ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია და არც საჯარო შეფასებებს ერიდება. ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში ნანუკას ის პოსტი მოექცა, ტელეწამყვანი კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარის ჩაცმულობას რომ ეხმაურება. მარინა მიზანდარის ფოტო ოფიციალურ შეხვედრაზეა გადაღებული და მინისტრის მოადგილეს ფოტოზე მართლაც უჩვეულოდ აცვია.
- მეც მიყვარს შარვალზე კაბა, კაბაზე - ბლუზა, ბლუზაზე - წინსაფარი, წინსაფარზე - მძივი და ა.შ., მაგრამ ვცდილობ ყოველთვის თანამედროვედ ჩავიცვა. კულტურის მინისტრის მოადგილის ჩაცმულობამ კი, თანაც ოფიციალურ მიღებაზე, მართლაც გამაოგნა - ეცვა შლაკსი, ზემოდან კაბა და კაბაზე პიჯაკი. მე ის არ გამიკრიტიკებია, უბრალოდ ვთქვი, იმედია, ამის შემდეგ ჩემი ჩაცმულობა არავის გაუკვირდება-მეთქი. ან რაღა უნდა გაუკვირდეთ, ეს იყო გაკვირვების პიკი...
- თქვენმა განცხადებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, თქვეს, მარინა მიზანდარს ნანუკა ჟორჟოლიანის დასაცინი არაფერი სჭირსო...
- თვითკრიტიკა და "თვითირონია" ჩემთვის უცხო არ არის, გახსოვთ, ალბათ, ჩემს ნათქვამ "არტილერიაზე" სხვაზე მეტი ვიხუმრე. ახლაც უწყინარი პოსტი დავწერე და ირიბად ისევ ჩემს ჩაცმულობას გავუსვი ხაზი. მე ვარ შოუს წამყვანი, სადაც ხან მატარებელი შემოდის, ხან თვითმფრინავი დაფრინავს, ხან ვირი დადის და ა.შ. ასეთი ტიპის შოუს წამყვანს რომ უცნაურად ეცვას, რა გასაკვირია? აი, კულტურის მინისტრის მოადგილედ თუ დამნიშნავენ, მხოლოდ ოფიციალური პიჯაკით და შარვლით შევიმოსები.
- ცოტა ხნის წინ ასევე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოზარ სუბარსა და პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილზე გაკეთებულ თქვენს განცხადებებს...
- საზოგადოების ნაწილი ყველა უწყინარ პოსტს განიხილავს. ერთ საღამოს ჩემს სახლში მეგობრები შევიკრიბეთ და ერთ-ერთ თემად გიორგი მარგველაშვილის განცხადებაც განვიხილეთ - ოჯახს პოლიტიკური ქულების დასაწერად ვერ შევქმნიო. ამ ბოლო დროს ფარისევლობა ძალიან გახშირდა და მარგველაშვილის გულწრფელობა დასაფასებელია-მეთქი, აღვნიშნე. მეორე დღეს კი წავიკითხე პრეზიდენტობის კანდიდატის მორიგი ინტერვიუ, სადაც ის თავის მეგობარ ქალზე, მაკა ჩიჩუაზე ამბობს, რომ მაკა მხატვარია, უკრავს, და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ის ვიზაჟისტია. მაკა ჩიჩუა ათი წელია ვიზაჟისტია, ტელევიზიაში მუშაობდა და ყველა თანამშრომელს ძალიან უყვარს. უბრალოდ ვთქვი, მარგველაშვილმა მაკას ამ საქმიანობაზე რომ არ ისაუბრა, ეს კომპლექსი ხომ არ არის-მეთქი? შეიძლება "პიარშჩიკებმა" ურჩიეს, რომ ამ თემაზე არ ესაუბრა. ყოფილი მაღალჩინოსნების ვიზაჟისტ ცოლებზე დიდი ამბავი იყო თბილისში ატეხილი, პოლიტიკოსებს ალბათ რცხვენიათ ამ თემაზე ლაპარაკი და ჩემი ეს განცხადება დაცინვად აღიქვეს. რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის დიდი ხანი არსად ჩანდა. ამასობაში ატყდა მითქმა-მოთქმა, რომ მოხდა ე.წ "ციხის გაშავება". ვიცით, რა სიმწარეც არის პატიმრობა და ღმერთმა ყველას აშოროს. ბევრი წერილი მოდის პატიმრებისგან, ზოგი დახმარებას ითხოვს... ამის ფონზე დავწერე ის პოსტი - "სოზარ სუბარმა თუ იცის, ქურდებმა რომ გადააყენეს-მეთქი".
- ირონიულად შეაფასეთ შალვა რამიშვილის მარგველაშვილის პიარმენეჯერად დანიშვნა და დაწერეთ: "შალვა რამიშვილი დაუნიშნავთ მარგველაშვილის (როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის) პიარის ხელმძღვანელად. არ დამცინოთ და, მგონი, ჩაფიქრებული აქვთ, რომ წააგოს მარგველაშვილმა. რაც შეეხება შალვას, დარწმუნებული ვარ, კარგად უხდიან და ამიტომ არ ვნერვიულობ" - რატომ შეაფასეთ ასე?
- შალვა შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რაღაც არ თქვას ჩემს გადაცემაზე, მეც მომეცა ამის შანსი. შალვას უნდოდა მედიაკრიტიკოსობა, მაგრამ წავიდა ტელევიზიაში და გახდა ჩემი კოლეგა, შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატის პიარმენეჯერი და ამბობენ, რომ ისევ ტელევიზიაში დაბრუნდება. წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ ერთი კითხვა მაქვს: თუ ადრე პოლიტსიმპათიების ან სახელისუფლებო სფეროში დასაქმებული ქმრის და მეგობრების გამო არაობიექტურ ჟურნალისტად ვითვლებოდი, დღეს რატომ მიიჩნევა შალვას მაგალითი ობიექტურად? ეს ორმაგი სტანდარტია. შენი ბავშვობის მეგობარი რომ ქალაქის მერია, ამის გამო უნდა დაკარგო? დღეს რატომ არ ითვლება ჟურნალისტურ ნაკლად პრეზიდენტობის კანდიდატის პიარკამპანია და მერე მედიაში დაბრუნება? თავის დროზე ასე ღიად რომ ეწარმოებინა პიარი "რუსთავი 2"-ის ან "იმედის" რომელიმე სახეს, მიწაში ჩადებდნენ, მუდმივად გააკეთებდნენ აპელირებას ამაზე, დღეს კი ხმას არავინ იღებს.
- ნანუკა, როგორც ვიცით, ერეკლე კოდუა ახლა ვენაშია, იქ გადავიდა საცხოვრებლად?
- ერეკლე არც იქ გადასულა საცხოვრებლად, არც გაქცეულა. უბრალოდ, დიდ დროს ატარებს საზღვარგარეთ, რადგან აღარ მუშაობს და ცდილობს სხვა საინტერესო რამეებით დაკავდეს, ცოტა ხნის წინ ჩამოსული იყო საქართველოში, ახლაც აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ თუ ვერ მოახერხებს, ისევ მე წავალ მასთან.
- რას აკეთებს ვენაში?
- მას იქ პირადი გეგმები აქვს. ახლა ვიღაცა იტყვის, ერეკლეს ბიზნესები აქვს ვენაშიო, დამანებეთ თავი, არც ბიზნესი გვაქვს და არც იმდენი ფული, ხალხს რომ ჰგონია (იცინის).
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)