მსოფლიოში დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტების გამო, ქალებს უამრავი მტკივნეული და ხანდახან ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროცედურის ჩატარება უწევთ, მათ შორის ეპილაციის, რომელსაც ხშირად უკუჩვენებებიც ახლავს.
ამის მაგალითია 28 წლის ნინის შემთხვევა, რომელიც ლაზერული ეპილაციის შედეგად ერთ ხელზე მიღებულ დაზიანებებს უკავშირდება. როგორც გოგონა ირწმუნება, მსგავსი მანიპულაცია პირველად ჩაიტარა, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში კი მისი ზაფხულიდან შემორჩენილი ნამზეური არ გაითვალისწინეს და ცალ კიდურზე მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა ამავე დაზიანებას თვითონ ცენტრი ალერგიულ დერმატიტს უწოდებს და განმარტავს, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმს პროცედურაზე განსხვავებული რეაქცია შეიძლება ჰქონდეს.
რეალურად, როდის უნდა შევიკავოთ თავი ეპილაციისგან და რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს მას? - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს დერმატოლოგი ციცნა ბენდელიანი ესაუბრა.
მედიკოსის რჩევით, სანამ ნებისმიერი ტიპის ეპილაციის გაკეთებას გადავწყვეტთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მივმართავთ, რადგან არასწორად ჩატარებულმა ეპილაციამ, იქნება ეს ლაზერით, ნემსითა თუ სხვა საშუალებით, შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა, შედეგად კი ნაწიბურების დარჩენის ალბათობა მაღალია. ასევე, არასწორად ჩატარებული პროცედურის შედეგად, შეიძლება თმის ფოლიკული დაზიანდეს, რაც ფოლიკულიტს (თმის ფოლიკულის არხის ზედა ნაწილის ანთება) იწვევს. ფოლიკულიტი ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც, თავდაპირველად, ფოლიკულის არხში ჩნდება პაპულა, შემდეგ პუსტულა - ცენტრში თმის ღერით, მომდევნო ეტაპია ეროზია და ბოლოს ჩნდება ქერქი.
ციცნა ბენდელიანი ასევე რეკომენდაციებს გვთავაზობს, თუ რა შემთხვევაში უნდა შევიკავოთ თავი ეპილაციისგან:
"ფეხმძიმობის პერიოდში ეპილაციის გაკეთება რეკომენდებული არ არის. ასევე ეპილაციამდე რუჯი მინიმუმ ორი კვირით ადრე უნდა გვქონდეს მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეპილაციას გაიკეთებთ, სამი დღით ადრე, იმ ზონებში, სადაც მანიპულაციის ჩატარებას გეგმავთ, არ უნდა გქონდეთ წასმული სპირტის შემცველი ხსნარები და ამავე დროის მონაკვეთში ანტიბიოტიკები არ უნდა გქონდეთ მიღებული," - განმარტავს ციცნა ბენდელიანი.
დერმატოლოგის თქმით, უმჯობესია, თუ გარუჯულ კანზე ეპილაციის, განსაკუთრებით კი ლაზერული ეპილაციის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ:
"გარუჯულ კანზე ეპილაციის გაკეთებამ შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს და თუ ამ მანიპულაციის ჩატარებას დაბალი იმპულსით გადაწყვეტთ, შედეგი მცირე გექნებათ, სეანსების რაოდენობა კი გაიზრდება," - დასძენს ექიმი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეპილაციის ტიპები კანის მიხედვით შევარჩიოთ. კერძოდ, მუქ კანზე ლაზერული ეპილაციის გაკეთებისას ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი დიოდია, რადგან ის არამხოლოდ მუქი, არამედ ღია ფერის თმასაც აღიქვამს. მიუხედავად ამისა, დერმატოლოგი მიიჩნევს რომ ყველაზე უსაფრთხო მაინც ბიოეპილაციაა, რაც თმის ცვილის მეშვეობით მოცილებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ბიოეპილაციის ჩატარებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ცვილის ხარისხს, რათა მან არც კანი გააღიზიანოს და ხანგრძლივი ეფექტიც ჰქონდეს.
მედიკოსის თქმით, ნებისმიერი ტიპის ეპილაციის ჩატარების შემდეგ, არსებობს აკრძალვათა მთელი ნუსხა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ, თუ გვსურს, რომ ექსცესები თავიდან ავიცილოთ:
მარიამ მენაბდიშვილი