მათ მიაჩნიათ, რომ დიდი ჯიპი კომპლექსის ნიშანია. ისინი არიან ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც აგრესიას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც თბილისის ვიწრო ქუჩებში დიდი ჯიპებით გადაადგილდება. წერენ, რომ მასიური ავტომობილი სხვა უარყოფითთან ერთად გარემოს აზარალებს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას აზიანებს.
კამპანიას, სახელწოდებით "დიდი ჯიპი=პატარა ჭუჭუ", Facebook-ზე "ახალგაზრდა მწვანეები" აწარმოებენ. მოტივებზე, თუ რამ განაპირობა ამგვარი აგრესიული კამპანიის წამოწყება, ისინი თავადვე საუბრობენ.
"ახალგაზრდა მწვანეების" კამპანია "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" არ წარმოადგენს მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ჩვენი ანტიპათიის გამოხატულებას. ერთეული ჯიპების მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის ემისია გარემოსა და უამრავი ადამიანის ჯამრთელობას აზიანებს. თუმცა, მხოლოდ ურბანულ გარემოსთან ადაპტირებული დიდი ავტომობილების უკან ეკოლოგიურ უსამართლობასთან ერთად სოციალური უსამართლობის მსხვილი ჯაჭვია.
მასიური ავტომობილები მასიურ ძრავაზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, მრავალჯერ ზრდის ნავთობზე მოთხოვნას. ნავთობზე მოთხოვნა და მისი მარაგი გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში სპეკულაციის მთავარი მექანიზმია, რასაც მხოლოდ უკანასკნელი დეკადის განმავლობაში მილიონამდე უდანაშაულო ადამანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან გამომდინარე, ჯიპის მფლობელთა კომფორტის მოთხოვნილებით განმტკიცებული უსამართლობის დანახვა მარტივია.