ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებასთან უკვე გაგზავნეს.
“ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავაგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, სათავეში უდგას ქვეყანას. ასადის კაცთმოძულე რეჟიმი დაემხო.
2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და ახალი ხელისუფლებაა, საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, დუმილის რეჟიმში იმყოფება.
ამიტომ ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ვახორციელებთ პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება”, - განაცხადა გვარამიამ.
"საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართვა სირიის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას
მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს,
თქვენო აღმატებულებავ,
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა.
2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა.თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა.
პატივისცემით, საქართველოს ოთხი დემოკრატიული ალიანსის ლიდერები
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “კოალიცია ცვლილებისთვის”
თინათინ ბოკუჩავა,“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”
ირაკლი კუპრაძე, “ძლიერი საქართველო”ბერდია სიჭინავა, “გახარია - საქართველოსათვის”