მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ვინ მოკლა ილია" შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებს ეყრდნობა. ფილმი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ეპიზოდს და მისი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან პერიოდებს ასახავს. ისტორიულ პერსონაჟებს ცნობილი ქართველი მსახიობები განასახიერებენ: კოტე თოლორდავა ილია ჭავჭავაძის როლს ასრულებს, ოლღას როლში რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა. ყველასთვის საინტერესო კი ბერბიჭაშვილის როლია, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი პაატა მხეიძე ასახიერებს. ფილმის ძირითადი ნაწილის გადაღება დასრულებულია. ილიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. ფილმის გადაღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისტორიკოსებმა საქმეში ახალი და აქამდე უცნობი გარემოებები აღმოაჩინეს. "ყველა სიახლე" ფილმში მონაწილე მსახიობებს გაესაუბრა.
პაატა მხეიძე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბერბიჭაშვილის როლის შემსრულებელი:
- ამ როლზე დათანხმება ძალიან გამიჭირდა. საკმაოდ დიდხანს ვყოყმანობდი. რთული იყო იმ პიროვნების თამაში, ვინც ასეთი რამ ჩაიდინა. თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ფილმში სულ სხვა ვერსია უნდა ყოფილიყო დამუშავებული. სწორედ ეს დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის ახალი პროექტი და სრულიად ახალი ვერსია. კიდევ კარგი, რომ დავთანხმდი. არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობდა. გავეცანი საარქივო მასალებს. ვნახე ბერბიჭაშვილის მანდატები, საპენსიო წიგნაკი... შეიძლება ამან ვიღაცას ღიმილი მოჰგვაროს, მაგრამ საოცარი შეგრძნება მქონდა.
- თავიდანვე ითქვა, რომ საზოგადოება სრულიად ახალ დეტალებს გაიგებდა ილიას მკვლელობის შესახებ...
- არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, ვისაუბრო ფილმის გამოსვლამდე... ფილმში დეტალურად იქნება ნაჩვენები, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რა ტრაექტორიით იყო ნასროლი ტყვია, სხეულის რა ნაწილები დაუზიანა ილიას და ა. შ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ვიღაცამ უნდა დაგვანახოს ქართველებს საკუთარი თავი გვერდიდან, უნდა შევეგუოთ, რომ ისეთი რამეც გაგვიკეთებია, რისიც უნდა გვრცხვენოდეს...
კოტე თოლორდავა, ილიას როლის შემსრულებელი:
- ეს ფილმი ხელს უწყობს ისტორიის შექმნას, გასაგები ხდება, რეალურად რა მოხდა იმ ავბედით დღეს, როდესაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ფილმში იქნება უცნობი დეტალებიც, თუმცა ამის მოყოლისგან თავს შევიკავებ, ეკრანზე ნანახი უფრო საინტერესო იქნება.
ფილმი მონტაჟდება და ეკრანებზე, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გამოვა.
ესაუბრა ქეთი საგინაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)