ავტორი:

პუტინის რეჟიმს შეწირულები: მკვლელობებისა და უჩვეულო ვითარებაში გარდაცვალების საიდუმლოებით მოცული ამბები - კრემლის კრიტიკოსები, რომლებიც "მოიშორეს"

პუტინის რეჟიმს შეწირულები: მკვლელობებისა და უჩვეულო ვითარებაში გარდაცვალების საიდუმლოებით მოცული ამბები - კრემლის კრიტიკოსები, რომლებიც "მოიშორეს"

დღეს უკვე აღარავის ერიდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის შედარება. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბევრის აზრით, სისასტიკით პუტინმა შესაძლოა, ჰიტლერს გადააჭარბა კიდეც.

რუსეთში მარტივი არ არის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა. კრემლის პოლიტიკის მიმართ ხმამაღალი კრიტიკა მკაცრად ისჯება. პუტინი ბავშვებსაც არ ინდობს. უკრაინაში ბავშვების მიმართ გამოვლენილ სისასტიკეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კრემლი დაუნდობელია რუსი ბავშვების მიმართაც. მთელმა მსოფლიომ ნახა შემზარავი კადრები, როგორ დააკავეს რუსეთში ის ბავშვები, რომლებმაც უკრაინელთა მხარდასაჭერად მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს.

შიში, რომელიც რუსი ადამიანების დიდ ნაწილშია, სწორედ ამ სისატიკეზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც პუტინი წლებია ატარებს. უკვე არაერთი შემთხვევაა, როდესაც პუტინისა და კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსებს საეჭვო ვითარებაში აღმოაჩენენ ხოლმე გარდაცვლილს და ასეთი საქმეების უმეტესობა გაუხსნელი რჩება.

პუტინის რეჟიმის მსხვერპლთა სია ვრცელია, ჩვენ რამდენიმე მათგანი გავიხსენოთ

  • ბორის ნემცოვი - 2015 წელი

1990-იან წლებში ბორის ნემცოვი პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკის ვარსკვლავი იყო. მას ახალგაზრდა რეფორმატორს უწოდებდნენ. იყო ვიცე პრემიერ-მინისტრი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა შესაძლო მომავალ პრეზიდენტად. თუმცა ასე არ მოხდა - პრეზიდენტის პოსტზე 2000 წელს ბორის ელცინი ვლადიმერ პუტინმა ჩაანაცვლა.

ნემცოვმა თავდაპირველად საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ არჩევანს, თუმცა შემდეგ, თანდათან უფრო და უფრო კრიტიკული ხდებოდა, რადგანაც პუტინის ხელისუფლებამ უკიდურესად შეზღუდა ადამიანის უფლებები. 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნემცოვი ხელმძღვანელობდა რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებს და მანვე ფარდა ახადა კორუფციას სახელისუფლებო წრეებში.

ოპოზიციის აქციების დროს, რუსულმა პოლიციამ ის რამდენჯერმე დააკავა. 2015 წლის თებერვალში ნემცოვი შეუერთდა რუსი სამხედროების წინააღმდეგ გამართულ მარშს, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების შეჭრის გაპროტესტებისკენ იყო მიმართული.

ის 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში მოკლეს. თავდამსხმელმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურგსა და თავში ოთხჯერ ესროლა. პუტინმა განაცხადა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმის გამოძიება "პირად კონტროლზე“ აიყვანა. მოგვიანებით დააკავეს ჩეჩნური წარმოშობის ზაურ დადაევი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ 4 პირს თანამონაწილეობისთვის 11-დან 19-წლამდე აღუკვეთეს თავისუფლება. თუმცა რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ მკვლელობის უკან სწორედ პუტინი დგას.

  • ბორის ბერეზოვსკი - 2013 წელი

ითვლება, რომ ბორის ბერეზოვსკიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პუტინის გაპრეზიდენტებაში. თავიდან მისი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა, ბერეზოვსკის გავლენები არ იყო ისეთი, როგორიც ადრე და ისეთი, როგორსაც იმედოვნებდა.

პუტინთან დაპირისპირების შემდეგ, ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჩამოაგდებდა. ასევე, ის ადანაშაულებდა კრემლს ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში, რომელიც იყო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და რომელიც 2009 წელს მოწამლეს.

2013 წელს ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში, თავის სახლში, სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს, თავდაპირველად, როცა დაზიანებები ყელის არეში აღმოუჩინეს, თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრობდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში, მისი გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს.

  • სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა - 2009 წელი

მარკელოვი ადვოკატი, ადამიანის უფლებადამცველი იყო, ის ძირითადად, ჩეჩენთა უფლებებს იცავდა. ასევე იცავდა იმ ჟურნალისტების უფლებებს, რომლებსაც პუტინის მიმართ კრიტიკული სტატიების დაწერის შემდეგ სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ. მათ შორის, "ნოვაია გაზეტას" რეპორტიორ, ანა პოლიტკოვსკაიას. რომელიც 2006 წელს მოკლეს.

მარკელოვს, კრემლთან ახლოს, შეიარაღებულმა ნიღბიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რაც შეეხება ანასტასია ბაბუროვას, ის "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი იყო, რომელსაც მაშინ ესროლეს, როცა მარკელოვის დახმარებას ცდილობდა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მკვლელობების უკან ნეონაცისტური ჯგუფი იდგა, რომლის ორი წევრიც მკვლელობის ბრალდებითაა მსჯავრდებული.

  • სერგეი მაგნიტსკი - 2009 წელი

ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ის მუშაობდა ამერიკელ ბიზნესმენ უილიამ ბრაუდერთან ერთად, რათა გამოეძია საგადასახადო თაღლითობის საქმე.

მაგნიტსკი დააკავეს მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინა მტკიცებულებები იმისა, რომ თაღლითური სქემის უკან პოლიციის თანამშრომლები იდგნენ. 2012 წელს, მაგნიტსკი სიკვდილის შემდეგ გაასამართლეს და ის გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს.

  • ნატალია ესტემიროვა - 2009 წელი

ნატალია ესტემიროვა იყო ჟურნალისტი, რომელიც ჩეჩნეთში გატაცებებისა და მკვლელობების საქმეებს იძიებდა. იქ პრორუსული ძალები სასტიკად არბევდნენ ადამიანებს და ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი იმ მუსლიმი მებრძოლების მოშორება იყო, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სხვადასხვა ტერორისტულ თავდასხმებზე.

ანა პოლიტკოვსკაიას მსგავსად, ესტემიროვაც წერდა, რომ რეალურად, პრორუსული ძალები არბევდნენ და სასტიკად ექცეოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ჟურნალისტი გაიტაცეს. რამდენჯერმე ესროლეს და მათ შორის თავში, რის შემდეგაც ცხედარი ახლომდებარე ტყეში გადააგდეს. მისი მკვლელობის გამო არავინ გაუსამართლებიათ.

  • ანა პოლიტკოვსკაია

ანა პოლიტკოვსკაია "ნოვაია გაზეტას“ რეპორტიორი იყო. ის თავის წიგნში "პუტინის რუსეთი“ კრემლის ლიდერს რუსეთის პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევაში ადანაშაულებდა. ბევრს წერდა ჩეჩნეთში ძალადობის ფაქტების შესახებ.

რეპორტიორს თავისივე კორპუსის ლიფტში ესროლეს. მკვლელობისთვის ხუთი მამაკაცი გაასამართლეს. მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომლისთვისაც დამკვეთმა 150 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა. დამკვეთის ვინაობა არ გამოვლენილა.

პუტინმა უარყო კრემლის მონაწილეობა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში და თქვა, რომ "მისი სიკვდილი უფრო ზიანს აყენებს ხელისუფლებას, როგორც რუსეთში, ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ვიდრე მისი საქმიანობა აყენებდა."

  • ალექსანდრე ლიტვინენკო

ალექსანდრე ლიტვინენკო კე-გე-ბეს ყოფილი აგენტი იყო, რომელიც მოწამლეს. ის დიდ ბრიტანეთში, სასტუმროში ფინჯანი ჩაის დალევის შემდეგ მოიწამლა და სამი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ორგანიზმში მომაკვდინებელი polonium-210 აღმოჩნდა. ლიტვინენკო რუსმა აგენტებმა ანდრეი ლუგოვოიმ და დმიტრი კოვტუნმა მოწამლეს, რომლებიც სავარაუდოდ, პუტინის ბრძანებით მოქმედებდნენ.

რუსეთმა მათ ექსტრადირებაზე უარი თქვა და უფრო მეტიც, 2015 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ლუგოვოის "სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის“ მედალი მიანიჭა.

რუსეთის უშიშროების სამსახურის დატოვების შემდეგ, ლიტვინენკო იყო პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსი. მოგვიანებით კი უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა 1999 წელს რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების სერიის ორგანიზებაში, რა დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ლიტვინენკო ასევე ადანაშაულებდა პუტინს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შეკვეთაში.