ჯია მარი კარანჯი - პირველი შავგვრემანი სუპერმოდელი წარმატებული კარიერითა და წარუმატებელი პირადი ცხოვრებით. მას მსოფლიოს წამყანი ფოტოგრაფები იღებდნენ, იწვევდნენ ყველაზე ცნობილი მოდის სახლები, სხვადასხვა დროს მისმა ფოტოებმა დაამშვენა "კოსმოპოლიტენის", "ელისა" თუ "ვოგის" პირველი გვერდები. მისი ხანმოკლე სიცოცხლე სავსე იყო თავბრუსდამხვევი წარმატებით, სკანდალებით, უამარავი სულიერი და ფიზიკური ტკივილით...
კარიერის საუკეთესო პერიოდში ჯია იმ დროისთვის ასტრონომიული ოდენობის ჰონორარს გამოიმუშავებდა, დღეში სულ ცოტა 10 000 დოლარს იღებდა, თუმცა ის არის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ქალი, რომლის გარდაცვალების მიზეზად ღიად დასახელდა შიდსი.
ბავშვობა
1960 წლის 29 იანვარს, ფილადელფიაში, კარანჯების ოჯახში გაჩნდა გოგონა - ჯია მარი კარანჯი. ის ბუნებით ცოცხალი და ანცი ბავშვი იყო, მაგრამ მისი ბედნიერი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა დედამ ქმარი და შვილები მიატოვა და ახალი ოჯახი შექმა. მაშინ ჯია მხოლოდ 11 წლის იყო და ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედის სითბო და სიყვარული. გოგონას მამა სასადილოების ქსელის მფლობელი იყო, მანაც მალევე იპოვა სხვა სიყვარული და ახალი ოჯახი შექმნა... შედეგად ჯია თითქოს ორივე მშობელთან ურთიერთობდა, თუმცა აღარსად იყო ოჯახური სიმშვიდე, გოგონა მარტოსულად გრძობდა თავს, ამბობდა, რომ უბედური იყო... ამ პერიოდში ჯია ხვდება შემდეგში უკვე მის საუკეთესო მეგობარს, კარენ კარაზას. ჯია იზრდებოდა და წლებთან ერთად მისი სილამაზე სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა. 17 წლის ჯია უმშვენიერესი გოგონა იყო... ამიტომაც დედამ ჯიას მოდელობა დააძალა. ქალი დარწმუნებული იყო, რომ სამოდელო ბიზნესში გოგონას წარმატებას მიაღწევდა...
კარიერა
ჯია 17 წლის ასაკში ღამის კლუბში ცეკვისას შეამჩნიეს. 1978 წლის დასაწყისში, 18 წლის გოგონამ ნივთები ჩაალაგა და ფილადელფიიდან ნიუ-იორკში გადავიდა. სამოდელო სააგენტოს დირექტორთან, უილჰელმინა კუპერთან შეხვედრაზე ჯია დედასთან და მეგობართან ერთად მივიდა. პირველივე წუთებიდან კუპერი მიხვდა, რომ ის არ იყო უბრალო მოდელი, რომლებიც უბრალოდ მოდიან და მიდიან, არამედ ის იყო გოგონა, რომელიც მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა. თავდაპირველად ჯია უმნიშვნელო საქმეს აკეთებდა, მოგვიანებით ის შეხვდა არტურ ელგორს, რომელმაც ჯია "BloomingDaily"-სთვის გადაიღო. არტურმა ჯიას ჟურნალების - "ვოგისა" და "კოსმპოლიტენის" წარმომადგენლები გააცნო და ეს გახდა მოდელის წარმატებული კარიერის დასაწყისი.