კონსტანტინე გამსახურდიას რომანებში მკვლევრები ხშირად ცნობენ თავად მწერალს, მის შვილებს, საყვარელ ადამიანებს, მწერლის თანამედროვე ისტორიულ ფიგურებს... კონსტანტინე გამსახურდიას პირადი ცხოვრება ისეთივე მძაფრი და მშფოთვარე იყო, როგორიც ეპოქა, რომელშიც მის თანამედროვეებს უწევდათ ცხოვრება... როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ცნობილი რომანები დაწერილიყო და შემდეგ ჩვენამდე მოეღწია, თავისი წილი მსხვერპლი მწერლის ცხოვრების მეგზურებმაც გაიღეს - დიდი ხნის წინ დაწყებულ და მიტოვებულ "მთვარის მოტაცებას" რებეკა ვაშაძის გარდაცვალების შემდეგ მიუბრუნდა მწერალი და კიდეც დაასრულა, "დავით აღმაშენებელი" კი მეორე დიდ სიყვარულს - მირანდა ფალავანდიშვილს მიუძღვნა... თუმცა, როგორც გამსახურდიას მკვლევარი, პროფესორი სოსო სიგუა აღნიშნავს, "რომ არა მირანდას ავადმყოფობა და გარდაცვალება, კონსტანტინე დაასრულებდა დაწყებულ რომანს - "თამარ"...
- არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც სანამ კონსტანტინე გამსახურდია რებეკა ვაშაძეს შეირთავდა ცოლად, რებეკას თანაკლასელი მოსწონდა...
- დიახ, გიმნაზიელი კონსტანტინე რებეკა ვაშაძის თანაკლასელს, სილამაზით გამორჩეულ ასულს, ჭიათურელ ვერა აბდუშელიშვილს შეუყვარდა. კონსტანტინესაც მოსწონდა ვერა, მაგრამ მათ შორის რებეკა ჩადგა და ჭაბუკს გული აუცრუა: ვერა შენზე ჭორაობს, - კოწიას დახეული ფეხსაცმელებიდან ფეხის თითები მოუჩანსო... მას შემდეგ გაბრაზებული კონსტანტინე ვერას აღარც კი დალაპარაკებია... გავიდა დრო. ჭიათურაში მასწავლებლობდნენ ვერა, რებეკა და გალაკტიონის სატრფო - ოლია ოკუჯავა. ვერას ისევ უყვარდა კონსტანტინე, თუმცა ის უცხოეთის ნისლებს იყო გადაყოლილი და გიმნაზიის შემდეგ ვერა არც ენახა. ვერას განუქარველი სიყვარულის შესახებ კარგად იცოდა რებეკამ და სკოლაში ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე კოწიას უსტარებს, რომ მეტოქისთვის გული დაეწყვიტა. მოგვიანებით, ვერა ფსიქიკურად დაავადდა და მალე ისე გარდაიცვალა, რომ კონსტანტინესთვის თვალიც არ მოუკრავს... კონსტანტინე, როგორც თარაშ ემხვარი, სიკვდილის მომტანი დემონი აღმოჩნდა ვერასა და რებეკასთვის. მათ ერთნაირად დაასრულეს სიცოცხლე...
- თუმცა, ვერასგან განსხვავებით, რებეკას ოცნება აუსრულდა...
