ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით არის შესაძლებელი, ეს პროცედურები კი 10 დღეს გრძელდება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ახალგორელმა ქალმა ინსულტი მიიღო და ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადრინდელი ვითარება რომ ყოფილიყო, სამედიცინო პერსონალი სასწრაფო დახმარებას თბილისის რომელიმე კლინიკიდან გამოიძახებდა. თუმცა, ახლა სხვა ვითარებაა - იქიდან სასწრაფოს მანქანები ანატოლი ბიბილოვის სპეციალური განკარგულების გარეშე ვერ შემოვლენ... შესაბამისად, ავადმყოფები ცხინვალში მიჰყავთ" - წერს გამოცემა და დასძენს, რომ ავადმყოფებს ცხინვალამდე დანგრეულ გზებზე რამდენიმ საათიანი მზგავრობა მოძველებული ავტომანქანით უწევთ.

ამ გზით გადაიყვანეს ახალგორელი მარგო მარტიაშვილიც... ის შუაღამეს მიიყვანეს ცხინვალამდე, გამთენიას კი ქალი გარდაიცვალა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყაშვილის თქმით, ინსულტიანი ქალი 3 საათის განმავლობაში უყურადღებოდ ჰყავდათ ცხინვალის საავადმყოფოში, თუმცა, იქ არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და შედეგად ქალი დაიღუპა.

“იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ თბილისში გადაყვანის შემთხვევაში გადარჩებოდა, თუმცა, შანსი მეტი იყო... ასეთ რეალობაში კი, მისი ახლობლები აუცილებლად იფიქრებენ - ის იმიტომ დაიღუპა, რომ თბილისში არ გაუშვეს..." - ამბობს აქტივისტი.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებშიც კი არ ხსნიან გზას.

"ცარიელია აფთიაქები, სურსათის მაღაზიები... თავადაც გვიკვირს, როგორ გაგვაქვს თავი. არც ის ვიცით, რა იქნება ხვალ და რამის იმედი უნდა გვქონდეს თუ არა. არადა, აქ მოხუცები ვართ დარჩენილი, ოჯახის წევრებისგან, ყველასგან მოწყვეტილნი..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

www.ekhokavkaza.com წერს, რომ წელს, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, ახალგორის რაიონიდან საუკეთესო ექიმი გააგდო - ის დასვენების დღეებში წეროვანში იყო წასული და უკან აღარ შემოუშვეს. მის ადგილას ახალი თანამშრომლები მიიყვანეს, თუმცა, მათ კვალიფიკაცია არ ჰყოფნით, ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს "გუგლში" ეძებენ და პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმას ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ.

თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, არსებული ფონის გათვალისწინებით, ჩაკეტილი გზის გამო, მოსახლეობაში პანიკა მატულობს, რაც ინსულტების და ინფარქტების პირდაპირი წინაპირობაა.

"მეტსაც გეტყვით - აქ ცხოვრება ყოველდღიურად მძიმდება. ჩვენს გვერდით ადამიანები შიმშილობენ. იმისთვის, რომ ცხელი სადილი ჰქონდეთ, საავადმყოფოში წვებიან. მარტოხელა მოხუცები, ვისი ერთადერთი შემოსავალიც ქართული პენსიაა - მას ვერ იღებენ. მარაგი და თანხა ამოეწურათ. ზოგს კვირის სამყოფ საკვებს ოჯახის წევრები უგზავნიდნენ, ახლა სრულ იზოლაციაში არიან. ახლა გავიგე, რომ ადგილობრივებმა დაიწყეს საკვების შეგროვება ერთმანეთისთვის...

4 სექტემბრიდან დაკეტილი გზის გამო, უამრავ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და გაუუარესდა - ძირითადად გულის, სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული... ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა ჩვენთვის - ორივე მხარე დუმს, მოსახლეობა კი, უმძიმეს მდგომარეობაშია...” - ამბობს მეარაყიშვილი.

ახალგორის მოსახლეობის პრობლემები განხილვის საგანი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაში. ოსების ერთი ნაწილის თქმით, ახალგორის ქართულ მოსახლეობას პრობლემის მარტივად მოგვარება შეუძლია, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით, “რა შემთხვევაშიც, მათ არ მოუწევთ ქართულ პენსიაზე იყვნენ დამოკიდებული. შეუძლიათ, ბევრად მაღალი რუსული პენსია აიღონ და შეზღუდვებიც მოეხსნებათ," - წერს ოსების ერთი ნაწილი.

სხვების თქმით, ბიბილოვის ხელისუფლება ახალგორის ქართულ მოსახლეობას ისე ექცევა, როგორც ფაშისტური გერმანია იქცეოდა, თუ უარს იტყვიან მოქალაქეობაზე, შეეძლებათ სამედიცინო დახმარების მიღება, სხვა შემთხვევაში - არა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში შექმნილ ვითარებზე საუბრისას განაცხადა, რომ უწყება "ყოველდღე და ყოველ წუთს მუშაობს, რათა გადასასვლელი გაიხსნას..."

მისივე თქმით, მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელი:

“დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ის ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია...

ნუ შეეშინდებათ, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონით თუ რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება" - განაცხადა ციხელაშვილმა.

"გვეუბნებიან, როგორ იმარაგებენ ქართულ მხარეს სურსათს... ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?!" - ახალგორი კორონავირუსის საფრთხის წინაშე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა

"საზღვარი საიმედოდაა ჩაკეტილი, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს" - დიმიტრი მედოევი