პოპულარული იტალიური სათხილამურო კურორტის მერმა ტურისტების მიღების შეზღუდვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქი მოულოდნელად 260 ავტობუსით გადაივსო, რომელმაც ნეაპოლიდან და კამპანიის რეგიონიდან 10,000-ზე მეტი ვიზიტორი ჩამოიყვანა. კურორტით მზარდი დაინტერესება TikTok-ის ვარსკვლავისა და იაფი ბილეთების დამსახურებაა.
ტურისტები ნეაპოლში დაბადებული TikTok-ერის, რიტა დე კრეშენცოს გავლენის ქვეშ მოექცნენ, რომელმაც კურორტიდან პირდაპირ ეთერში ვიდეო და რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. რიტას 1.7 მილიონ გამომწერი ჰყავს. ხალხი ასევე მოიზიდა სამოგზაურო სააგენტოების შეთავაზებამ, რომ ორსაათიანი მგზავრობისთვის უკანა გზის ავტობუსის ბილეთებს, საუზმის ჩათვლით, მხოლოდ 20-30 ევროდ გაყიდდნენ.
როკარასოს მერმა, ფრანჩესკო დი დონატომ განაცხადა, რომ კურორტს წარსულშიც ჰქონია განსაკუთრებით დატვირთული დღეები, მაგრამ არასდროს განუცდია გასული კვირის მსგავსი შემოდინება.
ჩვეულებრივ, იანვარსა და თებერვალში, შაბათ-კვირას როკარასოში საშუალოდ 20,000 მოთხილამურე ჩადის, იმ 15,000 ადამიანის გარდა, რომლებიც იქ უბრალოდ, ქალაქის დასათვალიერებლად იმყოფებიან.
"ასობით არაავტორიზებული ავტობუსი ჩამოდის," - განუცხადა დი დონატომ საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ს, - "კვირას 260 ჩამოვიდა, უმეტესობა კამპანიიდან, საიდანაც კიდევ 10,000-12,000 ადამიანი ჩამოიყვანეს. ეს ნამდვილი თავდასხმა იყო, სიტუაცია უმართავი გახდა."
დი დონატომ უარჰყო სოციალურ მედიაში გაჟღერებული ბრალდებები ნეაპოლელების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ, რომლებიც ხშირად სტერეოტიპულად უხეშებად მიიჩნევიან, და არგუმენტად მოიყვანა, რომ ქალაქი დაცვას საჭიროებდა და უამრავი ადამიანის მასპინძლობა უსაფრთხოების რისკს წარმოადგენდა.
"რასიზმი ნეაპოლელების მიმართ? არა, როკარასო მიესალმება და სურს კიდეც მეტი ტურისტის მიღება, მაგრამ ცივილიზებული მოთხილამურეები გვინდა. 30 ევროთი თხილამურებით ვერც კი ისრიალებ, რადგან სათხილამურო საშვი 60 ევრო ღირს. როკარასო ვერ უძლებს იმ სახის შემოდინებას, რაც კვირას გვქონდა - მაგალითად, ვერ დავდგამთ 1,000 პორტატულ ტუალეტს სათხილამურო კურორტზე" - განუცხადა დი დონატომ Corriere della Sera-ს.
"მე მხოლოდ ვთქვი, რომ როკარასო ლამაზი ადგილია," - განუცხადა მან Il Messaggero-ს.
ჭარბ ტურიზმზე დებატები ჩვეულებრივ, ზაფხულის პერიოდით და ისეთი ცნობილი იტალიური ქალაქებით შემოიფარგლება ხოლმე, როგორიცაა ვენეცია, ფლორენცია და რომი, მაგრამ როკარასოს შემთხვევამ კიდევ უფრო გამოააშკარავა, თუ როგორ შეუძლიათ სოციალური მედიის გავლენიან პირებს, ამ ფენომენში წვლილი შეიტანონ.
TikTok-ერებმა სხვა ნაკლებად ცნობილ ადგილებშიც გამოიწვიეს ვიზიტორთა ბუმი, მათ შორის რომის ერთ-ერთ ეკლესიაში, რომელსაც სელფის მოყვარულებისთვის პოპულარული სარკე აქვს.