ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და მთელი საქართველო აალაპარაკა. 23 წლის ჩოგბურთელი საკუთარი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ, პირველად AMBEBI.GE-სთან საუბრობს.
- ჩოგბურთს 6 წლის ასაკიდან ვთამაშობ. მამას უყვარდა სპორტის ეს სახეობა, ამიტომ მიმიყვანა ლეილა მესხის აკადემიაში. ჯერ საფრანგეთში ვთამაშობდი, შემდეგ ამერიკაში, ამჯერად სტამბულში ვთამაშობ. მამა პირველივე დღიდან გვერდით მიდგას. 13 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში წავედი, სპონსორი გამომიჩნდა კალიფორნიიდან, იქ ვვარჯიშობდი 20 წლამდე, იქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. მამა ხან ჩემთან იყო, ხან აქ ჩამოდიოდა, დედაც ჩამოდიოდა. მარტოსულად თავი არ მიგრძვნია, გარდატეხის ასაკი ამერიკაში გავიარე. რთულია, მაგრამ სპორტის გამო რაღაც უნდა დათმო, ეს ნორმალურია. წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი საქართველოში. როცა საზღვარგარეთ წავედი, სამწუხაროდ, ბევრი მეგობარი დავკარგე. საქართველოზე კომფორტულად ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ ასეთია სპორტი.
- სპორტში იმედგაცრუებული თუ ყოფილხარ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე?
- ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია. მქონდა ფსიქოლოგიური ჩავარდნები, მაგრამ ხან მოიგებ, ხან წააგებ. მთავარია, მოინდომო. ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამიგია და მომიგია.
- იფიქრებდი, რომ უიმბლდონის ტურნირზე ასეთ წარმატებას მიაღწევდი?
- მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, შედეგი ან მოვა ან არა. მთავარია დავიხარჯო 100 პროცენტით. მე ყველაფერი გადავდე ჩოგბურთისთვის, შესაბამისად, ველოდი წარმატებასაც.
- რა პრობლემებს ხედავ ქართულ ჩოგბურთში?
- უფრო მეტი კორტები და კლუბებია გასაკეთებელი, დიდი პოტენციალი გვაქვს ჩოგბურთში, უბრალოდ დაფინანსება არ არის. ბოლო ორი წელია უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების დაფინანსებას და განვითარებას. უფრო მეტი ინტერესი და კარგი მენეჯერია საჭირო, საქართველოში ჩოგბურთის განსავითარებლად.
- ვინ არის თქვენი მეუღლე?
- ჩემი მეუღლე ნეკა დოროყაშვილია. საერთო მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვობდი, გადავწყვიტეთ დაოჯახება. მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ეს ურთიერთობებზე. ასეთია სპორტი, ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. ის 23 წლის არის, ამერიკათმცოდნეობა აქვს დამთავრებული. გვყავს ორი წლის ვაჟი ლუკასი, მინდა ჩოგბურთელი გახდეს.
- არ ეჭვიანობს ასეთი სიმპატიურ ქმარზე?
- არ აქვს საეჭვიანო. სპორტსმენი ვარ, ჩემი მიზანი და გეგმა მაქვს, გართობა გვერდზე მაქვს გადადებული. ნეკაც გვერდით მიდგას. ჩოგბურთიდან ისეთ სიამოვნებას ვიღებ, არ ვთვლი, რომ თავი გავწირე. ისეთ სიამოვნებას ვიღებ ჩოგბურთიდან, გართობა მეორეხარისხოვანია.
- სპორტის გამო, ბევრ რაღაცაზე უწევთ უარის თქმა, არ გიჭირთ პატარა ასაკში მოწევის, დალევის და გართობის გარეშე ცხოვრება?
- რადიკალურად არაფრის წინააღმდეგი და მომხრე არ ვარ. თუ სპორტსმენის ორგანიზმს შეუძლია მოწევა და დალევა, მოწიოს და დალიოს. მე არც ვეწევი და არც ვსვამ.
- როგორი ხართ კორტებს მიღმა?
- კორტების მიღმა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მართალია ამერიკაში გავიარე გარდატეხის ასაკი, მაგრამ ამას არ მოუხდენია არანაირი გავლენა. ქართული აზროვნება მაქვს. ძალიან მიხარია ჩემი აზროვნება ამერიკულად ან ევროპულად რომ არ შევცვალე. ძალიან მიყვარს ქართველები, ტრადიციები, კულტურა, ყველაფერი მომწონს. იმიტომ რომ ქართველი ვარ.
- რა მიზნები გაქვს?
- პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელი ვიყო. შემდეგ მოვინდომო და კარგად ვაკეთო ჩემი საქმე. შედეგები თავისთავად მოვა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE