იმერეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა
ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე გუბისწყალიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
თავდაპირველად არ კონკრეტდებოდა, ქალი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა, თუ მკვლელობას ქონდა ადგილი.
მოგვიანებით კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოხდა მკვლელობა და ცხედარი მდინარეში კვალის დაფარვის მიზნით იყო გადაგდებული
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რამდენიმე დღის წინ დაიკარგა ქალბატონი და მისი სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
"სამძებრო სამუშაობის მიმდინარეობისას გამოვლინდა პირი, რომელმაც დაკარგული ქალბატონის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს მიუთითა ის ადგილმდებარეობა, სადაც ცხედარი ეგულებოდა. მაშველების მიერ ცხედარი მდინარე გუბისწყლიდან იქნა ამოყვანილი", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, როგოროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა გაარკვია, გარდაცვლილი ქალაქ ფოთიდან იყო და ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მას ორი შვილი დარჩა.
სოფელ ორსანტიაში საჯაიების ოჯახი დააყაჩაღეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ყაჩაღობა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ვახო საჯაიას ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე სასტიკად არიან ნაცემები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საჯაიების ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.
შს სამინისტრომ "ინტერპრესნიუსს" ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
სოფელ უბისაში მცხოვრები გოჩა სახვაძე პატრულის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს
ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისას მკვიდრი გოჩა სახვაძე პატრულის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მიმართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახვაძემ განუცხადა, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე მას საკუთარ ეზოში თავს დაესხა ორი უცნობი პიროვნება, რომლებიც შემდეგ პატრულ-ინსპექტორები აღმოჩნდნენ.
"თავს დამესხნენ და დამიწყეს ცემა, შემდეგ მიმათრევდნენ ეზოს წინ გაჩერებულ "მერედესის" მარკის ავტომანქანაში ჩასასმელად, რომელიც ჩემს მეგობარს ეკუთვნის, თუმცა ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით, ამის საშუალება არ მივეცი. როგორც შემდეგ გავიგე, ისინი გზაზე დაედევნენ "BMW"-ს მარკის ავტომანქანას, შეეშალათ და მომადგნენ მე. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეორეს კი უთხრა, რომ "ის "BMW" იყოვო", ჩემს ეზოსთან კი მეგობრისგან ნათხოვარი "მერსედესი" იდგა, თუმცა როგორც ჩანს სიმართლის გარკვევა დიდად არ აინტერესებდათ. ჩემი მეგობრის მანქანა, რომელიც ტექნიკურად გაუმართავი იყო და არც იქოქებოდა, რაც ადასტურებს რომ მე მისი საშუალებით ვერ გადავადგილდებოდი, გადაიყვანეს საჯარიმოზე", - განაცხადა სახვაძემ.
მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ, ღამე ცუდად გახდა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც "ბორითის" კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც შემდეგ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რენტგენის სურათის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახვაძეს მარცხენა ხელი მოტეხილი ჰქონდა.
ამასთან, სახვაძე აცხადებს, რომ 9 ოქტომბერს სასამართლოს უწყისი ჩაბარდა და დღეს, 13:30 საათზე ზესტაფონში დაგეგმილია სასამართლო პროცესი.