აშშ-ში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით 272 ათასამდე ადამიანი აიცრა. ამ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათი თქმით, რეალურად ამ დროისთვის ვაქცინაციის რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან აცრილთა რაოდენობის აღრიცხვა რამდენიმე დღის შემდეგ ხდება.
კერძოდ, ვაქცინის პროვაიდერებს 72-საათიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის უწყების ადგილობრივ წარმომადგენლობას მონაცემები მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტროს კი დამატებით 24 საათი აქვს, რომ აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს გადასცეს.
18 დეკემბერს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე ორი ვაქცინით ჩატარდება.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანელი პარტნიორის, BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა ასევე შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა უწყებამ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“დღემდე არსებულმა მონაცემებმა ყველა გამოკვლეულ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. მოზრდილებში მეორე ინექციიდან 7 დღეში დაცვის დონე 90%-ზე მეტია. ამასთან, ვაქცინა უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს”, - აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიას კომპანიებთან უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც ვაქცინის 3 მილიონი დოზის მიწოდებას ითვალისწინებენ. BioNTech-ის მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება 2020 წელს დაიწყება და 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებული აქვს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, მექსიკას, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს.
დიდ ქვეყნებმა კი უშველეს თავს,ჩვენ რა გვეშველება,ახლა ამბობენ მარტში იქნება ვაქცინა საქრთველოში მარტი გვიანი არ არის ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა,რაღაცა უნდა იღონოს მთავრობამ რომ ვაქცინა იანვრის ბოლოს მაინც იქნას ჩამოტანილი საქრთველოში ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება