"ნეტა, ვიყო რომელიმე პარტიის დამფინანსებელი, მშივრები ვკვდებით "მუზიკანტები" - ვინ შესწირა უფასო სიმღერა "ოცნებას"

"ნეტა, ვიყო რომელიმე პარტიის დამფინანსებელი, მშივრები ვკვდებით "მუზიკანტები" - ვინ შესწირა უფასო სიმღერა "ოცნებას"

Ambebi.ge-მ უკვე გამოაქვეყნა ბიზნესმენთა სია, რომლებიც "ქართულ ოცნებას" აფინანსებენ[მეტი], თუმცა "ქართული ოცნების" შემომწირველებს შორის ბიზნესმენების, დეპუტატების და მთავრობის წევრების გარდა, ქართველი მომღერლებიც არიან. 500-500 ლარის არაფულადი შემოწირულება აქვთ განხორციელებული მომღერლებს კახა კუხიანიძეს, მაია ჯაბუას, მარიან კახელიშვილს, ხვიჩა მაღლაკელიძეს, ასევე კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს. მომღერლები Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობენ, რომ ზუსტად არ ახსოვთ, როდის უმღერეს "ქართულ ოცნებას" უფასოდ.

- ბატონო ხვიჩა, "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაში მოხვდით, რით დაეხმარეთ მმართველ გუნდს?

ხვიჩა მაღლაკელიძე:

- ღადაობთ. სად მაქვს იმის ფული, პარტიას დავეხმარო? რატომღაც, მე რომ მივცე ფული ბიძინას...

- წინასაარჩევნოდ უმღერეთ უფასოდ?

- დიახ, დიახ. წყნეთში ჩატარდა წინასაარჩევნო კონცერტი, სადაც ჩვენი ნიჭი შეფასდა 500 ლარად. ეგ იყო და ეგ. ყველამ უფასოდ იმღერა, არც გვქონდა ფულის აღების უფლება. ჩვენი მუსიკალური რესურსი შევწირეთ "ქართულ ოცნებას". "ქუჩის მუსიკოსები", მაია ჯაბუა, ქეთი გაბისიანი, მარიამ კახელიშვილი ვიყავით. შენს პირს შაქარი, ნეტა მე ვიყო რომელიმე პარტიის დამფინანსებელი, დედაა, მშივრები ვკვდებით "მუზიკანტები", დედაა...

- ხომ უმღერეთ "ქართულ ოცნებას" უფასოდ, ახლა თუ იღებთ სანაცვლოდ რაიმე ტიპის დახმარებას ან ხელშეწყობას ხელისუფლებიდან?

- არ გაიშვა მათი დახმარება, რომელი მთავრობა დაგვხმარებია?! დამოუკიდებლები ვართ იმ ამბავში, რომ დო მაჟორს როგორც ვიღებდით შევარდნაძის დროს, ისე ვიღებდით სააკაშვილის დროს და ახლაც. ვერც ერთი ვერ გვასწავლის დაკვრას. დანარჩენი - მუცელში სამართებელი და თავში ქვა!

- თავად გამოთქვით უფასოდ სიმღერის სურვილი?

- ორგანიზატორმა დარეკა და შემოგვთავაზა, დავთანხმდით, ხან სად ვუკრავთ და ხან - სად.

მაია ჯაბუა:

- ისე ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში უფასო კონცერტებზე სიმღერა, ძნელია იმის გახსენება, სად ვიმღერე. ფასიან კონცერტს უფრო ადვილად გავიხსენებ. მთელი ცხოვრება საქველმოქმედო კონცერტებზე ვმღერი. საარჩევნო კონცერტებზე დიდი ხანია არ მიმღერია, მგონი ზაფხულში იყო ეს კონცერტი. ზუსტად არ მახსოვს.

- რადგან „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ კონცერტზე იმღერეთ, ე.ი. ემხრობოდით მას, ახლაც მხარდამჭერი ხართ?

- ასე სიღრმისეულად არ შემიხედავს ამისთვის.

კახა კუხიანიძე:

- გოგლიკო არის ჩემი მეგობარი, ორი წლის წინ ვიმღერე საჩუქრად. არც ჰონორარი ამიღია და არც თანხა გადამირიცხია. კონტრაქტზე მაქვს მოწერილი ხელი, რომ უფასოდ ვმღეროდი, თუ არ ვცდები, წყნეთში იყო ეს კონცერტი.

- გოგლიკო ვინ არის?

- ვინც იყრიდა კენჭს.

- თავად გთხოვათ უფასოდ გემღერათ?

- კი, როგორც მეგობარმა, მგონი დანარჩენებმაც ასე იმღერეს. მე როგორც მეგობარმა, გოგლიკოს ვუმღერე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება