"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ვაშინგტონში "რესპუბლიკელ" და "დემოკრატ" სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრები გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პაატა ბურჭულაძე ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სენატორ მარკო რუბიოს, სენატორ სტივ დეინს და კონგრესმენ ადამ შიფს შეხვდა. შეხვედრებისას განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ოქტომბრის არჩევნები. "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა საქართვლოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე შეხვედრა გამართა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე ედ როისთან, რომელიც ამერიკის კონგრესში გაკეთებული საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორია. კონგრესმენმა პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, აღინიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები ამერიკის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული ყურადღების საგანია.
"შეხვედრებისას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან განხილული იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ოქტომბრის არჩევნები. ამერიკული მხარე სერიოზულად არის დაინტერესებული საპარალამენტო არჩევნებით საქართველოში და იმით, რომ არჩევნებმა სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს. ამ თემებზე გვქონდა საუბარი შეხვედრებისას და ეს საკითხი განსაკუთრებული ყურადღების საგანია ამერიკის პოლიტიკურ წრეებში", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური საქმიანობით გავლენიანი ამერიკული გამოცემები Wall Street Journal-ი და USA Today დაინტერესდნენ.