"ვინც მიშას დაკრულზე ცეკვავდა, არც ჩემთვის არ არის გმირი. ტრაგედიაა გიორგი ანწუხელიძის სიკვდილი, მაგრამ გმირი არაა", - ეს სტატუსი ახმეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მარეხ მამულაშვილმა facebook-ზე გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ამ სტატუსს სოციალურ ქსელში მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, მამულაშვილმა განაცხადა, რომ "ფეისბუქში" მისი გვერდი 2 დღის განმავლობაში გატეხილი იყო და სტატუსის ავტორი ის არ არის.
"ჩემი კომენტარი არ არის ეგ. ჩემი გვერდი გატეხილია ორი კვირის წინ. მე მაშინვე დავწერე ჩემს მეორე გვერდზე, რომ გატეხილია ჩემი გვერდი და აქ დამიმატეთ-მეთქი. 2 დღის განმავლობაში მე ჩემს გვერდს ვერ ვმართავდი. როდესაც 2 დღის მერე, ჩემი "ფეისბუქის" ძველი გვერდი აღდგა, მაშინვე ვერ დავბლოკე. არც მეგონა რომ ვინმე გამოიყენებდა ბინძური მეთოდებისათვის. ვინც ფეისბუქში ვართ აქტიური ადამიანები, ჩვენთან ბრძოლა მიდის ყოვლად ბინძური მეთოდებით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარეხ მამულაშვილმა.
23 წლის გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებენ, ისინი რიგრიგობით გიორგის ზურგზე ახტებიან და აიძულებენ მიწას აკოცოს. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.
იხილეთ ვრცლად