რა ხდება საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში? რა დარღვევები ხდება აქ და რატომ შეეპარათ ეჭვი არასამთავრობოებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებში?
"ალიას" ესაუბრება ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე:
- 2014 წლის თებერვლის დასაწყისში ჩვენმა ორგანიზაციამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მივმართეთ ჯერ პრემიერ-მინისტრს პეტიციით, მერე კი ჯანდაცვის სამინისტროს და მოვითხოვეთ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების მონიტორინგის განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან. წლების მანძილზე ასეთი მონიტორინგი არასოდეს განხორციელებულა.
- ამ სახის სულ რამდენი ბავშვთა სახლია?
- თავიდან ეგეც პრობლემა იყო, რაოდენობა რომ დაზუსტებულიყო, რადგანაც, როგორც წესი, ამ დაწესებულებებში აბსოლუტურად დახურული სივრცე იყო. ამ დროს ეს დაწესებულებები ათეული წელია არსებობენ. აქ შესვლა სახალხო დამცველსაც კი ეკრძალებოდა. ზედმეტია ლაპარაკი ჯანდაცვის სამინისტროზე და სხვა უწყებებზე და ესაა სერიოზული დარღვევა კანონის. დაწესებულება, სადაც ბავშვი 24 საათის მანძილზეა მოთავსებული, ესაა ალტერნატიული ზრუნვა და უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოსგან, მიუხედავად დაწესებულებების სამართლებრივი ფორმისა. კულუარულად ვიცით, რომ სახელმწიფო ერიდებოდა საპატრიარქოს ბავშვთა სახლების შემოწმება-შევიწროებას.
- რას ნიშნავს შევიწროებას?
- არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ჯანდაცვა ვერ შედიოდა ამ დაწესებულებებში, რადგანაც თავიდან საპატრიარქო იყო წინააღმდეგი, ან სახელმწიფო იყო პასიური ამ ქმედებაში, ყოველ შემთხვევაში, მათ გარდა ამის შესახებ არავინ იცის, რადგანაც ერთმანეთში მოლაპარაკების საკითხია. საბედნიეროდ, მოვახერხეთ, რომ დაიწყო ამ დაწესებულებების მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები ხელმძღვანელობენ ამ დაწესებულებებს, მომვლელი პერსონალი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ამ ცოტა ხნის წინ დაიდო ჯანდაცვის მონიტორინგის ანგარიში, რის მიხედვითაც შემოწმებულია ორი დიდი დაწესებულება, ფერიის მთაზე არსებული ბავშვთა სახლი და ნინოწმინდის ბავშვთა სახლი, სადაც თითოეულ მათგანში ცხოვრობს 160-ზე მეტი ბავშვი. ესენი არიან ზრუნვამოკლებული ბავშვები და ასევე ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც. მაგრამ მონიტორინგში არ იყო ჩართული ბავშვთა უფლებების გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც ბავშვებთან ინტერვიუების აღების გამოცდილება აქვთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. ჩვენ ჯანდაცვას მივმართეთ ოფიციალურად თხოვნით, მაგრამ გვეთქვა უარი. არგუმენტაცია იყო - ამით ბავშვთა უფლებები დაირღვევაო.