- 1909 წელს კონსტანტინეს ჭიათურელი მღვდლის, ისაია (ისააკ) ვაშაძის ქალიშვილი, რებეკა ვაშაძე შეუყვარდა ("ეს მეხუთე წელია ერთმანეთი გვიყვარს", - სწერდა კონსტანტინე საცოლეს 1913 წელს). მოღწეულია მრავალი უსტარი, რომელსაც ახალგაზრდა მწერალი სატრფოს პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, მიუნხენიდან, ბერლინიდან, მატარებლიდან თუ ტყვეთა ბანაკიდან უგზავნიდა (მათი ნაწილი მოგვიანებით ბუხარში შეუყრია და დაუწვავს რებეკას). ამ გზით უმტკიცებდა სიყვარულს, წუხდა, რომ მარტო დატოვა და თავად ევროპას მიაშურა, პატიებას სთხოვდა, ალერსით უწოდებდა რების, რებიკას, რევეკას, პენელოპეს... აცნობდა თავისი ცხოვრების წვრილმანებს: როდის იყო მთვრალი, რა დალია - არაყი თუ კონიაკი, როგორ დაიწყო თამბაქოს მოწევა, კენიგსბერგში როგორ უბწკინა ლოყაზე ვიღაც გერმანელმა ქალმა... ჯვრისწერის შემდეგაც ძველებური აღტკინებითა და მიამიტობით სწერდა, რომ სწავლას მალე დაასრულებდა და მყისვე მას დაუბრუნდებოდა. რამდენიმე ტექსტი ღია ბარათზე აქვს დაწერილი, რომელზეც ნაპოლეონ ბონაპარტია გამოსახული. უსტარების ტონი მხნე და მხიარულია, გულითადი, ხალისიანი. არ ჩანს ის პესიმიზმი და მელანქოლია, რაც მწერალს მოგვიანებით დაეუფლა და სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. რებეკას მშობლებს სასიძო არ მოსწონდათ (რებეკას დედა, ანა ბარათაშვილი, მწერალ მარიკა ბარათაშვილის მამიდა იყო). ისაიას შეძლებული ოჯახი ჰქონდა, ხოლო კონსტანტინე საეჭვო პერსპექტივის მარადიული სტუდენტი იყო - ხელთ წიგნი ეკავა, ფული არ ჰქონდა, პრაქტიკულ საქმეს გულს ვერ უდებდა, იცვლიდა ქალაქებსა და უნივერსიტეტებს, ცხოვრობდა სხვათა დახმარების ხარჯზე. მაგრამ სატრფოსადმი საოცარ თავდადებასა და ერთგულებას იჩენდა. იყო უაღრესად გულღია, თავაზიანი და ყურადღებიანი. ჯვრისწერამდე რებეკასგან ფულს არ იღებდა, შემდეგ კი ყოველ წერილში ფულზე ჩიოდა. ერთხელ მასწავლებელმა კონსტანტინეს ვალტერ სკოტის "აივენგო" მისცა გასარჩევად, რომლის ერთ-ერთ პერსონაჟს რებეკა ჰქვია. რებეკას ხსენებაზე ყველა კონსტანტინეს მიაჩერდა. "გამაწითლეს საძაგლად", - წერს მწერალი. "ლანდებთან ლაციცში" იგი თავის რომანულ ფათერაკებზე მოგვითხრობს, ასახელებს გერმანელ ქალებს, ზოგს გათხოვილს, ზოგსაც - გასათხოვარს, მაგრამ არა რებეკას. შეიძლება, რომელიმე მათგანი რეალურად არც არსებულა, მაგრამ ადელჰაიდე ლენცთან რომანი მართალი უნდა იყოს, რადგან ეს ასული ძალიან ჰგავს ელლენ რონსერს ("მთვარის მოტაცება").
- ამ სიყვარულმა რებეკას მშობლების სიჯიუტეც დაამარცხა?
- 1914 წელს რებეკასა და კონსტანტინეს თავად ისაიამ დასწერა ჯვარი. წყვილი გერმანიაში წავიდა. იქ ორივე დააპატიმრეს, როგორც რუსეთის მოქალაქეები. გერმანელებს რებეკა ებრაელი ეგონათ - სახელისა და მამის სახელის გამო. მოგვიანებით, რებეკაც სოციალისტ-ფედერალისტი გახდა, თუმცა კონსტანტინე უშლიდა, - პარტიულობა ქალს არ სჭირდებაო. რებეკას უმცროსი ძმები - სიმონი და დავითი ფედერალიზმს ერთგულებდნენ. როცა წითელმა ნიაღვარმა წალეკა საქართველო, მათ ევროპას შეაფარეს თავი. დავითი გერმანიაში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა, ხოლო სიმონი უცხოეთის ცას ვერ შეეგუა და სამშობლოში დაბრუნდა. ბოლშევიკებმა უცხოეთში გადახვეწა არ აპატიეს და დახვრიტეს. რებეკა გალაკტიონის პირველ მეუღლესთან - ოლია ოკუჯავასთან მეგობრობდა. მოღწეულია რებეკას გარდაცვალების გამო ჭიათურაში გაგზავნილი, გალაკტიონის სამძიმრის დეპეშა. 1918 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ქალიშვილი, ნათელა შეეძინათ. როცა კონსტანტინეს შვილის დაბადება ახარეს, სიმამრის ოჯახში იყო. აღელვებულმა, ლამპის ცხელ შუშას აკოცა და ტუჩები დაიწვა. მღვდელს გაეცინა, სიძის საქციელი კი არ მოეწონა.
- რა გახდა ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი?
