საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბრამდე ახალი ბრალდების წარდგენას ელოდება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"საქართველოს ხელისუფლება, უკრანაში "ბარიგებთან" სრულ კოორდინაციაში, ჩემთვის ახალ ბრალდებას ამზადებს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება" - წერს ექსპრეზიდენტი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აღუთქვეს, რომ ახალი ბრალდება 10 სექტემბრამდე წარედგინება.
"საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდება, გვირგვინების შეძენა და უცხოული დელეგაციების მიღება უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ექსტრადაციის მიზნით პატიმრობამდე ვერ "ქაჩავს". პოროშენკოსა და უკრაინის გენრალურ პროკურატურას სჭირდება იურიდიული საფუძველი ჩემ დასაკავებლად საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ. ისინი უკვე მიხვდნენ, რომ საზღვრის დარღვევას არ ვაპირებ და მათ მიერ საჩქაროდ მომზადებულ კანონპროექტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ჩემზე ვერ გამოიყენებენ. სახელმწიფო გადატრიალება - ეს არის სუფთა პოლიტიკური მუხლი, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ არავის დარჩება ეჭვი, რომ ყველა საქმე შეთითხნილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა საშუალება გამოსადეგია", - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.