- როცა თემის სპეციალისტები ერთვებიან საკითხში, როგორ შეიძლება, ბავშვთა უფლებები დაირღვეს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა გეტყვით, რა პრობლემებია ამ მონიტორინგთან დაკავშირებით: ჯერ კიდევ 2011 წელს სახალხო დამცველი წერდა თავის ანგარიშში, რომ ამ სახლებში, სავარაუდოდ, არის ძალადობის ფაქტებიო, მაშინ სახალხო დამცველის აპარატში ჩვენ ვმუშაობდით და ვნახეთ სხვა დაწესებულებების ბავშვები, რომლებიც საპატრიარქოს ბავშვთა სახლებიდან იყვნენ გადმოსულები და ისინი იხსენებდნენ იქ არსებულ სიტუაციას. სახალხო დამცველის ანგარიშში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი, როგორ ყვებიან ბავშვები, რა ტიპის ძალადობას ჰქონდა ადგილი, ინიციალებიც გვაქვს მინიშნებული მოძალადეების, რომელიც დაშიფრულია, მაგრამ ზუსტად ვიცით, ამ ადამიანების სახელი და გვარები. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო რომ დაინტერესებულიყო, მარტივად მიიღებდა ინფორმაციას ამ კონკრეტულ პირებზე. ამ ბავშვების თქმით, იყო ცემის ფაქტები, დაჩოქება, სკამის ფეხით ცემა და სხვა უამრავი. სახალხო დამცველმა მისცა რეკომენდაცია ჯანდაცვას, შეემოწმებინა ფაქტები და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. სამწუხაროდ, სამინისტრომ ამაზე რეაგირება აქამდე არ გააკეთა. მაგრამ უცნაური ისაა, ახლაც რომ შევიდნენ ამ საბავშვო სახლებში არც კი მოიძიეს ეს ფაქტები და არც დაინტერესდნენ, რაზე საუბრობდა სახალხო დამცველი. ჯანდაცვა ამბობს, რომ ამჟამად ცალსახად არ არსებობს ძალადობის პრობლემა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო იქვე იმასაც ამბობს, რომ პერსონალს არ გააჩნია ინფორმაცია, რა არის ბავშვის მიმართ ძალადობა და რა მექანიზმი არსებობს ძალადობისგან დაცვის. უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ეს დასკვნა არაკომპეტენტურია. საგულისხმოა, რომ ინვალიდთა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია სამი წლის მანძილზე აკვირდებოდა ბავშვთა სახლებში არსებულ სიტუაციას, ინფორმაცია ჰქონდა საპატრიარქოს ბავშვთა სახლზე და წერდა, რომ ამ დაწესებულებებში არსებობს რეალური საშიშროება ბავშვებთან დაკავშირებით.
- კონკრეტულად რას გულისხმობდა?
- მაგალითად, ის, რომ დაწესებულებებში არ ხდება ბავშვების აღრიცხვა, რაც ქმნის ტრეფიკინგის სერიოზულ რისკს. ანუ, ბავშვის ჩარიცხვა არ ხდება კომპეტენტური ორგანოს მიერ და ასევე არ ვიცით, დაწესებულებიდან რამდენი ბავშვი გადის და სად გადის. ამ შემთხვევაში, რეალურად ჩნდება საფრთხე იმისა, რომ ბავშვთა ვაჭრობის თემა წამოვიდეს წინა პლანზე, რადგანაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, სად რამდენი ბავშვი იმყოფება. ამ დროს ჩვენ დაინტერესებული ვართ, კომპეტენციაც გვაქვს და სურვილიც და ვთხოვეთ ჯანდაცვას, რომ მათთან ერთად შევიდოდით დაწესებულებებში, დეტალურად შევამოწმებდით ყველაფერს და უარი გვითხრეს, ანუ ჩვენთვის დახურულია კარი, მაგრამ თვითონ ხომ შევიდნენ? ჯანდაცვის სამინისტრო წერს ანგარიშში, რომ საპატრიარქოს სახლში ხდება დავშვების ნაწილობრივი აღრიცხვა.
ჩვენი აზრით, სანამ ლიცენზირების საკითხი გადაწყდებოდეს, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვები უნდა იყოს გადაყვანილი ლიცენზირებულ მცირე ზომის ბავშვთა სახლებში. ჯანდაცვის მონიტორინგის მიხედვით კი უმნიშვნელო დარღვევებია დაფიქსირებული: რომ არ არის დალაგებული დოკუმენტები სტრუქტურულად, რომ ვიღაცას არ აქვს დაბადების მოწმობა, ანუ, ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად აუბრალოებს ამ საკითხებს და წარმოაჩენს, რომ აქ უმსუბუქესი დარღვევებია. სინამდვილეში შიგნით ნამყოფი არავინაა და ეჭვი გვაქვს, რომ რახან სახალხო დამცველი ძალადობაზე საუბრობდა, ჯანდაცვას იქაური "ქეისები" ღრმად უნდა გამოეკვლია და ასევე უნდა გამოეკვლიათ, ახლა რა ხდება ძალადობის თვალსაზრისით. ამაზე კი აქცენტი არ აქვს ჯანდაცვას, ის ცალსახად ამბობს, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა.