- რამდენიმე თვეში მწერალი გერმანიაში გაემგზავრა, ერთი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა და მეუღლეს კატეგორიულად მოსთხოვა ბერლინში წასვლა. რებეკამ და სიდედრ-სიმამრმა უარი თქვეს, - ომია, ქვეყანა იქცევა, ძუძუთა ბავშვიანი ქალი სად უნდა წავიდესო?! კონსტანტინე გაჯიუტდა, მაგრამ რებეკა ვერ დაითანხმა. ეს ფაქტი ძალიან ჰგავს თარაშის სიჯიუტეს თამარის მიერ თმის შეჭრის გამო. 1919 წლიდან, ფაქტობრივად, მათი ხანმოკლე ცოლქმრობა შეწყდა - კონსტანტინე ბერლინში დაბრუნდა, რებეკა კი ჭიათურაში დარჩა; სკოლაში ქართულ და რუსულ ენებს ასწავლიდა. მალე ქვეყანა უარესად აირია - კონსტანტინეს ბოლშევიკები სდევნიდნენ, არც მღვდლის ოჯახს ადგა კარგი დღე - წაართვეს სახლი, წისქვილი, ჩამოართვეს მიწები, აუკრძალეს მღვდელმსახურება. კონსტანტინე მეუღლეს სწერდა: "შენს თვალებში მე მეგულება ჩემი მზეგარდაცვლილი სიჭაბუკე". 1925 წელს "დიონისოს ღიმილი" გაუგზავნა. რებეკამ რომანზე რეცენზია დაწერა. თითქოს ძველი წყენა დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მწერალი დააპატიმრეს. კონსტანტინეს გადაკარგვამ, სევდამ და დეპრესიამ ქალს ფსიქიკა შეურყია... იგი 41 წლის ასაკში ჭიათურაში გარდაიცვალა, იქვე დაკრძალეს. კონსტანტინე დაკრძალვას არ დასწრებია, მაგრამ მაშინ წერდა "მთვარის მოტაცების" პირველ სტრიქონებს და მისი სიჭაბუკის ოცნება აღდგა ქერათმიან, ცისფერთვალა თამარ შარვაშიძის სევდიან სახეში. ამის შემდეგ ქრება რებეკა კონსტანტინეს მეხსიერებიდან, თითქოს არც არასოდეს არსებულიყო...
- რებეკას გარდაცვალებამ "მთვარის მოტაცების" დასრულება დააჩქარა, რომლის წერაც საკმაოდ გაუხანგრძლივდა მწერალს...
- "მთვარის მოტაცების" წერისას მწერალი მარტო ცხოვრობდა და მხოლოდ თავის გმირთა ლანდებს ეხმიანებოდა. თავისუფალ მოაზროვნეს ცოლი არ უნდა ჰყავდეს, ფრინველი მარტო უნდა ფრენდესო, - ამბობდა ნიცშე, იმეორებდა კონსტანტინე და მისი გმირებიც ეულ ცხოვრებას არჩევდნენ ოჯახურ სითბოსა თუ სიმყუდროვეს.
- მაგრამ ეს ეტაპიც დასრულდა და კონსტანტინე გამსახურდიამ მასზე 23 წლით ახალგაზრდა მირანდა ფალავანდიშვილი შეირთო ცოლად...
- გამორჩეული სილამაზისა და ბუნების ასულს, მირანდას მათიკო ერქვა, იადასაც ეძახდნენ; მირანდად კონსტანტინემ "მონათლა" - ალბათ, შექსპირის მიხედვით. მწერალმა ის გერმანულ სკოლაში გაიცნო, სადაც თავად ასწავლიდა. მირანდა რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო, მამა - ნიკოლოზი 1924 წელს დახვრიტეს, როგორც თავადი. დედაც მალე გარდაიცვალა. ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ძველი ტრადიციის მიხედვით, კონსტანტინე ხელის სათხოვნელად მირანდას ბებიას ეახლა, მაგრამ გაწბილებული დარჩა. შე წუწკო, ლამის ჩემი ასაკისა ხარ და ამ ანგელოზს როგორ გაგატანო?! - მკაცრად უპასუხა ქალბატონმა და ოჯახის წევრებს მიმართა - სტუმარი გააცილეთო. 1935 წელს 44 წლის კონსტანტინე და მირანდა მაინც დაქორწინდნენ.
- ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტიც ხშირად ჰქონდა...
- კონსტანტინეს, როგორც ყველა დიდ ხელოვანს, რთული ხასიათი ჰქონდა. საშინელი დრო, რომელიც მარყუჟივით ყელზე ეხვეოდა, კიდევ უფრო უწეწდა ფსიქიკას. მის მძიმე ცხოვრებას მირანდა მართლაც მფარველ ანგელოზად მოევლინა. მარტოობამ, შემოქმედებითმა პროცესმა, ეპოქის კოშმარმა მწერალს მკაცრი ხასიათი ჩამოუყალიბა. ეს თავს იჩენდა ცხოვრებისეულ წვრილმანებში, ხელმომჭირნეობაში, პედანტურ სიზუსტეში, ცოლქმრულ ურთიერთობაში, რასაც თავდაპირველად კონფლიქტებიც მოსდევდა. ახალგაზრდა მირანდა ეჭვიანობდა, - ალბათ საყვარლები ჰყავს და იმიტომ მოდის სახლში ასე გვიანო.
- მწერლის ქალიშვილი და მირანდა თუ იცნობდნენ ერთმანეთს?
- 1936 წელს ცოლ-ქმარს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ, 1939 წელს კი - ზვიადი. კონსტანტინე ახალი დაოჯახებული იყო, როცა საშუალო სკოლა დაასრულა და ჭიათურიდან ჩამოვიდა მისი უფროსი ქალიშვილი ნათელა. მირანდა და ნათელა თითქმის ტოლები იყვნენ. უდედმამოდ აღზრდილი ნათელას დანახვაზე მირანდა ატირდა, ნათელასაც ცრემლები მოეძალა. მირანდა ყველანაირად ცდილობდა, ნათელას უდედობა არ ეგრძნო. ნათელას უთქვამს, - ფული რომ მჭირდებოდა, მამას ვერ ვეუბნებოდი, მირანდას ვთხოვდი ხოლმეო. ერთხელ ეს კონსტანტინეს გაეგო და ცოლზე გაბრაზებულა, - ვერ გავიგე, ნათელა შენი შვილია თუ ჩემიო. კონსტანტინეს თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ქალის განათლებაზე. არ მოსწონდა, მირანდა უნივერსიტეტში რომ სწავლობდა, ეუბნებოდა - ჯობია, ოჯახს მიხედოო. მირანდამ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ არსად უმსახურია. მეუღლეს ლიტერატურულ მუშაობაში ეხმარებოდა, თარგმნიდა, უვლიდა ოჯახსა და შვილებს, მასპინძლობდა სტუმრებს, მოგზაურობდა საზღვარგარეთ. მხოლოდ ერთხელ იყო მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ გერმანიაში, მანამდე მწერალს არ აძლევდნენ უცხოეთში წასვლის უფლებას. როგორც ზვიადი იგონებდა, დედამ მას მუსიკისა და ხელოვნების სიყვარული და ქალისადმი რაინდული თაყვანისცემა ჩაუნერგა.
- როგორც ცნობილია, მირანდაც უდროოდ გარდაიცვალა...
- მირანდა ამ ქვეყანას 56 წლის ასაკში გაშორდა - უკვე მესამე სტადიაში გადასული სიმსივნე აღმოაჩნდა. ტკივილებს უხმოდ იტანდა სნეული. "კოლხური კოშკის" ეზოში დაკრძალეს 1970 წელს ის, ვისაც მწერალმა თავისი მრავალწლიანი შრომის ნაყოფი - "დავით აღმაშენებელი" უძღვნა. მირანდა დილით გარდაიცვალა. ზვიადი ექიმის ჩამოსაყვანად რუსეთში იყო წასული. ეგონათ, კონსტანტინეს ჯერ კიდევ ეძინა, ის კი საწერ მაგიდასთან იჯდა და წერდა. როცა მირანდას სიკვდილი აუწყეს, ფეხზე წამოიჭრა, კალამი ხელიდან გაუვარდა. ქანცმილეული ისევ სკამზე დაეშვა და დიდხანს იყო გარინდებული. შემდეგ მეუღლის ცხედართან მივიდა და ცხარედ ატირდა. მირანდა აქ, ეზოში უნდა დაიკრძალოსო, - უთხრა ახლობლებს. პანთეონი უხსენეს. ჩემი პანთეონი იქ არის, სადაც დავიმარხებიო, - უპასუხა... მირანდას დაღუპვის შემდეგ ისევ დეპრესიამ დარია ხელი. შინიდან არ გამოდიოდა, არავის ნახვა არ სურდა, მდუმარედ იჯდა საწერ მაგიდასთან, სიგარეტს ეწეოდა, დროდადრო წერდა და კითხულობდა ან ფანჯრიდან გაჰყურებდა გაძარცულ ხეებს...
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)