ამას წინათ მოსკოვის პროსპექტზე, ერთი კორპუსის წინ ძველი "ვოლგა" დამანახეს, - ამ მანქანაში კაცი ცხოვრობსო. რას ამბობთ-მეთქი?! "ვოლგას" მივუახლოვდი. შიგ ლეიბი, რადიო და კიდევ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი დავინახე. მისი ბინადარი არ დამხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ "ვოლგის" ბინადარი ტელევიზიით ვნახე. გახარებული ამბობდა, - ჟურნალისტები დამეხმარნენ, მთავრობამ პანსიონატში გადამიყვანა, აქ სამოთხეა, აწი არაფერი მიჭირსო. შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, გაოგნებული დავრჩი, როცა ახლახან ის ისევ პროსპექტზე დამხვდა... მანქანის მინაზე მივუკაკუნე და, - ქუჩაში რატომ დაბრუნდით-მეთქი! - ვკითხე. ხელი ამიქნია, - წადიო! ამის შემდეგ ყველაფერი ვიღონე იმის გასაგებად, თუ რატომ აღმოჩნდა შავი "ვოლგის" ბინადარი ისევ ქუჩაში...
ახლომდებარე კორპუსის მცხოვრებმა მითხრა, - იქაური საჭმელები დაიწუნა, ბატონოო და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. მაშინვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსს, როინ ქოჩორაშვილს დავუკავშირდი, სწორედ მან გადაიყვანა ბადრი გაბრიჩიძე პანსიონატში.
- ბატონო როინ, კაცს უშველეთ, - ჭერი გაუჩინეთ. ის კი ისევ ქუჩას დაუბრუნდა...
- ღამის 3 საათზე დამირეკა სამგორის დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ - "ფეისბუკში" ინფორმაციას წავაწყდი, სამგორში კაცი მანქანაში ცხოვრობს, სასწრაფოდ დაეხმარეო. წავედი, თავშესაფარი გამოვუნახე - ძალიან ლამაზი სახლია ლოტკინზე, კარგი კვებით და სათანადო პირობებით. როცა იქ მივიყვანე, ყველას გასაგონად იძახდა, - აქ ძალიან კარგია, აწი არაფერი მიჭირსო, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან წამოვიდა.
- მეზობელმა მითხრა, იქაური საჭმელები არ მოეწონაო.
- რას მეუბნებით, მანქანაში ცხოვრობდა და უარეს პირობებში გადავიყვანდი? მაგრამ კაცს ქუჩაში ცხოვრება უნდა, დავაკავო? პანსიონატში ჩხუბი აუტეხია, - რაც მინდა, ის უნდა მომართვათო...
პანსიონატში კი გვთხოვეს, - ბატონმა ბადრიმ უხეშობით დაგვამახსოვრა თავი, ხვალ რას მოიმოქმედებს, არ ვიცით, ამიტომ ჩვენს გვარს და სახელს ნუ დაწერთო.
მომვლელი: - ბადრი გაბრიჩიძეც ისე თბილად მივიღეთ, როგორც სხვები; საკვებსაც იმასვე ვაჭმევდით, რასაც სხვები მიირთმევენ. ჩვენ მრავალი შემომწირველი გვყავს და როგორ ფიქრობთ, აქ მოხუცებს რაიმე რომ დავაკლოთ, ვინ გაგვაჩერებს?!