პირველი მოგება ევრობასკეტზე, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ხმაურიანად აღნიშნა. თურქეთთან მატჩში დაძაბულად იბრძოლა და 88:83 დაამარცხა. ნაკრების გამორჩეული სპორტსმენი მოედანზე სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც თამაში 20 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა...
მატჩის დასრულების შემდეგ კი, პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"ორი ცუდი მარცხი გვქონდა. ჩემი აზრით, მთელი გუნდი შეკრული იყო. გულშემატკივრებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთ ატმოსფეროში არასდროს მითამაშია. ქომაგებმა გოგასა და თოკოს დანაკლისი თავის თავზე აიღეს. ყველამ მაგრად ითამაშა. ვიბრძოლეთ, ჩვენ უფრო გვინდოდა მოგება, როცა ცუდად მიგვდიოდა თამაში, ერთად ვიდექით მოედანზე და ვამხნევებდით მთელი გუნდი ერთმანეთს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს. როცა ვხედავ, რომ ამდენ ხალხს ჩემი სჯერა, მეც მაგრად ვთამაშობ. ხვალიდანვე მზადება უნდა დავიწყოთ, რათა ის ორი მატჩიც მოვიგოთ".
23 წლის კალათბურთელის კარიერული გზა, ნებისმიერი დამწყები სპორტსმენისთვის საოცნებოა. მამუკელაშვილი ამჟამად "მილუოკი ბაქსში" (ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია) თამაშობს. ის ორმხრივი კონტრაქტის საფუძველზე "ვინსკონსინ ჰერდის" მოთამაშეა, NBA-ის განვითარების ლიგაში.
სანდრო მამუკელაშვილი ნიუ იორკში დაიბადა და თბილისში გაიზარდა. სპორტსმენის ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მამუკელაშვილის ცხოვრებაში კალათბურთი მისი უფროსი ძმის, დავითის წყალობით გამოჩნდა, მისთვის მისაბაძი კალათბურთელი კი ქართველი ზაზა ფაჩულიაა.
სანდროს დეიდა ცნობილი პიანისტი ეთერ ანჯაფარიძეა, რომელიც ჩიკაგოში ცხოვრობს, უფროსი ძმა დავითი, ბლაირის აკადემიაში, ნიუ-ჯერსიში ინგლისურს ასწავლის.
14 წლის მამუკელაშვილის სპორტული კარიერა იტალიიდან განვითარდა, როდესაც ბიელაში, უმაღლეს სკოლაში ჩააბარა. მამუკელაშვილი თამაშობდა 17 წლამდე, 18 წლამდე და 19 წლამდე გუნდებში.
2016 წელს სანდრო მამუკელაშვილი შტატებში ბრუნდება და მონტვერდეს აკადემიაში აბარებს, სადაც მისი მენტორი ზაზა ფაჩულია გახდა, საიდანაც განვითარდა მისი კარიერული გზა...
სანდრო მამუკელაშვილი რამდენიმე ენას ფლობს, ის კარგად საუბრობს: ქართულად, ინგლისურად, რუსულად და იტალიურად.
მისი დებიუტი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის ივლისში შედგა. 2019 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ის ასევე მონაწილეობდა "ფიბას" 20 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად.
ახალგაზრდა სპორსტსმენი შტატებში ცხოვრობს. სანდრო სიმაღლეში 2 მეტრი და 6 სანტიმეტრია, წონით კი 109 კგ. როგორც ინსტაგრამის გვერდიდან გავარკვიეთ, უყვარს ტატუები და აქვს ჩაცმის გამორჩეული სტილი. უცხოურ მედიაში მამუკელაშვილის შეყვარებულზე ინფორმაცია არ იძებნება.
"ვიდრე ამერიკაში წავიდოდი, ასეთი აგრესიული არ ვიყავი. სათამაშო აგრესიას ვგულისხმობ. იქ მივხვდი, რომ არ შეიძლება იფიქრო - ეს ჩემი მეგობარია და ჩავაგდებინო. მოედანზე სხვა ადამიანი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემს საქმეს მე თუ არ გავაკეთებ, სათადარიგოთა სკამიდან ვინმე შემოვა და ის გააკეთებს. წყნარი თამაშით არაფერი გამოდის", - ამბობს სანდრო გაზეთ "ლელოსთან".