თუმანიშვილის თეატრის მსახიობების ერთთვიანი ვოიაჟი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე დასრულდა. ბრიტანელმა რეჟისორმა გაი მასტერსონმა ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" კინომსახიობთა თეატრის სხვადასხვა თაობის 23 მსახიობთან ერთად დადგა. სპექტაკლის მონაწილეებთან საქართველოში ის ხუთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურ რეპეტიციებს გადიოდა. "ცხოველების ფერმაზე" დასწრებას ქართველი მაყურებელი უახლოეს მომავალში შეძლებს.
მსახიობი ანა ნიკოლაშვილი თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. გადაღებულია რეკლამებში, ტელესერიალში, მიღებული აქვს მონაწილეობა სატელევიზიო პროექტებში და ასევე ზაზა ურუშაძის მხატვრულ ფილმში "სამი სახლი". შეხვედრისას ანას პროფესიაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებსა და ფესტივალზე ვესაუბრეთ...
- თეატრალური ოჯახიდან ვარ. დედა გახლავთ რეჟისორი ნანა დემეტრაშვილი, მამა - მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი, რომლებიც 1967 წელს წავიდნენ მესხეთში, დააარსეს და აღადგინეს მესხეთის დრამატული თეატრი. წლების მერე შეუღლდნენ, დავიბადე მე და მთელი ჩემი ბავშვობა თეატრს უკავშირდება. არ მახსოვს ოჯახური საღამო სტუმრის გარეშე. თეატრსა და გასტროლებზე ყოფნას ისე აღვიქვამდი, როგორც საკუთარ სახლში გატარებულ დროს. ხშირ შემთხვევაში იმ თაობის თეატრალური მოღვაწეები ცდილობდნენ, შვილები მათ გზას არ გაჰყოლოდნენ და პროფესიული არჩევანისას წინააღმდეგობას უწევდნენ. ჩემი მშობლებიც ასე ფიქრობდნენ, ამიტომ ჩავაბარე უნივერსიტეტში, დამთავრებული მაქვს დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი, ანგლისტიკის სპეციალობა. შემდეგ დედაჩემს გავურიგდი, თუ მაგისტრატურაში სწავლას გავაგრძელებდი, თეატრალურში ჩაბარების უფლებას მომცემდნენ.
- და გარიგება შედგა...
- დიახ. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩვეულებრივი გზით არ მოვხვედრილვარ, პირდაპირ მეორე კურსზე ჩავირიცხე ბატონ რეზო ჩხეიძის კინოსამსახიობო ჯგუფში, სწავლა მასთან დავიწყე და ბატონ თემურ ფალავანდიშვილის პედაგოგობით დავასრულე. ვერ ვიტყვი, რომ თეატრი იმაზე მეტად მიტაცებდა, ვიდრე კინო. მიუხედავად იმისა, რომ კინოგადაღებები მქონია, საინტერესო როლებიც, თეატრის გარეშე მაინც ვერ წარმომიდგენია.
- თუმანიშვილის თეატრში როდის დაიწყე მუშაობა?
- წელიწად-ნახევარია, ოფიციალურად შტატის მსახიობი ვარ. პირველად ამ თეატრში მოვხვდი, როგორც თარჯიმანი, ფესტივალ "საჩუქარის" დროს, 1997 წელს. ასევე გახლდით სტუმრების მეთვალყურეობის ერთ-ერთი კოორდინატორი. მაშინ ჰილარი ვუდი თავისი ჯგუფით მყავდა ჩა-ბარებული. ისინი თუმანიშვილის თეატრში თამაშობდნენ სპექტაკლებს. მეც მათთან ერთად ვიყავი, მეგობრები გავიჩინე და მათი წასვლის შემდეგაც ვაგრძელებდი ურთიერთობას კინომსახიობთა თეატრის მსახიობებთან. ქეთი დოლიძეს უნდა ვუმადლოდე, რომ მიხეილ მარმარინოსთან მოვხვდი, თარგმანთან ერთად ამ რეჟისორს ვეხმარებოდი, როგორც ასისტენტი და იმავდროულად ვმონაწილეობდი სპექტაკლში "ეროვნული ჰიმნი".
მას მერე სცენაზე დამაყენა ლალი კეკელიძემ თავის სპექტაკლში "ჰეი, ვეფხისტყაოსნებო!" და მას ლალის სხვა დადგმებიც მოჰყვა. ასევე ამ წლების განმავლობაში მინდა აღვნიშნო რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლებზე მუშაობა, ჯერ რუსთაველის თეატრში და ერთხელ მუსიკისა და დრამის თეატრში, როცა ის "ანტიგონეს" დგამდა.
იხილეთ გაგრძელება