- თქვენ იქაური სიტუაციის რეალობა ბავშვებისგან იცით?
- გარდა ბავშვებისა, სხვა ინფორმაციაც გვაქვს: პირველ მაისს მოვიპოვეთ ინფორმაცია ქალბატონისგან, რომლის შვილიც იმყოფებოდა საპატრიარქოს ბავშვთა სახლში. ბავშვი იქიდან რომ წამოვიდა, ქალმა დაიწყო საუბარი იქაურ სიტუაციაზე, რომ იქ იყო ცემის ფაქტები, იქ იყო გაშიშვლება, ბავშვის შიშვლად სიცივეში მეტლახზე ჯდომა, რის ნიადაგზეც ნერვიულობის გამო ბავშვს ფსორიაზი დაემართა და დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამ დროს, ჯანდაცვის მონიტორინგი წერს, რომ დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ აღსაზრდელების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან.
- იქ სასულიერო პირები არიან და ასეთი სასტიკი მოპყრობა როგორ ხდება?
- რახან სასულიერო პირი მართავს დაწესებულებას, რატომ გგონიათ, რომ არასასულიერო პირი არ ჩაიდენს დანაშაულს? ბავშვები ამბობენ, რომ მღვდლები ეკითხებოდნენ, ვინმე ხომ არ ჩაგრავდა მათ, მაგრამ ბავშვები იმასაც ამბობენ, რომ გვეცოდებოდნენ იქაური აღმზრდელები და არ ვასახელებდითო. ეს შეცოდებაც ცალსახად არ უნდა გავიგოთ: ვინც მუშაობს ძალადობის თემაზე, მან იცის, რატომ აფარებს ბავშვი მოძალადეს ხელს. ბავშვი ხანდახან სიყვარულსაც გამოხატავს მოძალადის მიმართ, ეს ტექნიკის თემაა და ასეთ ბავშვს უნდა გაესაუბროს სპეციალისტი. აქ კიდევ ერთი მომენტია: ჯანდაცვის დაქვემდებარებაში არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებები, სადაც ცხოვრობენ მსგავსი პრობლემის ადამიანები, მათ იქ გააჩინეს ბავშვები, ჯანდაცვამ დაავლო ხელი ამ ბავშვებს და წაიყვანა პირდაპირ ამ სახლებში, მოტივაციაა: იქ არ არის შესაფერისი პირობებიო და პრინციპში, უკანონოდ ხდება ბავშვების გაყვანა.
- საკმაოდ მწარედ ურტყამთ ჯანდაცვის სამინისტროს.
- ჩვენ ამაზე წლებია ვლაპარაკობთ. მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა დაიწყო ამ კარების გახსნა რაც აქამდე დაკეტილი იყო. თუმცა, აქამდე არღვევდნენ კანონს. ჩვენ მოვუწოდებთ ახალ სახალხო დამცველს, რომ მან დაუყოვნებლივ ჩაატაროს მონიტორინგი ამ დაწესებულებებში და დადოს ახალი შედეგი. ის ვალდებულია, ეს გააკეთოს. ჯანდაცვის მიმართ ჩვენ გვაქვს უნდობლობა, რადგანაც ის თავის თავს ამოწმებს, ოთხი წელია ეს დასკვნა იდო და არ ამოწმებდა, ეს რას ნიშნავდა? ამის გადადება არ შეიძლება და უჩა ნანუაშვილი დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში და სისტემურად შეამოწმოს იქაური სიტუაცია.
კომენტარისთვის შუა დღიდან ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს გია კაკაჩიას რომელმაც ჯერ დიდი ხნის მანძილზე არ გვიპასუხა, მიუხედავად ჩვენი "მესიჯებისა", ბოლოს, როცა ძლივს აიღო ყურმილი, გაღიზიანებულმა ასეთი პასუხი გაგვცა: "მაგ პრეტენზიებზე 15 წუთი უნდა გელაპარაკოთ და მე მოვრჩი სამუშაო დღეს და ღამის რვა საათზე არ ვიძლევი მე ინტერვიუებს!"
დალოცვილიშვილო, დროზე გეპასუხა, მერე. მე რა, მეხალისებოდა საღამოს 8 საათამდე თქვენი ლოდინი?
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი "ალია"