15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი მეგობრებთან ერთად საქმიან შეხვედრაზე უნდა წასულიყო. უახლოესმა მეგობარმა გია ხევიაშვილმა დაახლოებით დღის 4 საათზე მოიკითხა. სატელეფონო ზარებს რომ არ უპასუხა, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ წევრთან ერთად შინ მიაკითხა. კიწმარიშვილის ბინაში მათი მისვლა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა. მეგობარი ბინაში რომ არ დახვდათ, ავტოფარეხში ჩასვლა გადაწყვიტეს, რათა ენახათ, რომელი მანქანით იყო წასული. მათი თქმით, ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის ფარებანთებული ავტომანქანა იდგა. მიუახლოვდნენ და შემზარავი სურათი დახვდათ - საჭესთან სისხლში მოსვრილი ეროსი იჯდა, მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მაშინვე პოლიციას დაურეკეს, მალე შემთხვევის ადგილას ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბიც მივიდა.
"ახლობელმა დამირეკა და სასწრაფოდ ეროსის სახლში მისვლა მთხოვა. სახლთან პოლიციის კორდონი დამხვდა. ავტოფარეხში რომ შევედი, ავტომანქანაში სისხლში მოსვრილი ჩემი ძმა საჭესთან იჯდა, ღვედი შეკრული ჰქონდა, მანქანის ფარები ანთებული იყო. გავიგონე, ვიღაცამ რომ თქვა, მანქანიდან იარაღი ამოვიღეთო.
გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მე და ეროსიმ ერთ პროექტზე ვისაუბრეთ. რაღაც-რაღაცების გაკეთება მთხოვა. საქმე ბიზნესპროექტს შეეხებოდა", - იხსენებს ზურაბ კიწმარიშვილი.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ ამ ვერსიის საზოგადოების ნაწილს არ სჯერა. მაგალითად, საზოგადოების ნაწილში და კიწმარიშვილის ახლობლებში ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო, გააღრმავა ფაქტმა - ავტოფარეხში კამერა სხვა მხარეს იყო მიტრიალებული და ზედ ნათითურები ეტყობოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიწმარიშვილის მანქანაში "CZ 75"-ის სისტემის იარაღი იპოვეს, რომელიც მან წინადღეს იყიდა. ამას მისი მეგობარი ბადრი ნანეტაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ ეროსის იარაღის მაღაზიაში თან ახლდა. მისი ცნობით, პისტოლეტს ძმისთვის დაბადების დღის საჩუქრად ყიდულობდა. ზურაბ კიწმარიშვილი 4 ივლისს არის დაბადებული, იმ დღეს ახლო ნათესავის დაკრძალვა იყო და ეს დღე ვერ აღნიშნეს. "მე მონადირე ვარ, ახლაც მაქვს შინ გაფორმებული იარაღი. ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ ეროსის ჩემთვის იარაღის ჩუქება სურდა, თუმცა, სხვა ვერსიებიც შეიძლება გამოითქვას. ველოდებით გამოძიებას. ჩვენი ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს. მე ვესწრებოდი იარაღის დათვალიერებას, მას სისხლის კვალი არ ეტყობა. ჯერ არ ვიცით, სწორედ ამ იარაღით არის თუ არა მოკლული ეროსი. ვნახეთ ტყვიის გულაც, რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს; ვნახეთ სისხლიანი ღვედი, მანქანის ფრაგმენტი, სადაც ტყვია შევიდა, იქაც არის სისხლის კვალი. საყურადღებოა ისიც, რომ იარაღზე არ აღმოჩნდა საკმარისი მასალა იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა მასზე ეროსის თითის ანაბეჭდი", - ამბობს გარდაცვლილის ძმა.
თუ ანაბეჭდები იარაღზე არ აღმოჩნდა, მაშინ შეიძლება დაისვას კითხვა, ხომ არ არის იარაღი გაწმენდილი? თუ ასეა, მაშინ მკვლელობის ვერსია გამყარდება. გარდაცვლილის ძმა ვერ საუბრობს სავარაუდო მკვლელობის მოტივზე, არც იმაზე, ჰყავდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილს მტერი: "ეროსის არ ახასიათებდა მუქარაზე საუბარი. ის არასდროს ამბობდა, რომ შეიძლებოდა რამე მოსვლოდა და ამისთვის ზომები უნდა მიეღო. არასოდეს მინახავს, მას იარაღი ეტარებინოს".
