ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს. კოვიდ 19-ის გამო 2020 წელს ოლიმპიური თამაშები გადაიდო და ამიტომ ოლიმპიადა 2021 წელს ტარდება.
საქართველო წელს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში 35 სპორსტმენით წარსდგება, მათ შორის არის ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
სპორტსმენი ტოკიოდან საქართველოს დროშის ფერების ყაბალახში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მას გულშემატკივრები წარმატებებს უსურვებენ.
2020-2021 წლები რთული აღმოჩნდა ჩოგბურთელისთვის. ყოფილ ცოლთან დაწყებული სკანდალური სასამართლო პროცესის გამო ქართველი გულშემატკივრები ორ ბანაკად გაიყვნენ. ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა და ამ ეტაპზე ისევ მოწმეების გამოკვითხვით გრძელდება. სპორტსმენი კი 2020 წლის მაისში 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და მას შემდეგ სპორტში რამდენიმე ტიტული მოიპოვა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩოგბურთელს ჯერჯერობით არ ახლავს გერმანელი შეყვარებული, შარლოტა ელენა.
მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ შეხვედრაში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა იქნება. ჩოგბურთელს ესპანელთან დადებითი სტატისტიკა აქვს.
ისინი ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედნენ და ორჯერვე გამარჯვება ბასილაშვილმა მოიპოვა. 2015 წლის 9 აპრილს, ნეაპოლის ჩელენჯერზე ბასილაშვილმა მეტოქეს სამ სეტში 6:3, 2:6, 7:6 აჯობა, ხოლო 2018 წელს ანტალიაში უფრო იოლად, ორ სეტში იმარჯვა - 6:2. 6:3.
ამგვარად, ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში ფავორიტი იქნება. 24 ივლისს, თბილისის დროით დილის 6 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი ოლიმპიური თამაშების პირველ წრეს გადალახავს, 1/16-ფინალში იაპონელი ტარო დანიელისა და იტალიელი ლორენცო სონეგოს წყვილში საუკეთესოს გაეჯიბრება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2016 წელს ბრაზილიის ქალაქ რიოში გამართულ ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა, თუმცა, იქ პირველივე წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან დამარცხდა.