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანიდან გაქრა 20.000 დოლარი. "სავსებით შესაძლებელია ეროსის ავტომანქანაში ჰქონოდა თანხა. მანქანაში იპოვეს ბანკის ქვითრები და თუ ფული ჰქონდა გამოტანილი, ამის დადასტურება ადვილი იქნება. ჩემს ძმას დეპრესია არ ჰქონია. არჩევნების შემდგომ რამდენიმე დღე არაკონტაქტური იყო გარემოსთან, მაგრამ ჩვენთან ჩვეულებრივ კონტაქტობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის ისევ ჩაერთო აქტიურ საქმიანობაში. ეროსის უფრო მეტი პრობლემა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის გამოსავალს პოულობდა", - ამბობს ზურაბ კიწმარიშვილი.
სამართალდამცველებმა ეროსი კიწმარიშვილის მეზობლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს, სადაც დაფიქსირებულია, რომ 15 ივლისს, 15:05 საათზე ეროსი ბინიდან გამოდის და ლიფტში შედის.
ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, კადრში მის ძმას მოვარდისფრო პერანგი აცვია, არადა, ავტომანქანაში პიჯაკსა და ლურჯ პერანგში ნახეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სათვალთვალო კამერის ინფრაწითელმა მოწყობილობამ ზუსტად აღბეჭდა თუ არა ტანსაცმლის ფერი.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზაში პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო: - "გარდაცვლილს სახე მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. სისხლის კვალი იყო ლურჯ პერანგზეც, გულმკერდზე, მუცელზე, მარჯვენა ხელზე სისხლის შხეფები ეტყობოდა. მარჯვენა საფეთქლის მიდამოში ჰქონდა ერთი გამჭოლი სასიკვდილო ჭრილობა, გამომავალი ჭრილობა კი მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში. შემავალ ხვრელთან არის შტანცმარკა, ანუ ანაბეჭდი - მიხატულივით ეტყობოდა ლულა საფეთქელთან, რაც ადასტურებს, რომ მჭიდრო მიბჯენით არის ნასროლი. მიბჯენითმა გასროლამ თავის ქალის ძვლების მოტეხილობა გამოიწვია. გამომავალი და შემავალი ხვრელის ადგილებში სულ ბზარები იყო.
როცა გარდაცვლილის ხელზე სისხლის შხეფები ვნახე, დამაინტერესა, როგორ იყო შხეფები განაწილებული ავტომანქანაში. შხეფებს მარაოსებრი გაგრძელება უნდა ჰქონოდა და საკმაოდ მარტივად გადაწყდებოდა საკითხი, გვერდითა სავარძელზე ვინმე იჯდა თუ არა. კატეგორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა მარჯვენა სავარძელში არავინ მჯდარა. სისხლი მთლიანად გაბნეულია მარცხენა წინა კარის შიდა ნაწილშიც კი.
გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ ეტყობა. როგორც მითხრეს, იარაღი ძირს ეგდო, მოკლულის ფეხებთან. გამოძიებამ უნდა შეადაროს და დადგინდეს, არის თუ არა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღი იმ დღეს ნაყიდი პისტოლეტი. გასაკვირია, რომ იარაღზე სისხლის კვალი არ არის. საეჭვო ლაქა არ აღმოჩნდა არც ულტრაიისფერი სხივებით, არც მაკროსკოპულად, არც თვალით, არც ლუპით.
ისეთი დაზიანება აქვს საფეთქელთან, თუ იარაღი მიდებული იყო, კვალი იარაღზე უნდა გადასულიყო, თუმცა...
ველოდებით დნმ-ის კვლევასა და თითის ანაბეჭდებს. ტყვიის გულა მანქანის საყრდენ ძელზე იყო ჩარჩენილი. გულა დეფორმირებულია. ვიზუალურად არც ტყვიის გულაზე ჩანს სისხლის ლაქები, მაგრამ ანაწმენდები გაკეთებულია და პასუხს ველოდებით. მასრა უკან იყო გადავარდნილი, მარცხენა მხარეს ორივე მინა ჩაწეული იყო. შესაძლებელია, ეს ჭრილობა მიყენებულია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ხელითაც".
თიკო ბეჟაშვილი, ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწე: - "კვირას ვნახე, კარგ გუნებაზე იყო, გეგმებზე ვისაუბრეთ. სექტემბრისთვის უამრავი საქმე გველოდა. ეროსის სტიქია ტელევიზია იყო. "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ მუდმივად იმას ფიქრობდა, როგორ დაბრუნებულიყო ამ სივრცეში. უნდოდა, საკაბელო ტელევიზიით დაეწყო. მისი თანაშემწე ვიყავი და იარაღის გასაფორმებლად თუ რამე საბუთი იყო საჭირო, ეს მე უნდა გამეკეთებინა. ეროსი არ იყო ის ტიპი, თვითონ ევლო საბუთებზე. ერთხელაც არ მახსოვს, ოდესმე იარაღი ეხსენებინოს. ეროსი კიწმარიშვილი თავს არ მოიკლავდა".